ახალი ამბები

მთავრობის განცხადებაზე სესხების განულების შესახებ Vivus-ის პოზიცია უცნობია

19 ნოემბერი, 2018 • 2035
მთავრობის განცხადებაზე სესხების განულების შესახებ Vivus-ის პოზიცია უცნობია

მთავრობის განცხადებაზე იმის შესახებ, რომ Vivus-მა გაუგებარი მიზეზების გამო უარი განაცხადა მომხმარებელთა სესხების განულების პროექტში მონაწილეობაზე, მიკროსაფინანსო კომპანიისგან საპასუხო კომენტარი ვერ მივიღეთ.

ნეტგაზეთი Vivus-ის წარმომადგენელს დაუკავშირდა, თუმცა საპასუხო კომენტარი ჯერჯერობით ვერ მიიღო.

  • დღეს, 19 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ნახევარ მილიონზე მეტ მოქალაქეს ვალებს ჩამოაწერენ. მამუკა ბახტაძის თქმით, მიმდინარეობდა ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებები როგორც საბანკო, ასევე, არასაბანკო სექტორთან და მათმა უდიდესმა ნაწილმა, მათ შორის, სესხების ამომღებმა ბიუროებმა “გამოიჩინეს სოციალური პასუხისმგებლობა.”
  • ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ვალის ჩამოწერის პროცესი ონლაინ-სესხების კომპანია Vivus-ის მომხმარებლებს არ შეეხებათ, რადგან “მოლაპარაკებების პროცესში ამ კომპანიამ გაუგებარი მიზეზების გამო უარი განაცხადა პროექტში მონაწილეობაზე”. ფინანსთა მინისტრს არ დაუკონკრეტებია, რატომ მიიღო Vivus-მა აღნიშნული გადაწყვეტილება და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უმფობესი იქნებოდა. ამის შესახებ თავად აამ კომპანიისთვის დაესვათ შეკითხვა.

Vivus-ის მომხმარებლებს ვალი არ ჩამოეჭრებათ – მაჭავარიანი

ამბის გაგრძელება:

მიკროსაფინანსო კომპანია Vivus-ი აცხადებს, რომ ფინანსთა სამინისტრო და ეროვნული ბანკი ვადაგასული სესხების პატიება-გამოსყიდვასთან დაკავშირებით მათ დაახლოებით ორი კვირის წინ დაუკავშირდა.

კომპანიის განცხადებით, ფინანსთა სამინისტროც და ეროვნული ბანკიც მათ სთხოვდა, რომ გაეკეთებინათ შეთავაზება ვადაგასული სესხების პატიება-გამოსყიდვაზე, ხოლო ამ ორი კვირის განმავლობაში Vivus-მა ორჯერ გაუგზავნა სამინისტროს მონაცემები და პირობები მათი პორტფელის შესახებ, თუმცა პასუხი აღარ მიუღიათ.

Vivus-ი აცხადებს, რომ დღესაც მზადაა, მათი კომპანიის მიერ გაჟღერებული პირობების ფარგლებში აწარმოოს მოლაპარაკება აღნიშნულ თემაზე.

Vivus-ის მომხმარებლებს ვალი არ ჩამოეჭრებათ – მაჭავარიანი

მასალების გადაბეჭდვის წესი