ახალი ამბები

გიგაური: პარლამენტმა ვერ გაბედა ფარული მიყურადების “გასაღები” მობილური ოპერატორებისთვის გადაეცა

30 მაისი, 2014 • • 938
გიგაური: პარლამენტმა ვერ გაბედა ფარული მიყურადების “გასაღები” მობილური ოპერატორებისთვის გადაეცა

“ჩვენთვის, კამპანიის მონაწილე ორგანიზაციებისთვის მთავარი ორი პრიორიტეტი იყო. ერთი, რომ პირდაპირი წვდომა აკრძალულიყო სამართალდამცავი უწყებებისთვის იმიტომ, რომ წლების განმავლობაში, როდესაც იქმნებოდა არქივები, მათში ჩანაწერები იქმნებოდა სწორედ იმ საშუალებებით, რომ სამართალდამცავ უწყებებს ჰქონდათ პირდაპირი წვდომა ჩვენს სატელეფონო საუბრებამდე. ეს იყო არალეგალური ჩაწერები, რომლებსაც სამართალდამცავი უწყებები ახორციელებდნენ უფლებამოსილების გადამეტების საფუძველზე.

 

მეორე ამოცანა იყო ჩვენი კანონმდებლობის დარეგულირება მაშინ, როდესაც უკვე სამართალდამცავი უწყება მიმართავს სასამართლოს, სასამართლოდან მიიღებს  და უკვე განახორციელებს ლეგალურ თვალთვალსა და მიყურადებას და ამის შემდეგ უკვე  რა ხდება, ანუ რა შემთხვევებში შეიძლება, რომ სამართლადამცავებმა მიმართონ სასამართლოს და ჩვენ დავწერეთ, რომ ეს უნდა ყოფილიყო უკიდურესი ზომა და მხოლოდ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების გამოძიების დროს”, – აცხადებს ეკა გიგაური.

ეკა გიგაური
ეკა გიგაური

 

მისივე განმარტებით, კამპანია “ეს შენ გეხებაში” მონაწილე ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია კანონში გაიწეროს, როგორ უნდა განადგურდეს  შემდეგ უკვე მოპოვებული კადრები:

 

“ასევე გარე მონიტორინგის მექანიზმებზე ვსაუბრობდით და ვზრდიდით პერსონალური ინფორმაციის დაცვის ინსპექტორის უფლებამოსილებებს. მაგრამ ეს ყველაფერი ხდებოდა, როდესაც მიმდინარეობდა ე.წ. ლეგალური ჩაწერა, როდესაც მოსამართლემ იცის და, შესაბამისად, როგორ იქცევიან სამართალდამცავი უწყებები, ჩვენ უკვე ამას ვარეგულირებდით. ზუსტად ეს ნაწილი იქნა მიღებული, ანუ მეორე ამოცანას ჩვენ მივაღწიეთ, თუმცა პირველი, რომელიც იყო ყველაზე პრობლემატური და რომელზეც შსს, სამართალდამცავი უწყებები გვეწინააღმდეგებოდნენ, სამწუხაროა, რომ ამას ვერ მივაღწიეთ იმიტომ, რომ პარლამენტი, სამწუხაროდ, არ იყო მზად, რომ მიეღო ძალიან გაბედული პოლიტიკური გადაწყვეტილება იმისა, რომ უბრალოდ ჩაეჭრათ ეს პირდაპირი ხაზი და გადაეცათ ე.წ. გასაღები მობილური ოპერატორებისთვის, რაც არის ევროპული არჩევანი, ევროპული მოდელი და ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა, რომ ეს გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული”, – აცხადებს ეკა გიგაური.


29 მაისს პარლამენტმა პირველი მოსმენით, 97 ხმით არც ერთის წინააღმდეგ მიიღო კანონპროექტი “საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებები.” აღნიშნული კანონპროექტით, ფარული მოსმენა განზრახ, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში იქნება დასაშვები, თუმცა ჯერჯერობით გარკვეული არ არის, ვის ექნება პერსონალურ მონაცემებზე წვდომის გასაღები – იქნება ეს მობილური კომპანიები, სასამართლო, თუ რაიმე დამოუკიდებელი ორგანო. აღნიშნულ საკითხებზე სპეციალურმა კომისიამ უნდა შეიმუშაოს რეკომენდაციები

 

“გარდამავალი დებულების მიხედვით იქმნება სპეციალური კომისია, რომელიც დაადგენს, უნდა ჰქონდეს თუ არა ე.წ. გასაღები სამართალდამცავ უწყებებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ კომისიაში უბრალოდ იქნება კამათი ამასთან დაკავშირებით და, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამას არ დათმობს და ყველანაირ არგუმენტს მოიყვანს იმისთვის, რომ ამ დათმობაზე არ წავიდეს. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ასე ადვილად ამ გასაღების გადატანა არც შეიძლება, ანუ არ შეიძლება ერთ წუთს ჩაიჭრას ეს ყველაფერი და ამისთვის მზადება არ იქნას, მაგრამ ჩვენი მკაფიო გზავნილი იყო ის, რომ ჩვენ დღეს ეს გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ და რამდენიმე თვის შემდეგ უკვე მოვემზადოთ და გადავიდეთ ამ სისტემაზე. თუმცა ამაზეც არ დაგვთანხმდნენ სამართალდამცავი უწყებები”, – აცხადებს ეკა გიგაური.

მასალების გადაბეჭდვის წესი