ახალი ამბები

ევროკომისია დარიალის ხეობაში საფრთხეების შესაფასებლად სპეციალისტებს გააგზავნის

27 მაისი, 2014 •
ევროკომისია დარიალის ხეობაში საფრთხეების შესაფასებლად სპეციალისტებს გააგზავნის

ევროპული კომისიის ცნობით, საქართველოს მთავრობის თხოვნის შედეგად, ყაზბეგის რაიონში 17 მაისს მომხდარი სტიქიის საპასუხოდ, “სამოქალაქო დაცვის მექანიზმი” ამოქმედდა. მეწყერულ ზონაში გაიგზავნება ევროპელ ექსპერტთა გუნდი, რომელიც შეაფასებს არსებულ საფრთხეებსა და მათ წინააღმდეგ სამოქმედო გეგმას დასახავს.

 

“ექსპერტების ჯგუფი დაადგენს სამომავლო რისკებს, რომელმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ადგილობრივ მოსახლეობას და რისკების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციებს გასცემს”,- ნათქვამია ევროკომიის განცხადებაში.

 

ევროკომისია ყურადღებას აქცევს საქართველოს ოფიციალური პირების განცხადებას იმის შესახებ, რომ მეწყერის საშიშროება კვლავ არსებობს, რაც ინფრასტრუქტურის განადგურებით იმუქრება.

 

დარიალის ხეობა – ყაზბეგის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ფოტო/2014 წელი
დარიალის ხეობა – ყაზბეგის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ფოტო/2014 წელი

ევროკომისიის “სამოქალაქო დაცვის მექანიზმი” არის საშუალება, რომელსაც ევროკომისია იყენებს სამოქალაქო საზოგადოების დასაცავად გადაუდებელი დამხარების საჭიროების დროს, განსაკუთრებით მაშინ, როცა არის სტიქიური უბედურების გამეორების საფრთხე.

 

სამოქალაქო დაცვის მექანიზმში შედის ევროკავშირის 28 წევრი ქვეყანა- ისლანდია, ლიტენშტაინი, ნორვეგია და ყოფილ იუგოსლავიის რესპუბლიკაში შემავალი სახელმწიფოები. 2001 წელს სამოქალაქო დაცვის მექანიზმის შექმნიდან მექანიზმი 150-ჯერ ამოქმედდა და მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა სტიქიური უბედურების წინააღმდეგ მოქმედებებში.

 

საქართველოს მთავრობის ცნობით, დარიალის ხეობაში ჩამოწვა მეწყერი, რამაც გამოიწვია მდინარე თერგის კალაპოტის გადაკეტვა, მომხდარ სტიქიურ მოვლენასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით შეიქმნა საგანგებო შტაბი, რომელსაც კოორდინაციას  სახელმწიფო უსაფრთოხებოს და კრიზისების მართვის საბჭო გაუწევს.

 

დარიალის ხეობა – ყაზბეგის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ფოტო/2014 წელი
დარიალის ხეობა – ყაზბეგის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ფოტო/2014 წელი

ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, 17 მაისს დილის 10 საათისთვის სოფელ გველეთთან, მდინარე დევდორაკისა და თერგის შესართავთან მთის მასივი ჩამოიშალა, რამაც დააზიანა რუსეთიდან მომავალი 700 მილიმეტრიანი და 1200 მილიმეტრიანი მაგისტრალური გაზსადენები.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი