ახალი ამბები

სახალხო დამცველი ფარული მიყურადების თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს

30 მაისი, 2014 •
სახალხო დამცველი ფარული მიყურადების თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს

კონკრეტულად კი ომბუდსმენი „ოპერატიულ–სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ დებულებების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს, რომელიც სამართალდამცავ ორგანოებს კავშირგაბმულობისა და კომუნიკაციის ფიზიკურ ხაზებთან, მაილსერვერებთან, კავშირგაბმულობის ქსელებთან და კავშირგაბმულობის სხვა შემაერთებლებთან მუდმივი მიერთების, აგრეთვე, სათანადო აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების განთავსება-მონტაჟის და კავშირგაბმულობის არხში არსებულ მონაცემთა ბანკების კოპირების შესაძლებლობას აძლევს.

 

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ე.წ. „მუდმივი მიერთება“, სათანადო აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის მონტაჟი და საინფორმაციო ბანკების კოპირების შეუზღუდავი უფლება გულისხმობს იმის შესაძლებლობას, რომ შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს გააჩნიათ კონსტიტუციურ–სამართლებრივი რეგულირებისა და დაცვის სივრციდან გასული და შეუზღუდავი უფლება, მუდმივად მიუწვდებოდეთ ხელი კომუნიკაციის და პირადი მონაცემების დაცულ სფეროზე, ანუ, პირადი მონაცემების შემცველ ინფორმაციაზე და ახორციელებენ მის მუდმივ მონიტორინგს, ვინაიდან კანონი არ ითვალისწინებს რაიმე სახის კონტროლის ან ამ ძალაუფლების შეზღუდვის მექანიზმს.

 

“სადავო ნორმით დაცული არ არის ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შეზღუდვისადმი კონსტიტუციით დადგენილი მოთხოვნები. კერძოდ, „ოპერატიულ–სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–14 მუხლის სადავო დებულებებიდან ირკვევა, რომ ზემოაღნიშნული ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიებები არ საჭიროებს სასამართლოს სანქციას. კანონი ასევე არ უთითებს ოპერატიული ორგანოების მიერ ზემოაღნიშნული უფლებამოსილებების მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის რეჟიმში გამოყენების თაობაზე, რაც სახალხო დამცველის აზრით წარმოადგენს ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევას და წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე–20 მუხლის პირველ პუნქტთან”, – აღნიშნულია სახალხო დამცველის სარჩელში.

 

საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება საქართველოს პარლამენტის ძალისხმევას, ახლებურად დაარეგულიროს ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებული დებულებები.


“თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქართველოს პარლამენტი მიიღებს ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებულ ცვლილებათა პაკეტს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი”, – აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.

უჩა ნანუაშვილი
უჩა ნანუაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი