ახალი ამბები

13 წლის მოზარდისთვის ინტიმური ფოტოების გამოძალვისა და მუქარისთვის პირს 6 წელი მიუსაჯეს

13 ნოემბერი, 2018 • 2955
13 წლის მოზარდისთვის ინტიმური ფოტოების გამოძალვისა და მუქარისთვის პირს 6 წელი მიუსაჯეს

უზენაესმა სასამართლომ, 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, წარმოებაში არ მიიღო პირის საჩივარი, რომელიც 2016 წელს 13 წლის არასრულწლოვანს ჯერ ინტიმური სახის ფოტოები მოტყუებით გამოსძალა, შემდეგ კი მათი გავრცელებით ემუქრებოდა. აღნიშნულ პირს სააპელაციო სასამართლომ 6 წელი მიუსაჯა, თუმცა მსჯავრდებული უზენაესისგან გამართლებას ითხოვდა. 

როგორ უზენაესი სასამართლოს განჩინებიდან ირკვევა, გარდა ფოტოების გამოძალვისა, პირი არასრულწლოვანს თავად უგზავნიდა კაცის სასქესო ორგანოს ამსახველ ფოტოებს.

განაჩენის მიხედვით, პირმა 2016 წელს ფეისბუკით 13 წლის არასრულწლოვანი გაიცნო, რომელსაც საკუთარ გვერდზე მითითებული ჰქონდა, რომ 14 წლის იყო. თუმცა, საუბრის დაწყების შემდეგ მან მსჯავრდებულს თავისი რეალური ასაკი უთხრა.

ამის შემდეგ მსჯავრდებული მოზარდს სხვა მომხმარებლის სახელით დარეგისტრირებული გვერდიდან დაუკავშირდა. მიმოწერის დროს მან არასრულწლოვანს შიშველი ფოტოების გაგზავნა მოსთხოვა. მოზარდმა მას თავისი ნახევრად შიშველი ფოტოები გაუგზავნა.

მითითებული ფოტოების გაგზავნის შემდეგ, 2017 წლის იანვრიდან 2017 წლის 1 მარტამდე, მსჯავრდებული მოითხოვდა არასრულწლოვნისგან შიშველი ფოტოების გაგზავნას და სექსუალური კონტაქტის დამყარების მიზნით შეხვედრას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ემუქრებოდა სკოლაში ცნობების გახმაურებითა და მის მიერ გაგზავნილი ფოტოების გავრცელებით, რაც არასრულწლოვანმა აღიქვა რეალურად.

მსჯავრდებულმა 2017 წლის 7 და 11 თებერვალს გაუგზავნა კაცის სასქესო ორგანოს სურათები, რითაც, სასამართლოს მიხედვით,  ჩაიდინა ძალადობის გარეშე გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან.

უზენაესმა სასამართლომ მსჯავრდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის 1-ლი [გარყვნილი ქმედება 16 წლის ასაკს მიუღწეველთან] ნაწილითა და ამავე კოდექსის 139-ე მუხლის “დ” ნაწილით [სექსუალური ხასიათის ქმედების იძულება 16 წლის ასაკს მიუღწეველთან].

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ერთმა სასჯელმა (სსკ-ის 141-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა) შთანთქა მეორე და საბოლოოდ, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. ნ. მ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 7 მარტიდან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი