ახალი ამბები

რუსეთის მიერ უკრაინული ხომალდების დაკავება აღმაშფოთებელი დარღვევაა — აშშ გაეროში

26 ნოემბერი, 2018 •
რუსეთის მიერ უკრაინული ხომალდების დაკავება აღმაშფოთებელი დარღვევაა — აშშ გაეროში

ნიკი ჰეილი, აშშ-ის ელჩი გაეროში, აცხადებს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის სამი ხომალდის დაკავება და მათ მიმართ ცეცხლის გახსნა “უკრაინის სუვერენული ტერიტორიის აღმაშფოთებელი დარღვევაა”, – იუწყება NPR.

მისივე თქმით, ეს არის “კიდევ ერთი უგუნური ესკალაცია რუსეთის მხრიდან”.

25 ნოემბერს რუსულმა მხარემ სამ უკრაინულ გემს ქერჩის სრუტესთან ახლოს, შავ ზღვაში, ცეცხლი გაუხსნა, ხომალდები კი დააკავა. ინციდენტის შედეგად, რუსეთის ცნობით, სამი უკრაინელი მეზღვაური დაშავდა, კიევის ინფორმაციით კი – 6

“საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების სახელით, რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს უკანონო ქმედებები და პატივი სცეს ყველა ქვეყნის სანავიგაციო უფლებებსა და თავისუფლებებს”, – განაცხადა ჰეილიმ გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე.

გაეროში აშშ-ის ელჩმა განაცხადა, რომ იგი ამერიკის ხელისუფლების უმაღლესი დონის სახელით ლაპარაკობს და მისი განცხადებები პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთანაა შეთანხმებული.


ევროკავშირი და ნატო რუსეთს საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად ქერჩის სრუტეში თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებენ. ისინი შავ და აზოვის ზღვებში მიმდინარე მილიტარიზაციის პროცესს უკრაინის დამოუკიდებლობისა და რეგიონში სტაბილურობისთვის არსებულ საფრთხედ აფასებენ.

უკრაინის პრეზიდენს სურს, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს. ამის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიიღო თავდაცვის კომიტეტმა, პარლამენტი კი დღეს განიხილავს ინიციატივას.

მასალების გადაბეჭდვის წესი