ახალი ამბები

“იმედის ფესტივალის” მონაწილეებს დაცვის თვალსაზრისით სახელმწიფოს იმედი აქვთ

2 ივნისი, 2014 •
“იმედის ფესტივალის” მონაწილეებს დაცვის თვალსაზრისით სახელმწიფოს იმედი აქვთ

როგორც ფესტივალის პიარ–მენეჯერი ლელა ხონელიძე ამბობს, რომ ყველა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურა მათ საქმის კურსში უკვე ჩააყენეს:

 

სპორტის სასახლეში დაგეგმილი საევანგელიზაციო ღონისძიების – “იმედის ფესტივალის” მონაწილეებს დაცვის თვალსაზრისით სახელმწიფოს იმედი აქვთ.

 

“ჩვენ სახელმწიფო საქმის კურსში ჩავაყენეთ. ყველა შესაბამისი უწყება, პრეზიდენტიდან დაწყებული ყველა სახელისუფლებო რგოლი, ყველა საქმის კურსშია და დაცვის თვალსაზრისით, ვფიქრობთ, გვექნება სახელმწიფოს მხარდაჭერა”, – აცხადებს ლელა ხონელიძე.

მისივე თქმით, ფესტივალი, რომელიც 100–ზე მეტ ქვეყანაში ჩატარებულა, საქართველოში პირველად იმართება:

“ფესტივალის ორგანიზატორები არიან “იმედის საერთაშორისო ფესტივალი”, რომელიც საქართველოშია რეგსიტრირებული, ბილი გრემის ასოციაცია და საქართველოში არსებული ქრისტიანული კონფესიები, 150 მცირე, საშუალო და პატარა გაერთიანება. ამ გაერთიანების მოწვევით ჩამოდის ფრანკლინ გრემი. არა ფრანკლინ გრემი იყო ინიციატორი, არამედ საქართველოში არსებულ რელიგიებს გაუჩნდათ სურვილი, რომ გამოეხატათ ეს თხოვნა. ეს ტურნე ტარდება ყოველ წელიწადს, წელიწადში რამდენიმე ადგილზე ერთდროულად. აქ როდესაც ჩატარდება, პარალელურად 5 თუ 6 ქვეყანაში ტარდება. 100–ზე მეტ ქვეყანაში უვკე ჩატარებულა ეს ფესტივალი, არ არის რაღაც ახალი”, – ამბობს ლელა ხონელიძე.

მისივე განცხადებით, ფესტივალის ჩატარების თაობაზე საქმის კურსში იყო საქართველოს საპატრიარქო:

“ჩვენ ინფორმაცია მივაწოდეთ საპატრიარქოს, როგორც დომინანტ, პატივსაცემ რელიგიას, თუმცა ჩვენთვის გაუგებარია, რატომ გაჟღერდა მათი მხრიდან განცხადებაში 50–იანელი, რადგან არაერთი განცხადება შევიდა საპატრიარქოში, სადაც ჩვენ ცალსახად ვამბობდით, ვინ არის ორგანიზატორი ფესტივალის და ვინ კურირებს ამ ყველაფერს”, – აცხადებს ლელა ხონელიძე.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ფესტივალთან დაკავშირებით დღეს განცხადება გააკეთა თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი გაბედავამ, რომელმაც განაცხადა, რომ ფესტივალს ეწინააღმდეგება და სირცხვილის დერეფნების მოწყობას გეგმავს.

ფესტივალთან დაკავშირებით 30 მაისს განცხადება გაავრცელა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ, რომელშიც ნათქვამია:

 

“მასმედიის და ბილბორდების საშუალებით ვრცელდება ინფორმაცია თბილისში, სპორტის სასახლეში ა.წ. 6-7-8 ივნისს დაგეგმილი ღონისძიების შესახებ, რომელსაც ორმოცდაათიანელთა რელიგიური ორგანიზაცია ატარებს და ჩამოყავთ ორმოცდაათიანელთა რელიგიური მიმდინარეობის ცნობილი მქადაგებლის, ბილი გრემის შვილი, ფრანკლინი. ამ ფაქტთან დაკავშირებით ასევე ვრცელდება არასწორი აზრი, თითქოს აღნიშნული ფესტივალის ერთ-ერთი ინიციატორი არის საქართველოს საპატრიარქო, რაც მრევლში სერიოზულ გაურკვევლობას იწვევს . როგორც აღვნიშნეთ, ღირსი ფრანკლინ გრემის ჩამოსვლა არის ორმოცდაათიანელთა რელიგიური მიმდინარეობის მიერ მოწყობილი და ამ ღონისძიებასთან საქართველოს საპატრიარქოს კავშირი არ აქვს.”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი