ახალი ამბები

“იმედის ფესტივალი” სავარაუდოდ სპორტის სასახლეში ვეღარ ჩატარდება

3 ივნისი, 2014 •
“იმედის ფესტივალი” სავარაუდოდ სპორტის სასახლეში ვეღარ ჩატარდება

“კონკრეტულად ჩვენი ნივთები ხანძრის შედეგად არ დაზიანებულა, მაგრამ ფაქტია, რომ რაც მოხდა, იქიდან გამომდინარე ჩვენ ღონისძიებას ამ ეტაპზე ვერ ჩავატარებთ. როგორც გვითხრეს, აღდგენას დრო ჭირდება და ჩვენ ვერ ვახერხებთ დროის გადაწევას სხვადასხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, ამიტომ ვეძებთ ალტერნატიულ გზებს, სად და როგორ ჩავატაროთ ღონისძიება”, – აცხადებს ლელა ხონელიძე.

 

მისი თქმით, ხანძრის მიზეზებზე საუბრისგან გამოძიების დასრულებამდე ფესტივალის ორგანიზატორები თავს იკავებენ, თუმცა ეჭვები არსებობს:

 

“ჩვენ ვერ ვიჯერებთ, რომ ეს არ იყო დაგეგმილი, თუმცა შესაძლებელია, რომ ეს ყოფილიყო შემთხვევითი. დაიწვა მხოლოდ იმდენი და დაზიანდა მხოლოდ იმდენი, რაც გამოიწვევდა იმას, რომ ღონისძიება არ ჩატარებულიყო. მასშტაბური ზარალი არ არის, უბრალოდ, არის დეტალები, რომლებიც კითხვებს ბადებს და ეჭვს იწვევს”, – აცხადებს ლელა ხონელიძე.

 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება არ დაწყებულა. 

 

საევანგელიზაციო ღონისძიების გამართვა სპორტის სასახლეში 6–8 ივნისს იყო დაგეგმილი. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა ბილი გრემის ევანგელისტური ასოციაციის (BGEA) დირექტორთან ფრანკლინ გრემთან.

 

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ფესტივალთან დაკავშირებით გუშინ, 2 ივნისს განცხადება გააკეთა თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი გაბედავამ, რომელმაც განაცხადა, რომ ფესტივალს ეწინააღმდეგება და სირცხვილის დერეფნების მოწყობას გეგმავს.

ფესტივალთან დაკავშირებით 30 მაისს განცხადება გაავრცელა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ, რომელშიც ნათქვამია:

 

“მასმედიის და ბილბორდების საშუალებით ვრცელდება ინფორმაცია თბილისში, სპორტის სასახლეში ა.წ. 6-7-8 ივნისს დაგეგმილი ღონისძიების შესახებ, რომელსაც ორმოცდაათიანელთა რელიგიური ორგანიზაცია ატარებს და ჩამოყავთ ორმოცდაათიანელთა რელიგიური მიმდინარეობის ცნობილი მქადაგებლის, ბილი გრემის შვილი, ფრანკლინი. ამ ფაქტთან დაკავშირებით ასევე ვრცელდება არასწორი აზრი, თითქოს აღნიშნული ფესტივალის ერთ-ერთი ინიციატორი არის საქართველოს საპატრიარქო, რაც მრევლში სერიოზულ გაურკვევლობას იწვევს . როგორც აღვნიშნეთ, ღირსი ფრანკლინ გრემის ჩამოსვლა არის ორმოცდაათიანელთა რელიგიური მიმდინარეობის მიერ მოწყობილი და ამ ღონისძიებასთან საქართველოს საპატრიარქოს კავშირი არ აქვს.”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი