ახალი ამბები

ღარიბაშვილი: ე.წ. გასაღები არ უნდა იყოს მობილური ოპერატორის ხელში

4 ივნისი, 2014 •
ღარიბაშვილი: ე.წ. გასაღები არ უნდა იყოს მობილური ოპერატორის ხელში

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, მის მთავრობას აქვს სურვილი და რეალური მოტივაცია, რომ ააშენოს ძლიერი სახელმწიფო ძლიერი ინსტიტუტებით:

 

“და ასეთ ძლიერ სახელმწიფოში უნდა იყოს ძლიერ დონეზე დაცული უსაფრთხოება. ამ ეტაპზე მე მიმაჩნია, რომ ეს ე.წ. გასაღები არ უნდა იყოს მობილური ოპერატორის ხელში. არსებობს სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხები, რომელზეც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ სახელწმიფო სტრუქტურები და უნდა გავითვალისწინოთ ის საფრთხეები, რაც მათი შეფასებით მომდინარეობს ამა თუ იმ კუთხიდან.

 

ჩვენ მაქსიმალურად დაბალანსებულ მექანიზმს გავაკეთებთ, რაც, ერთი მხრივ, გამორიცხავს უკანონო მოსმენებს და მეორე მხრივ, უსაფრთხოებას დავიცავთ. ამ ოქროს ბალანსს მოვძებნით ისე, რომ არ შეილახოს სახელმწიფოს ინტერესები და არ უნდა შესუსტდეს სახელმწიფოს უსაფრთხოება”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

 

29 მაისს პარლამენტმა პირველი მოსმენით, 97 ხმით არც ერთის წინააღმდეგ მიიღო კანონპროექტი “საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებები.” აღნიშნული კანონპროექტით, ფარული მოსმენა განზრახ, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში იქნება დასაშვები, თუმცა ჯერჯერობით გარკვეული არ არის, ვის ექნება პერსონალურ მონაცემებზე წვდომის გასაღები – იქნება ეს მობილური კომპანიები, სასამართლო, თუ რაიმე დამოუკიდებელი ორგანო. აღნიშნულ საკითხებზე სპეციალურმა კომისიამ უნდა შეიმუშაოს რეკომენდაციები.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს, 4 ივნისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თბილისში, “ექსპო ჯორჯიაში” ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენციას მართავს. ეს პრემიერის რანგში ღარიბაშვილის რიგით მეორე პრესკონფერენციაა. დღევანდელ პრესკონფერენციას პრემიერის პრესსამსახურის ნაცვლად მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე უწევს მოდერირებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი