ახალი ამბები

პატრას სასამართლოს გადაწყვეტილებით დათა ახალაია საბერძნეთს ვერ დატოვებს

29 მაისი, 2014 • • 1751
პატრას სასამართლოს გადაწყვეტილებით დათა ახალაია საბერძნეთს ვერ დატოვებს

ამის შესახებ საქრთველოს მთავარი პროკურატურა ამ საკითხზე სპეცილურ განცახდებას ავრცელებს:  

 

“2014 წლის 29 მაისს საბერძნეთის რესპუბლიკის პატრას სააპელაციო სასამართლოში ჩატარდა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი დავით ახალაიას საქართველოში ექსტრადიციის საკითხის არსებითი განხილვის მორიგი სხდომა. სასამართლოს გადაწყვეტილებით პატრას პროკურატურას დაევალა საქართველოს კომპეტენტური ორგანოებიდან დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვა, რაც უზრუნველყოფილ იქნება საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ საბერძნეთის მხარის მიერ დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ შესაბამისი დოკუმენტის მიღების შემდეგ. ამასთან, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება დავით ახალაიას მიმართ გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობის გირაოთი შეცვლის შესახებ. გირაოს თანხად განისაზღვრა 100 000 ევრო. გარდა ამისა, დავით ახალაიას აეკრძალა საბერძნეთის რესპუბლიკის ტერიტორიის დატოვება და დაეკისრა ვალდებულება კვირაში ერთხელ გამოცხადდეს შესაბამის პოლიციის ორგანოში, სანამ საბერძნეთის სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას დავით ახალაიას ექსტრადიციის შესახებ”– ნათქვამია განცხადებაში.  

 

დათა ახალაია
დათა ახალაია

მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ დავით ახალაიას საქართველოში ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილება საბერძნეთის რესპუბლიკის პატრას სააპელაციო სასამართლოს არ მიუღია.

 

საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ექსტრადიციის საკითხის განხილვა გაგრძელდება საბერძნეთის მხარისთვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდების შემდეგ.

 

როგორც ახალაიას ბერძენი ადვოკატი “რუსთავი 2”-თან აცხადებს, დათა ახალაია გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება და მას საბერძნეთის ტერიტორიის დატოვების უფლება არ ექნება. ხოლო შემდეგი სასამართლო სხდომა 2 თვეში გაიმართება.

 

ბერძნული მედიაგამოცემის, patrastimes.gr-ის ინფორმაციით, საბერძნეთში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი დათა ახალაია 2014 წლის თებერვალში დააკავეს ყალბი ტურისტული საბუთის დამზადების ბრალდებით. საქართველოში მის წინააღმდეგ გამოძიება რამდენიმე მუხლის მიხედვითაა დაწყებული. 

 

დათა ახალაია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დამნაშავედ ცნო და ამნისტიის გათვალისწინებით 3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა 2014 წლის 3 აპრილს მიუსაჯა.

 

გარდა ამისა, დათა ახალაიას ბრალი ედება სანდრო გირგვლიანის საქმეზე სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით თავისუფლების უკანონო აღკვეთის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და სამსახურებრივი სიყალბის ჩადენისთვის,  ასევე, მოქალაქეების – ვამეხ აბულაშვილისა და კახა დაბრუნდაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთის, მათ მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე, 144 3-ე, 332-ე, 333-ე და 341-ე მუხლებით. დათა ახალაიას ბრალი აქვს წარდგენილი ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზეც.

მასალების გადაბეჭდვის წესი