ახალი ამბები

პრემიერის წინასაარჩევნო ტურნე ქვემო ქართლში

5 ივნისი, 2014 •
პრემიერის წინასაარჩევნო ტურნე ქვემო ქართლში

ღარიბაშვილი დილით იმყოფებოდა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ გეურარხში, სადაც სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა.

 

სასათბურე მეურნეობის მფლობელის აბას მუსაევის თქმით, სათბური 1,7 ჰექტარ მიწის ფართობზეა აშენებული და მისი წარმადობა წელიწადში 300-400 ტონა ბოსტნეულს შეადგენს.

 

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ გეურარხში სასათბურე მეურნეობა ინდმეწარმე აბას მუსაევმა შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში მიღებული 250 000 აშშ დოლარის ოდენობის სესხის მეშვეობით მოაწყო. კრედიტის 13%-იანი საპროცენტო განაკვეთიდან 12%-ს „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო“ ფარავს, ხოლო მეწარმე მხოლოდ წლიურ 1%-ს იხდის.

 

ირაკლი ღარიბაშვილი მარნეულის კულტურის სახლში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

 

“მე ვიქნები იმის გარანტი, რომ არჩევნები თავისუფალ, ჯანსაღ გარემოში ჩატარდება და მარნეულს ეყოლება ხალხის მიერ არჩეული წინამძღოლი,” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა შეხვედრის დროს.

 

დღესვე ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისი-რუსთავის ავტობანის მშენებლობა დაათვალიერა, რომელიც 2015 წლის ბოლოს უნდა გაიხსნას. რეგიონული განვითარების მინისტრის, ელგუჯა ხოკრიშვილის განცხადებით, ახალი ავტომაგისტრალის დასრულების შემდეგ თბილისიდან რუსთავამდე მგზავრობას 15 წუთი დასჭირდება.

ავტომაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „სინოჰიდრო კორპორეიშენ ლიმიტედმა“ 22 აპრილს დაიწყო. მშენებლობა 17 თვეში უნდა დასრულდეს.

 

 

პრემიერ-მინისტრი, ასევე, ჩავიდა გარდაბანში, სადაც  კომბინირებული საკვების საწარმო GEOFEED-ი დაათვალიერა. როგორც საწარმოს მფლობელმა განაცხადა, ქარხანა 40 დასახელების უმაღლესი ხარისხის გრანულირებულ-კომბინირებულ საკვებს აწარმოებს.

 

GEOFEED-ი 2014 წლის თებერვალში გაიხსნა. შპს „ფარიდის“ მიერ საწარმოში განხორციელებულმა პირდაპირმა ინვესტიციამ 1.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. GEOFEED-ი პირუტყვის, ფრინველის და თევზის მოხმარებისთვის თვეში – 900, ხოლო წელიწადში საშუალოდ 11 000 ტონამდე 40 დასახელების უმაღლესი ხარისხის გრანულირებულ/კომბინირებულ საკვებს აწარმოებს. საწარმოში ამჟამად 26 ადამიანი მუშაობს.

დღის ბოლოს პრემიერ-მინისტრი რუსთავში ჩავიდა, სადაც ელექტრონული ნაკეთობების ქართულ-აზერბაიჯანული საწარმო „ეი ჯი ტელეკომი“ (AG telecom) დაათვალიერა, რომელიც 25 ივნისს გაიხსნება. როგორც კომპანიის ერთ-ერთმა მფლობელმა, მიხეილ ღლონტმა განაცხადა, ქარხნის მშენებლობა 2013 წელს, ქართველი და აზერბაიჯანელი ბიზნესმენების ერთობლივი ინვესტიციით დაიწყო. კომპანია „ეი ჯი ტელეკომის“ საწარმოში პირველ ეტაპზე 80-მდე ადამიანი დასაქმდება. საწარმო, ტექნოლოგიური შესაძლებლობების გათვალისწინებით საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ციფრული სერვერის, სმარტფონების, პლანშეტური კომპიუტერების, ელექტრონული პლანშეტური სახელმძღვანელოების და სპეციფიკური სამხედრო დანიშნულების ტექნიკის წარმოებას გეგმავს.

 

დღესვე რუსთავში ირაკლი ღარიბაშვილმა “ქართული ოცნების” გამგებლობის კანდიდატები წარადგინა ქვემო ქართლის რეგიონში. ესენი არიან: გარსევან ნიორაძე (გარდაბანი), მერაბ თოფჩიშვილი (მარნეული), გოგა მეშველიანი (ბოლნისი), გიორგი ბარბაქაძე (დმანისი), ილია საბაძე (წალკა), ბესიკ წიკლაური (თეთრიწყარო).  

საქართველოს პრემიერი წინასაარჩევნო რეგიონული ტურნეს ფარგლებში უკვე იმყოფებოდა იმერეთში, სამეგრელოში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, გურიაში.

ღარიბაშვილი სასათბურე მეურნეობაში, მარნეული, 5/06/2014
ღარიბაშვილი სასათბურე მეურნეობაში, მარნეული, 5/06/2014

მასალების გადაბეჭდვის წესი