ახალი ამბები

ქართველები და უკრაინელები ვენაში, რუსეთის საელჩოსთან, უკრაინის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ

27 ნოემბერი, 2018 • 2843
ქართველები და უკრაინელები ვენაში, რუსეთის საელჩოსთან, უკრაინის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, რუსეთის საელჩოს შენობასთან, ქართველებმა და უკრაინელებმა უკრაინის მხარდამჭერი აქცია გამართეს.

საქართველოსა და უკრაინის დროშებით, ასევე სხვადასხვა შინაარსის პლაკატებით, აქციის მონაწილეებმა გააპროტესტეს ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტი, რომლის დროსაც რუსეთის FSB-მ უკრაინულ გემებს ცეცხლი გაუხსნა და ხომალდები დააკავა.

აქციის მონაწილეების ტრანსპარანტებზე ეწერა: “რუსეთი უტევს უკრაინას”, “რუსეთო, დატოვე უკრაინა!”, “შეჩერდეს რუსული აგრესია!” და ა.შ.

შეკრებილებს სიმბოლურად ხელში ეჭირათ უკრაინის დროშის ფერებში შეღებილი ქაღალდის გემებიც.

გუშინ, 26 ნოემბერს, სოლიდარობის აქცია თბილისში, უკრაინის საელჩოსთანაც გაიმართა.

უკრაინის მხარდამჭერი აქცია რუსეთის საელჩოსთან, ვენაში. ფოტო: მარიამ თაყნიაშვილი უკრაინის მხარდამჭერი აქცია რუსეთის საელჩოსთან, ვენაში. ფოტო: სოფო თავდიდაშვილი უკრაინის მხარდამჭერი აქცია რუსეთის საელჩოსთან, ვენაში. ფოტო: სოფო თავდიდაშვილი

25 ნოემბერს რუსულმა მხარემ სამ უკრაინულ გემს ქერჩის სრუტესთან ახლოს, შავ ზღვაში, ცეცხლი გაუხსნა, ხომალდები კი დააკავა. ინციდენტის შედეგად, რუსეთის ცნობით, სამი უკრაინელი მეზღვაური დაშავდა, კიევის ინფორმაციით კი – 6.

ამის შემდეგ როგორც უკრაინის პრეზიდენტმა, ისე უმაღლესმა რადამ, მხარი დაუჭირეს ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადებას.

პარლამენტის გადაწყვეტილების თანახმად, საომარი მდგომარეობა 30 დღით გამოცხადდა ქვეყნის იმ ნაწილებში, რომელიც ყველაზე მეტად არის რუსეთის მხრიდან თავდასხმის საფრთხის ქვეშ.

ევროკავშირი და ნატო რუსეთს საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად ქერჩის სრუტეში თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებენ. ისინი შავ და აზოვის ზღვებში მიმდინარე მილიტარიზაციის პროცესს უკრაინის დამოუკიდებლობისა და რეგიონში სტაბილურობისთვის არსებულ საფრთხედ აფასებენ.

ნიკი ჰეილი, აშშ-ის ელჩი გაეროში, აცხადებს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის სამი ხომალდის დაკავება და მათ მიმართ ცეცხლის გახსნა “უკრაინის სუვერენული ტერიტორიის აღმაშფოთებელი დარღვევაა”.

უკრაინის რადამ მხარი დაუჭირა საომარი მდგომარეობის გამოცხადებას

მასალების გადაბეჭდვის წესი