“მე ამას [საფრთხეს რუსეთის მხრიდან] ვერ გამოვრიცხავ. რუსეთმა ცხადად დაგვანახა, რომ ის გადადგამს არალეგალურ ნაბიჯებს, რათა შეაჩეროს ქვეყნები, რომელთაც ევროპული კურსის გატარება სურთ. მათ ხელები გადაუგრიხეს სომხეთს, აშკარა სამხედრო ზეწოლა განახორციელეს საქართველოზე: მე თქვენს ორ ტერიტორიას ვგულისხმობ. აშკარაა, რომ უკრაინა ზეწოლის ქვეშაა. ამიტომ ეს არ არის ის, რასაც ვერ გამოვრიცხავ. ჩვენ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით ვაკვირდებით. შეშფოთებას გამოვთქვამთ და ვღელავთ იმასთან დაკავშირებით, ასრულებს თუ არა რუსეთი როლს ამ მოვლენებში. თუმცა საქართველო ძალიან ძლიერია, მოსახლეობის უმეტესობა ევროატლანტიკურ ინტეგრაციას უჭერს მხარს, ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ქვეყანა თავის გზიდან გადაუხვევს”, – აღნიშნა აპატურაიმ.

“ვერ ვხედავთ ვერანაირ ნიშნებს, რომლებიც ამ პროცესს, ასოცირების ხელშეკრულებას დადებას შეუქმნიდა პრობლემებს”, – ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა მიმდინარე კვირაში გერმანიის სახელმწიფო არხ ZDF-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
“როდესაც ჩვენი მთავრობა მოვიდა ხელისუფლებაში 2012 წელს, ჩვენ შევცვალეთ დამოკიდებულება და პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში. ჩემი წინამორბედის – სააკაშვილის პოლიტიკა რუსეთთან რადიკალური იყო, რამაც არ გაამართლა. ჩვენ რუსეთის ხელისუფლებას ვაჩვენეთ, რომ კონსტრუქციულები ვართ. მთელი რიგი სამუშაოები განვახორციელეთ, რომ ქვეყნებს შორის დაძაბულობა არ ყოფილიყო. რუსეთის ოფიციალური პოზიცია ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, რომელიც მათმა საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, შემდეგში მდგომარეობს: მათი მიზანი არ არის ჩაერიონ საქართველოს და ევროკავშირს შორის არსებულ პოლიტიკაში. ასე რომ, ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირ ნიშნებს, რომლებიც ამ პროცესს, ასოცირების ხელშეკრულებას დადებას, შეუქმნიდა პრობლემებს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.







