ვალის ჩამოწერის პროცესი ონლაინ სესხების კომპანია Vivus-ის მომხმარებლებს არ შეეხებათ. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა. მისი თქმით, კომპანიასთან შეთანხმება ამ საკითხზე ვერ მოხდა:
“მოლაპარაკებების პროცესში Vivus იყო კომპანია, რომელმაც გაუგებარი მიზეზების გამო უარი განაცხადა ამ პროექტში მონაწილეობაზე,” – აცხადებს ივანე მაჭავარიანი.
როგორც მაჭავარიანი ირწმუნება, 1.5 მილიარდი ლარის ჩამოწერა 600 ათასი მოქალაქისთვის ფონდ “ქართუს” მხრიდან სოციალური პასუხისმგებლობის გამოვლენა იყო.
ე.წ. შავ სიაში დაფიქსირებულ ნახევარ მილიონზე მეტ პირს ვალები გაუნულდება – ბახტაძე
ამბის გაგრძელება:
მიკროსაფინანსო კომპანია Vivus-ი აცხადებს, რომ ფინანსთა სამინისტრო და ეროვნული ბანკი ვადაგასული სესხების პატიება-გამოსყიდვასთან დაკავშირებით მათ დაახლოებით ორი კვირის წინ დაუკავშირდა.
კომპანიის განცხადებით, ფინანსთა სამინისტროც და ეროვნული ბანკიც მათ სთხოვდა, რომ გაეკეთებინათ შეთავაზება ვადაგასული სესხების პატიება-გამოსყიდვაზე, ხოლო ამ ორი კვირის განმავლობაში Vivus-მა ორჯერ გაუგზავნა სამინისტროს მონაცემები და პირობები მათი პორტფელის შესახებ, თუმცა პასუხი აღარ მიუღიათ.
Vivus-ი აცხადებს, რომ დღესაც მზადაა, მათი კომპანიის მიერ გაჟღერებული პირობების ფარგლებში აწარმოოს მოლაპარაკება აღნიშნულ თემაზე.
Vivus: ვადაგასული სესხების ჩამოწერაზე მთავრობა 2 კვირის წინ დაგვიკავშირდა
შენიშვნა: მასალა შეიცვალა 19 ნოემბერს, 21:20 საათზე დაზუსტების მიზნით