ახალი ამბები

სამინისტრო ვერ აზუსტებს, რამდენად გამოისყიდის “ქართუ” 600 000 მოქალაქის ვალებს

19 ნოემბერი, 2018 • 1963
სამინისტრო ვერ აზუსტებს, რამდენად გამოისყიდის “ქართუ” 600 000 მოქალაქის ვალებს

ფინანსთა სამინისტრო ვერ აზუსტებს, თუ რეალურად რა თანხას ხარჯავს ფონდი “ქართუ” 600 000 ადამიანის ვალების გასანულებლად; სამინისტროს თანახმად, ეს “ქართუსა” და საფინანსო ორგანიზაციებს შორის მოლაპარაკების საკითხია.

ქართუ არ იხდის 1.5 მილიარდს

განულების ინიციატივის დაანონსებისას პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემაც და ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმაც განაცხადეს, რომ საუბარია 600 000 მოქალაქის ფინანსურ ვალდებულებებზე ბანკების, ონლაინ-ორგანიზაციების  თუ სხვადასხვა ინსტიტუტის მიმართ, რაც, ჯამში, შეადგენს დაახლოებით მილიარდნახევარ ლარს.

მაჭავარიანის თანახმად, ამ თანხაში შედის სესხის ძირი (ანუ საწყისი თანხა, რაც მოქალაქემ თავდაპირველად სესხად აიღო), დამატებული პროცენტები და ჯარიმები.

როგორც ფინანსთა სამინისტროში ნეტგაზეთს დაუზუსტეს, “ქართუ” უზრუნველყოფს იმას, რომ დაახლოებით 600 000 ადამიანს დაახლოებით 1.5 მილიარდის დავალიანება ჩამოიწერება, რაც არ ნიშნავს, რომ “ქართუ” ამ თანხას სრულად გადაიხდის. 

თუკი 1.5 მილიარდს არა, მაშ რამდენს იხდის “ქართუ”? ამის შესახებ სამინისტროში ვერ გვპასუხობენ და მიგვითითებენ, რომ, როგორც მინისტრმა განაცხადა, ეს თანხა ფონდ “ქართუსა” და საფინანსო ორგანიზაციებს შორის მოლაპარაკებების საკითხია.

მანიპულაცია — რა ღირს საშუალოდ ერთი სესხი?

იმ 600 000 ადამიანიდან, ვისაც ვალებს გაუნულებენ, ზოგიერთს ერთზე მეტი სესხი/ვალი აქვს აღებული.

ფინანსთა მინისტრის თანახმად, საუბარია, ჯამში, 1 000 000-ზე მეტ სესხზე, ანუ პორტფელზე.

შესაბამისად, მილიონზე მეტი პორტფელი დაახლოებით 1.5 მილიარდი ლარი ღირს.

თუკი დავუშვებთ, რომ ვსაუბრობთ ზუსტად 1.5 მილიარდ ლარსა და ზუსტად 1 მილიონ პორტფელზე, მაშინ, მარტივი გამოთვლით, დავასკვნით, რომ ერთი პორტფელის საშუალო ღირებულება 1 500 ლარია.

რამდენს იხდის ქართუ?

“ქართუს” გამგეობის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ჩხეტიანმა დღესვე განაცხადა, რომ 2018 წლის ბიუჯეტში ფონდს უკვე დარეზერვებული აქვს 100 მილიონი ლარი ვალების განულების ინიციატივისთვის.

თუკი დავუშვებთ, რომ “ქართუ” ზუსტად 100 მილიონ ლარს გადაიხდის ზუსტად 1 მილიონ პორტფელში, მაშინ გამოდის, რომ ერთ პორტფელს 100 ლარად შეისყიდის, ანუ ერთი პორტფელის საშუალო ღირებულებაზე 15-ჯერ იაფად.

თუმცა ჯერჯერობით ბუნდოვანია, ამ პორტფელების საყიდლად ქართუ ზუსტად 100 მილიონ ლარს იხდის, უფრო მეტს თუ უფრო ნაკლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი