ახალი ამბები

სახალხო დამცველი შეისწავლის, რა კავშირი აქვს ხანძარს “იმედის ფესტივალთან”

4 ივნისი, 2014 •
სახალხო დამცველი შეისწავლის, რა კავშირი აქვს ხანძარს “იმედის ფესტივალთან”

“ჩვენ დაწყებული გვაქვს ამ საქმის შესწავლა, შემოტანილი არის განცხადება, ჩვენი წარმოამდგენლებიც იყვნენ ორგანიზატორებთან, მე პირადად შევხვდი ფესტივალის ორგანიზატორებს, შესაბამის დასკვნას უახლოეს დღეებში სახალხო დამცველის ოფისი წარმოადგენს. წინასწარ ვიცი, რომ არის პრობლემები არა მხოლოდ დარბაზთან, არამედ სარეკლამო კომპანია outdoor–თანაც, რამაც პრობლემები შექმნა”, – აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

 

სპორტის სასახლეში გუშინ, 3 ივნისს გაჩენილი ხანძრის გამო ფესტივალის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ღონისძიება სავარაუდოდ სასახლეში ვეღარ გაიმართება. როგორც “ნეტგაზეთს” შსს–ში განუცხადეს, ხანძრის გაჩენის საკითხზე შინაგან საქმეთა სამინსიტროს გამოძიება არ დაუწყია.

 

საევანგელიზაციო ღონისძიების გამართვა სპორტის სასახლეში 6–8 ივნისს იყო დაგეგმილი. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა ბილი გრემის ევანგელისტური ასოციაციის (BGEA) დირექტორთან ფრანკლინ გრემთან.

 

აღნიშნულ ფესტივალთან დაკავშირებით 2 ივნისს განცხადება გააკეთა თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი გაბედავამ, რომელმაც განაცხადა, რომ ფესტივალს ეწინააღმდეგება და გამართვის შემთხვევაში სირცხვილის დერეფნების მოწყობას გეგმავს.

 

ფესტივალთან დაკავშირებით 30 მაისს განცხადება გაავრცელა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომაც, რომელშიც ნათქვამია:

 

“მასმედიის და ბილბორდების საშუალებით ვრცელდება ინფორმაცია თბილისში, სპორტის სასახლეში ა.წ. 6-7-8 ივნისს დაგეგმილი ღონისძიების შესახებ, რომელსაც ორმოცდაათიანელთა რელიგიური ორგანიზაცია ატარებს და ჩამოყავთ ორმოცდაათიანელთა რელიგიური მიმდინარეობის ცნობილი მქადაგებლის, ბილი გრემის შვილი, ფრანკლინი. ამ ფაქტთან დაკავშირებით ასევე ვრცელდება არასწორი აზრი, თითქოს აღნიშნული ფესტივალის ერთ-ერთი ინიციატორი არის საქართველოს საპატრიარქო, რაც მრევლში სერიოზულ გაურკვევლობას იწვევს . როგორც აღვნიშნეთ, ღირსი ფრანკლინ გრემის ჩამოსვლა არის ორმოცდაათიანელთა რელიგიური მიმდინარეობის მიერ მოწყობილი და ამ ღონისძიებასთან საქართველოს საპატრიარქოს კავშირი არ აქვს.”

 

იმედის ფესტიავლი
იმედის ფესტიავლი

მასალების გადაბეჭდვის წესი