ნეტგაზეთი | უკრაინის რადამ მხარი დაუჭირა საომარი მდგომარეობის გამოცხადებას უკრაინის რადამ მხარი დაუჭირა საომარი მდგომარეობის გამოცხადებას – Netgazeti

უკრაინის რადამ მხარი დაუჭირა საომარი მდგომარეობის გამოცხადებას

უკრაინის უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადებას.

პარლამენტის გადაწყვეტილების თანახმად, საომარი მდგომარეობა 30 დღით ცხადდება ქვეყნის იმ ნაწილებში, რომელიც ყველაზე მეტად არის რუსეთის მხრიდან თავდასხმის საფრთხის ქვეშ.

რუსეთის მიერ უკრაინული გემებისთვის ცეცხლის გახსნისა და მათი დაკავების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მხარი დაუჭირა სამხედრო კაბინეტის შეთავაზებას უკრაინაში საომარო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ.

აღნიშნულს პარლამენტის მხარდაჭერაც სჭირდებოდა.  პარლამენტის სხდომა 26 ნოემბერს, კიევის დროით 16:00–ზე დაიწყო.

პოროშენკოს განცხადებით, საომარი მდგომარეობა არ ნიშნავს ომის გამოცხადებას, თუმცა ეს ნაბიჯი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას გააძლიერებს.

საომარი მდგომარეობა ძალაში 28 ნოემბერს შევა.

გადაწყვეტილებას პარლამენტის 276-მა წევრმა დაუჭირა მხარი.


25 ნოემბერს რუსულმა მხარემ სამ უკრაინულ გემს ქერჩის სრუტესთან ახლოს, შავ ზღვაში, ცეცხლი გაუხსნა, ხომალდები კი დააკავა. ინციდენტის შედეგად, რუსეთის ცნობით, სამი უკრაინელი მეზღვაური დაშავდა, კიევის ინფორმაციით კი – 6.

ევროკავშირი და ნატო რუსეთს საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად ქერჩის სრუტეში თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებენ. ისინი შავ და აზოვის ზღვებში მიმდინარე მილიტარიზაციის პროცესს უკრაინის დამოუკიდებლობისა და რეგიონში სტაბილურობისთვის არსებულ საფრთხედ აფასებენ.

ნიკი ჰეილი, აშშ-ის ელჩი გაეროში, აცხადებს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის სამი ხომალდის დაკავება და მათ მიმართ ცეცხლის გახსნა “უკრაინის სუვერენული ტერიტორიის აღმაშფოთებელი დარღვევაა”.

ფოტო: EPA-EFE/STEPAN FRANKO

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია - „ნეტგაზეთის“ რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან. მობ.: 995 555 223 568; ელ-ფოსტა: lukapertaia@gmail.com