ახალი ამბები

რას ჰპირდებიან თბილისის მერობის კანდიდატები ფეხით მოსიარულეებს

28 მაისი, 2014 • • 1842
რას ჰპირდებიან თბილისის მერობის კანდიდატები ფეხით მოსიარულეებს

მერობის კანდიდატების პროგრამებში ქვეითთა უფლებების დაცვა ინფრასტუქტური მოწესრიგებაზე გადის:


თბილისის მერობის კანდიდატები
თბილისის მერობის კანდიდატები

 

“ქალაქში ქვეითად გადაადგილების უსაფრთხოებისა და კომფორტის გასაუმჯობესებლად აუცილებელია, პირველ ყოვლისა, ქვეითად მოსიარულეთათვის ბილიკების მოწესრიგება. ამასთან, ტროტუარები ეტაპობრივად უნდა გათავისუფლდეს ავტომანქანების პარკირებისგან. უნდა მოწესრიგდეს შუქნიშნები ქვეითად მოსიარულეთათვის. ასევე, იგეგმება უსინათლოთათვის ხმოვანი შუქნიშნების გაკეთება, შშმ პირებისთვის ბილიკებისა და ბორდიურების ადაპტირება. შემუშავდება ქუჩების ნუმერაციისა და მაჩვენებლების ტექნიკური პარამეტრები, რომელიც ქვეითად მოსიარულეებისათვის მარტივად გასაგები და დასამახსოვრებელი იქნება და მათ პოზიტიურ განწყობას შეუქმნის”, – ამბობს დავით ნარმანია მერობის კანდიდატი კოალიცია “ქართული ოცნებიდან”.

 

დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით კი, “დღეს ქვეითთათვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა (ტროტუარები) დაკავებული აქვს დედაქალაქის პარკინგის ოპერატორ კომპანიას, სხვადასხვა მოცულობის არქიტექტურულ ფორმებს  და გარე მოვაჭრეებს”.

“ტროტუარები უნდა დაუბრუნდეს ქვეითს”, – აღნიშნავს ლორთქიფანიძე.

 

 

ნიკა მელია აცხადებს, რომ მის პროგრამაში ადგილი ველობილიკების მშენებლობასაც ეთმობა:

 

“თანამედროვე ევროპული ქალაქების ინფრასტრუქტურული განვითარება ფეხით მოსიარულე ადამიანებზეა ორიენტირებული. თბილისიც ქვეითად მოსიარულეთა ქალაქად უნდა ვაქციოთ. დღეს თბილისში 30 000 პარკინგის ადგილია და მათი უმეტესობა ქუჩის ან ტროტუარის ნაწილს იკავებს. ეს დიდი პრობლემაა. საჭიროა ტროტუარების გათავისუფლება მანქანებისაგან, რაც 70 000 ახალი სამანქანო სადგომის მოწყობას ნიშნავს. სამშენებლო ნებართვის გაცემისას უნდა გამკაცრდეს შესაბამისი რაოდენობის მანქანაზე პარკინგის მოთხოვნა. პარალელურად, ქალაქში შეიქმნება ველობილიკები და გატარდება ღონისძიებები ველოსიპედით მოძრაობის გამარტივებისთვის”, – აღნიშნავს ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ნიკა მელია.

“თბილისის გენერალური განვითარების გეგმის პრიორიტეტები იქნება: დაცული და გამწვანებული ტერიტორიების, ღია საზოგადოებრივი სივრცეების განვითარება, ძველი თბილისის იერსახის შენარჩუნება, ფეხით მოსიარულეთა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრიორიტეტი, ინფრასტრუქტურის პოზიტიური ეფექტის უზრუნველყოფა იმ ტერიტორიისთვის, სადაც ის არის განთავსებული”, – ასე უპასუხა ქვეითთა გადაადგილების თაობაზე დასმულ კითხვას არასაპარლამენტო ოპოზიციის კანდიდატმა კახა კუკავამ.

ლეიბორისტული პარტიის კანდიდატი ასმათ ტყაბლაძე მხოლოდ ერთი წინადადებით შემოიფარგლა:

 

“ქუჩების საგზაო ნიშნებით და შუქნიშნებით აღჭურვა, ახალი მიწისქვეშა გადასასვლელების მშენებლობა”.

“ქალაქში ქვეითთა გადაადგილების უსაფრთხოებისა და კომფორტის გასაუმჯობესებლად ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს არა მარტო გზების ხარისხის ამაღლება, არამედ ტროტუარების კეთილმოწყობა და შუქნიშნების სისტემის გამართულად მუშაობისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფა”, – აღნიშნავს მიხეილ-გელა სალუაშვილი, თბილისის მერობის კანდიდატი პარტია “უფალია ჩვენი საიმართლე”-დან.

მასალების გადაბეჭდვის წესი