ახალი ამბები

სოლიდარობა უკრაინას — აქცია თბილისში უკრაინის საელჩოსთან

26 ნოემბერი, 2018 • 2333
სოლიდარობა უკრაინას — აქცია თბილისში უკრაინის საელჩოსთან

26 ნოემბრის საღამოს თბილისში უკრაინის საელჩოსთან რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა უკრაინისთვის სოლიდარობის გამოსახატავად.

წინა დღეს, 25 ნოემბერს, რუსულმა მხარემ სამ უკრაინულ გემს ქერჩის სრუტესთან ახლოს, შავ ზღვაში, ცეცხლი გაუხსნა, ხომალდები კი დააკავა. ინციდენტის შედეგად, რუსეთის ცნობით, სამი უკრაინელი მეზღვაური დაშავდა, კიევის ინფორმაციით კი – 6.

აქციის ორგანიზატორების სიტყვებით, “რუსეთმა კიდევ ერთხელ დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები, თავს დაესხა სუვერენულ ქვეყანას და შავი ზღვის რეგიონში შექმნა საომარი სიტუაცია”.

აქციის ორგანიზატორი იყო მოძრაობა “რუსეთი ოკუპანტია”.

აქციის მიზანი იყო, სოლიდარობა გამოეცხადებინათ უკრაინისთვის და დაეგმოთ რუსეთის აგრესია.

“ჩვენ შევიკრიბეთ, რომ სოლიდარობა გამოვუცხადოთ მოძმე ქვეყანას. მოძმე არის არა მხოლოდ იმიტომ, რომ ერთად ვცდილობთ ინტეგრაციას დასავლეთში, არამედ იმიტომ, რომ მოხდა აგრესია რუსეთის მხრიდან, რაც არ არის უცხო ქართველებისთვის. უკრაინა იმავე აგრესიას განიცდის, რასაც ჩვენ დამოუკიდებლობის დღიდან მოყოლებული”, – უთხრა ნეტგაზეთს თორნიკე ნამიჭაშვილმა, აქციის მონაწილემ.

ევროკავშირი და ნატო რუსეთს საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად ქერჩის სრუტეში თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებენ. ისინი შავ და აზოვის ზღვებში მიმდინარე მილიტარიზაციის პროცესს უკრაინის დამოუკიდებლობისა და რეგიონში სტაბილურობისთვის არსებულ საფრთხედ აფასებენ.

ევროკავშირის შეფასებით, ქერჩის ხიდის მშენებლობა, რომელიც უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე მიმდინარეობდა, წარმოადგენს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის კიდევ ერთ მაგალითს. საერთაშორისო გაერთიანება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ არ აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის უკანონო ანექსიას.

ნახეთ დეტალები:

პოროშენკომ მხარი დაუჭირა საომარი მდგომარეობის გამოცხადებას უკრაინაში

მასალების გადაბეჭდვის წესი