ახალი ამბები

როგორც ვიცი, Vivus-თან შეთანხმება მიღწეულია – მაჭავარიანი ვალების ჩამოწერის ინიციატივაზე

24 ნოემბერი, 2018 • 2247
როგორც ვიცი, Vivus-თან შეთანხმება მიღწეულია – მაჭავარიანი ვალების ჩამოწერის ინიციატივაზე

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია Vivus-სთან შავ სიაში მყოფი ადამიანების ვალების ჩამოწერაზე შეთანხმება შედგა. ამის შესახებ ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.

“…მიღწეულია შეთანხმება, მე როგორც ვიცი, ასევე Vivus-იც შემოუერთდება[ინიციატივას] და ერთ წელზე ხანდაზმული დავალიანებები და ის ადამიანები, რომლებიც ამ კრიტერიუმს აკმაყოფილებენ, ისარგებლებენ ამ ინიციატივის სიკეთეებით.

…მე მგონი, შედგა მოლაპარაკება, Vivus-იც ჩაერთო ამ საერთო ფერხულში და პრობლემები არ იქნება”, – აღნიშნა მან.

“ნეტგაზეთი” კომპანიის პასუხს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

მანამდე, 19 ნოემბერს, როცა მთავრობამ ვალების განულების ინიციატივა გაახმიანა, მაჭავარიანი აცხადებდა, რომ Vivus-თან, ამ საკითხზე, შეთანხმება ვერ შედგა.

საპასუხოდ, მიკროსაფინანსო კომპანიამ განმარტება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნავდა, რომ ფინანსთა სამინისტრო და ეროვნული ბანკი ვადაგასული სესხების პატიება-გამოსყიდვასთან დაკავშირებით მათ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ორი კვირის წინ დაუკავშირდა.

კომპანია ამბობდა, ფინანსთა სამინისტროც და ეროვნული ბანკიც მათ სთხოვდა, რომ გაეკეთებინათ შეთავაზება ვადაგასული სესხების პატიება-გამოსყიდვაზე, ხოლო ამ ორი კვირის განმავლობაში Vivus-მა ორჯერ გაუგზავნა სამინისტროს მონაცემები და პირობები მათი პორტფელის შესახებ, თუმცა პასუხი აღარ მიუღიათ.


საქართველოს ფინასთა მინისტრის 19 ნოემბრის განცხადების მიხედვით, 2018 წლის 3 დეკემბრისთვის მზად იქნება სპეციალური ვებსაიტი, საიდანაც მოქალაქეები შეძლებენ გაგებას, სესხების ჩამოჭრა მათ შეეხებათ თუ არა.

მინისტრის განმარტებით, 600 ათას ადამიანს, რომლებსაც ვალი ჩამოეჭრებათ, მათ გადასახდელ თანხას მთლიანად ფონდი “ქართუ” დაფარავს. როგორც მაჭავარიანი განმარტავს, ამ საკითხზე მოლაპარაკების რამდენიმე რაუნდი გაიმართა, რომელშიც ბანკებთან ერთად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და ონლაინ სესხის გამცემი კომპანიები მონაწილეობდნენ.

როგორ მაჭავარიანი ამბობს, შავ სიაში მოხვედრილი 700 ათასი ადამიანიდან სესხები ჩამოეჭრება 600 ათას ადამიანს, ანუ მათ, ვისი სესხის ძირი თანხა არ აღემატება 2 ათას ლარს. გარდა ამისა, სესხზე ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ უნდა იყოს შენატანი და მსესხებელი ირიცხებოდეს ე.წ. შავ სიაში.

ამავე თემაზე:

NGO-ები სესხებზე პრემიერის ინიციატივას ამომრჩევლის მოსყიდვად აფასებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი