ახალი ამბები

ფონდი ქართუ: ვალების ჩამოსაჭრელად ამ წლის ბიუჯეტში 100 მლნ ლარია დარეზერვებული

19 ნოემბერი, 2018 • 3854
ფონდი ქართუ: ვალების ჩამოსაჭრელად ამ წლის ბიუჯეტში 100 მლნ ლარია დარეზერვებული

ტელეკომპანია “იმედმა” დღეს, 19 ნოემბერს, გაავრცელა ფონდი “ქართუს” განცხადება, რომელიც ეხება ხელისუფლების ინიციატივას ე.წ. შავ სიაში შესული მოქალაქეებისთვის ვალების ჩამოწერას.

როგორც ფონდის გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი აღნიშნულ ვიდეოში ამბობს, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის ბიუჯეტში “ქართუს” უკვე აქვს 100 მილიონი ლარი დარეზერვებული:

“დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა ძალზედ საინტერესო ინიციატივა, რომელზეც ფონდი “ქართუ” აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ხელისუფლებასთან. ფონდის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, ამ წლის ბიუჯეტში ფონდს უკვე დარეზერვებული აქვს 100 მილიონი ლარი. რაც შეეხება მომავალ წელს, ამ ეტაპზე ვერაფერს ვერ მოგახსენებთ,” – განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს განაცხადა, ე.წ. შავ სიაში შესულ 600 000 მოქალაქეს, რომელთა სესხის ძირი 2 000 ლარს არ აღემატება, ვალები ჩამოეწერებათ. პრემიერის განცხადებით, ამ სესხების საერთო მოცულობა 1.5 მილიარდი ლარია. მამუკა ბახტაძის თქმით, ვალების ჩამოსაწერად საჭირო თანხას ფონდი “ქართუ” გადაიხდის, თუმცა პრემიერ-მინისტრს არ დაუკონკრეტებია, რა თანხა დაუჯდება “ქართუს” 1.5 მილიარდი ლარის ღირებულების სესხების განულება.

ე.წ. შავ სიაში დაფიქსირებულ ნახევარ მილიონზე მეტ პირს ვალები გაუნულდება – ბახტაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი