ახალი ამბები

მარეგულირებელმა “ობიექტივი” 5 637 ლარით დააჯარიმა, “რუსთავი 2” კი გააფრთხილა

23 ნოემბერი, 2018 • 1529
მარეგულირებელმა “ობიექტივი” 5 637 ლარით დააჯარიმა, “რუსთავი 2” კი გააფრთხილა

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ “რუსთავი 2” წერილობით გააფრთხილა, “ობიექტივი” კი 5 637 ლარით დააჯარიმა. GNCC-ის ინფორმაციით,  “რუსთავი 2-მა” ცესკოს მიერ შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებამდე ეთერში პოლიტიკური რეკლამა განათავსა.

კომისიაში აცხადებენ, რომ კანონით ტელეკომპანიას  რეკლამის განთავსების უფლება არ ჰქონდა, რადგან ცესკოს მიერ ჯერ არ იყო დადგენილი მეორე ტურში რომელი კანდიდატები გადავიდნენ და როდის ჩატარდებოდა არჩევნების მე-2 ტური.

” მაუწყებლებს რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებამდე და მერე ტურის დანიშვნამდე პოლიტიკური რეკლამის განთავსების უფლება არ ჰქონდათ, 2018 წლის 30 ოქტომბერს კომისიის მიერ გაგზავნილი წერილით ეცნობათ. იმ შემთხვევაში, როდესაც პირველ ტურში ვერც ერთი კანდიდატი ვერ იღებს ხმების საჭირო რაოდენობას, კომისია მაუწყებლებს კანონით განსაზღვრულ ვალდებულებებს ახსენებს და წერილს უგზავნის. მიუხედავად აღნიშნული წერილის გაგზავნისა, “რუსთავი 2-მა” პოლიტიკური რეკლამა ეთერში მაინც განათავსა,” – წერია GNCC-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომისიის მტკიცებით, “რუსთავი 2-მა” არჩევნების მეორე ტურის თარიღის დასახელებამდე, 10 და 11 ნოემბერს, გრიგოლ ვაშაძის პოლიტიკური რეკლამა გაუშვა ეთერში. მარეგულირებელში ირწმუნებიან, რომ “რუსთავი 2-მა” რეკლამის განთავსებით “მაუწყებლობის შესახებ” კანონი დაარღვია. კომუნიკაციების ეროვნული ეროვნული კომისიის ინფორმაციით, ტელეკომპანიას  ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი დარღვევა არ ჰქონია, შესაბამისად, კომისია ის მხოლოდ წერილობით გააფრთხილა.

რაც შეეხება “ობიექტივს”, კომისიის ინფორმაციიით, 7 ნოემბერს ტელევიზიის ეთერში სოციალური რეკლამის სახით განთავსდა პოლიტიკური შინაარსის რეკლამა. მეტიც, სარეკლამო რგოლებში ისმოდა მოწოდება სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის შესახებ.

“ვინაიდან მაუწყებელმა სოციალური რეკლამის სტატუსით ეთერში გაავრცელა პოლიტიკური შინაარსის რეკლამა, რითაც მან დაარღვია “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტი და 63-ე მუხლის მე-2 პუნქტი. გამომდინარე იქედან, რომ “მედია-კავშირ ობიექტივს” ბოლო ერთი წლის განმავლობაში ანალოგიური დარღვევა უკვე ჰქონდა დაფიქსირებული მას ამჯერად ფინანსური ჯარიმა დაეკისრა,” – აცხადებენ მარეგულირებელში.

მასალების გადაბეჭდვის წესი