ახალი ამბები

“მიკროავტობუსის მძღოლი ქალს ახლოს მიუჯდა და იძულებით აკოცა”- შსს გამოძიებას იწყებს

17 ნოემბერი, 2018 • 3846
“მიკროავტობუსის მძღოლი ქალს ახლოს მიუჯდა და იძულებით აკოცა”- შსს გამოძიებას იწყებს

შინაგან საქმეთა სამინსიტრომ დღეს, 16 ნოემბერს თბილისში მცხოვრები ახალგაზრდა ქალის განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო. ქალი სამარშრუტო ტაქსის მძღოლს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. ნეტგაზეთს მომხდართან დაკავშირებით ქალის ახლობელი დაუკავშირდა.

როგორც მან ნეტგაზეთს უთხრა, ახალგაზრდა თბილისში შემთხვევით არასწორ სამარშრუტო ტაქსში ჩაჯდა. სამარშრუტო ტაქსის ბოლო გაჩერებასთან ის ავტომობილში მარტო იმყოფებოდა. როდესაც ქალმა ჩამოსვლა დააპირა, ჩვენი რესპონდენტის განმარტებით, მძღოლმა მოტყუებით უთხრა, რომ ის სწორედ იმ გზას გაივლიდა, რომელიც ქალს სჭირდებოდა.

“ამის შემდეგ მძღოლმა მას უთხრა, რომ 5 წუთი დალოდებოდა, სანამ სიგარეტს მოწევდა. მძღოლმა მასაც შესთავაზა მოწევა, რაზეც უარი მიიღო. შემდეგ კი მასთან ახლოს დაჯდა და იძულებით აკოცა,” – გვიყვება ქალის ახლობელი.

ის განმარტავს, რომ მიუხედავად ქალის წინააღმდეგობისა, კაცმა მას ხელი ჩაავლო და შეეკითხა, თუ რატომ არ მოსწონდა მას, როდესაც ეფერებოდნენ. ახლობელი დასძენს, რომ ქალის შეწინააღმდეგების შემდეგ მძღოლი შეჰპირდა, რომ ახლომდებარე ავტობუსის გაჩერებამდე მიიყვანდა.

“მას შეეშინდა, რამე უარესი რომ არ ექნა და დათანხმდა. საბედნიეროდ, ის მშვიდობიანად დაბრუნდა. როდესაც მან ეს ისტორია მომიყვა, გადავყწვიტეთ, რომ პოლიციისთვის მიგვემართა. განყოფილებაშიც წავყევით.  მან ავტომობილის სერიული ნომერი დაიმახსოვრა, შესაბამისად, პირის იდენტიფიცირება რთული არ იყო,” – დასძენს ის.

შსს-ს პრესსამსახურში განაცხადეს, რომ გამოძიება სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით ჯარიმას ან გამასწორებელი სამუშაოს ვადით ერთ წლამდე, ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი