ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რევოლუციის ბოლო აკორდი – საპარლამენტო არჩევნები სომხეთში

15 ნოემბერი, 2018 • 3236
რევოლუციის ბოლო აკორდი – საპარლამენტო არჩევნები სომხეთში

“ჩემი ნაბიჯი” საპარლამენტო უმრავლესობის გზაზე

14 ნოემბერს ორმა ბლოკმა და ცხრა პარტიამ სომხეთის ცენტრალურ საარჩევნო კომიტეტში საკუთარი საარჩევნო კანდიდატების სიები წარადგინეს. 2018 წლის 9 დეკემბერს სომხეთის ეროვნულ კრებაში არჩევნები ჩატარდება. სწორედ ეს არჩევნები იქნება ბოლო აკორდი იმ პოლიტიკური პროცესისა, რომელიც 31 მარტს დაიწყო და სომხეთის ისტორიაში “სიყვარულისა და სოლიდარობის რევოლუციის” სახელით შევა.

არჩევნების ინტრიგა რამდენიმე ძირითად საკითხს მოიცავს. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რამდენ პროცენტს მიიღებს “რევოლუციური ხელისუფლების” პარტია, ანუ ბლოკი “ჩემი ნაბიჯი”, რომელსაც ნიკოლ ფაშინიანი უდგას სათავეში.

იმის მიუხედავად, რომ ფაშინიანის ბლოკის გამარჯვება არჩევნებში, ფაქტიურად, არ იწვევს ეჭვებს, მნიშვნელოვანია, როგორი მაჩვენებლით გაიმარჯვებს ის. მნიშვნელოვანია ასევე, კიდევ რომელი პოლიტიკური ძალები შევლენ პარლამენტში, რომელი მათგანი გავა მეორე ადგილზე. არჩევნების კიდევ ერთი ინტრიგაა – რამდენ პროცენტს აიღებს ყოფილი მმართველი, სომხეთის რესპუბლიკური პარტია და შეძლებს თუ არა პოსტრევოლუციური სომხეთის პოლიტიკურ სივრცის ნაწილად დარჩენას.

ბუნებრივია, როგორც ყოველთვის, არჩევნებზე, ყოველ შემთხვევაში, დემოკრატიულ ქვეყნებში, ძირითადი საკითხი, რომელიც ყველას აინტერესებს, ისაა, თუ რომელი პოლიტიკური ძალები აღმოჩნდებიან ახალი პარლამენტის შემადგენლობაში?

სომხეთში არჩევნების შემთხვევაში ფავორიტი აშკარაა – ესენი არიან ბლოკში “ჩემი ნაბიჯი” შემავალი  ფაშინიანის მხარდამჭერები. ბლოკი შედგება ფაშინიანის პარტიისგან “სამოქალაქო თანხმობა”, მცირე პარტია “მისიისგან” და უპარტიო კანდიდატებისგან.

სახელწოდება “ჩემი ნაბიჯი” გამომდინარეობს რევოლუციის სლოგანიდან “გადადგი ნაბიჯი, უარყავი სერჟი” (“Qayl ara, Merzhir Serzhin”). მნიშვნელოვანია, რამდენ პროცენტს დააგროვებს “ჩემი ნაბიჯი”.

არჩევნებზე ერევანში, რომელზეც ფაშინიანის მხარდამჭერებმა 82% დააგროვეს, საკმაოდ მაღალი თამასა დაწესდა. სომხეთი საკმაოდ ერთგვაროვანი ქვეყანაა სოციალურ-დემოგრაფიული კუთხით, ასე რომ, მთლიანობაში, ფაშიანიანის პოლიტიკური ძალის მხარდაჭერის დონე მთელი სომხეთის მასშტაბით განსხვავებული არ იქნება იმისგან, რაც ერევანში ვიხილეთ. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბლოკს “ჩემი ნაბიჯი” არ შეიძლება სირთულეები არ წარმოეშვას.

21 ოქტომბერს ოთხ ქალაქში ადგილობრივი არჩევნები გაიმართა და ფაშინიანის მხარდამჭერებმა მათგან სამში გაიმარჯვეს, თუმცა ქალაქ კაპანში, რომელიც წარმოებითაა ცნობილი, ადგილობრივმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ბიზნესმენმა გაიმარჯვა. ასე რომ, ფაშინიანის მხარდამჭერებს სერიოზული მუშაობა მოუწევთ იმისთვის, რომ შედეგები შეესაბამაბოდეს იმ მაღალ მოლოდინს, რომელიც ერევნის არჩევნებმა წარმოშვა.

ბლოკს “ჩემი ნაბიჯი” შეიძლება იმ ფაქტმა შეუშალოს ხელი, რომ რესპუბლიკური უმრავლესობის წარმომადგენლებმა ძველ პარლამენტში ახალი საარჩევნო კოდექსის მისაღებად კენჭისყრა ფაქტიურად ჩააგდეს.

საბოლოო ჯამში, არჩევნები ჩატარდება ძველი საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, რომელიც თავის დროზე სწორედ რესპუბლიკელების ინტერესებიდან გამომდინარე იყო შემუშავებული. იმის მიუხედავად, რომ სომხეთში პროპორციული სისტემით ტარდება არჩევნები, მოქმედი საარჩევნო კოდექსი ფაქტიურად ინარჩუნებს მაჟორიტარული სისტემის ელემენტებს.

ეს იმას ნიშნავს, რომ ამომრჩევლები, რომლებიც ამა თუ იმ პარტიას აძლევენ ხმას, ასევე კონკრეტულ საარჩევნო ოლქში დასახელებული კანდიდატებიდან ერთ-ერთს ირჩევენ. საბოლოო ჯამში, ეს ე.წ ადგილობრივ ფეოდალებს, ადგილობრივი ბიუროკრატიის წარმომადგენლებს, ბიზნესის ან კრიმინალური წრეების წარმომადგენლებს ამ გზით პარლამენტში მოხვედრისა და  საკუთარი პარტიისთვის ხმების დამატების საშუალებას აძლევს.

სწორედ ამ სისტემამ შეუწყო ხელი ისეთი “ტექნოლოგიების” გამოყენებას, როგორიცაა ამომრჩევლის მოსყიდვა ან ადმინისტრაციული ზეწოლა 2017 წლის გაზაფხულის არჩევნებზე და 2018 წლის არჩევნებშიც “ადგილობრივ ფეოდალებს”  შესაძლებლობას მისცემს, ფაშინიანსა და სხვა “რევოლუციურ” პარტიებს ხმები წაართვას.

ამის მიუხედავად, არა არის საჭირო ამ ფაქტორის გადაჭარბებული შეფასება. სომხეთი 2018 წელს და 2017 წლის გაზაფხულზე სხვადასხვა ქვეყნებია და ის, რაც მუშაობდა მაშინ, ახლა ნაკლებად იმუშავებს. რა თქმა უნდა, თუ ფაშინიანის ბლოკის შედეგი ბევრად დაბლა იქნება, ვიდრე [82%] არჩევნებზე ერევანში, ეს იქნება სერიოზული დარტყმა “რევოლუციური ხელისუფლების” პრესტიჟისთვის, მაშინაც კი, თუ “ჩემი ნაბიჯი” მაინც მიიღებს პარლამენტში უმრავლესობას. თუმცა დღეს ასეთი შედეგის ალბათობა არ არის დიდი. დღესდღეობით, ბევრი დამკვირვებელი ელის, რომ ბლოკი “ჩემი ნაბიჯი” არ მიიღებს 70%-ზე ნაკლებს, შესაძლოა მეტიც მიიღოს.

მეორე ადგილის პრეტენდენტები

არჩევნების ძირითადი ინტრიგა კი იმაში მდგომარეობს, კიდევ რომელი პარტიები შევლენ ეროვნულ კრებაში. პრეტენდენტებს შორის არის ბიზნესმენ გაგიკ წარუკიანის პარტია “აღორძინებული სომხეთი”. წარუკიანის პარტიამ ერევნის არჩევნებზე მეორე ადგილი დაიკავა და 7% დააგროვა, თუმცა მათი მხარდაჭერა რეგიონებში ტრადიციულად დიდი იყო.

ამ პარტიის იდეოლოგიის განსაზღვრა საკმაოდ რთულია, მას პირობით შეიძლება ვუწოდოთ ზომიერი პოპულიზმი. პარტიის ძირითადი გათვლა ეფუძნება წარუკიანის, როგორც ერთ-ერთი მდიდარი ადამიანის იმიჯს, რომელიც “ხალხზე ფიქრობს” და მისი მრავალწლიანი საქველმოქმედო საქმიანობის გავლენით ჩამოყალიბდა, რაშიც მის მიერ კონტროლირებადი პოპულარული ტელეარხის “კენტრონის” დამსახურებაცაა.

თუმცა “აღორძინებულ სომხეთს” შეიძლება ხელი შეუშალოს იმ გარემოებამ, რომ ბოლო წლებში პარტია “სისტემური ოპოზიციის” როლს თამაშობდა, მანამდე კი რესპუბლიკელებთან ერთ კოალიციაში იყო. პარტიის გარკვეულწილად გაუგებარმა ქცევამ ოქტომბრის დასაწყისის მოვლენებში [რაზეც წინა სტატიაში ვწერდი] ასევე არ შეუწყო ხელი მისი პოპულარობის გაზრდას.

მთლად ნათელი არ არის, როგორ აეწყობა ლიბერალური პარტიების, “განათლებული სომხეთისა” და “რესპუბლიკის” ბედიც, რომლებიც ძველი პარლამენტის დროს ფაშინიანის მოკავშირეები იყვნენ ფრაქციაში “ელკი”. ახალ პარლამენტში მათ შეეძლოთ ახალი ხელისუფლებისთვის “კონსტრუქციული ოპოზიციის” როლი ეთამაშათ.

სექტემბერშო ერევნის არჩევნებზე ისინი ბლოკში “ლუს” [სინათლე] წარდგნენ და მესამე ადგილი დაიკავეს, მაგრამ საპარლამენტო არჩევნებზე ცალ-ცალკე მონაწილეობენ და მათი პარლამენტში მოხვედრის შანსები საგრძნობლად დაბალია.

თუმცა ამჟამად “განათლებული სომხეთი” ცალკე გავა არჩევნებზე, პარტია “რესპუბლიკა” კი შევა ბლოკში პარტიასთან “თავისუფალი დემოკრატები”. ასე რომ, მათი და სხვების შანსები ბევრად დაბალია, ვიდრე ერევნის მერიის არჩევნების დროს.

საკმაოდ ბუნდოვანი პერსპექტივები აქვს პარტია დაშნაკციუტუნს, სომხეთის ერთ-ერთ უძველეს პარტიას, რომელსაც ეროვნულ-პატრიოტული პოზიცია აქვს: ერევანში არჩევნებზე მან მხოლოდ 1.62% მიიღო. თუ დაშნაკციუტუნი ახლაც მსგავს შედეგს აჩვენებს, ეს სომხური პოლიტიკური ცხოვრებისთვის მცირე სენსაცია იქნება.

დაშნაკციუტუნი სომხეთის პოლიტიკური პარტიებიდან ერთ-ერთი ძველია, მის სახელთანაა დაკავშირებული 1918-1920 წლებში პირველი რესპუბლიკის ისტორიაც, და დიასპორაშიც ამ დრომდე ყველაზე გავლენიან პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს.

თავად სომხეთში დაშნაკციუტუნი ყველა არჩევნებზე გადიოდა პარლამენტში 1998 წლიდან დაწყებული და ხშირად შედიოდა მმართველ პარტიასთან კოალიციაში. თუმცა სწორედ რესპუბლიკელების  კოალიციური პარტნიორის ან “სისტემური ოპოზიციის” როლმა მიაყენა სერიოზული დარტყმა ამ პარტიის პოზიციებს.

საბოლოო ჯამში, იმ ამომრჩეველს შორის, რომლისთვისაც ახლოა დაშნაკციუტუნის ეროვნულ-პატრიოტული დისკურსი, ბევრი განუდგა ამ პარტიას, რამაც შესაძლოა მათ შედეგებზე გავლენა იქიონიოს.

რაღაც გაგებით დაშნაკციუტუნის ადგილი პოლიტიკური სივრცის ეროვნულ-პატრიოტულ სექტორში შეიძლება დაიკავოს პარტია “სასნა ცრერმა”, რომლის ბირთვსაც წარმოადგენენ ის პირები, რომელთაც 2016 წლის ივლისში საპატრულო პოლიციის შენობა ხელში ჩაიგდეს. ფაშინიანსა და “სასნა ცრერს” შორის ურთიერთობები საკმაოდ რთული იყო, მაგრამ დღეს “სასნა ცრერი” უარს აცხადებს შეიარაღებული ბრძოლაზე და “რევოლუციურ ხელისუფლებას” მხარდაჭერას უცხადებს.  

ამავე დროს, ისინი აკრიტიკებენ ახალ ხელისუფლებას არასაკმარისი სიმკაცრისთვის “ძველი რეჟიმის” წარმომადგენელთა მიმართ. ისინი ასევე ხისტად აკრიტიკებენ არსებულ მიდგომებს საგარეო პოლიტიკაში, კერძოდ, რუსეთთან ურთიერთობის არსებულ მოდელს, ასევე, აზერბაიჯანთან და თურქეთთან ურთიერთობებში ნებისმიერი დათმობის მიმართ მიუღებლობა აქვთ.

დაბოლოს, უკანასკნელი კვირების განმავლობაში სომხეთში გაჩნდა მემარცხენე პოზიციების მქონე პარტია “სოციალურ-დემოკრატიული პარტია მოქალაქის გადაწყვეტილება”. არჩევნებზე ახალი პარტიის შანსები არ არის დიდი: პარტია “დედლაინამდე” ორი დღით ადრე დარეგისტრირდა და ძალიან ცოტა დრო ჰქონდა არჩევნებისთვის მოსამზადებლად.

თუმცა უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში პარტიას, რომლის იდეოლგიაც ძირითადად გერმანელი “მწვანეებისა” და სხვა “ახალი მემარცხენეების” გავლენით ჩამოყალიბდა, შესაძლოა ცუდი შანსები არ ჰქოდეს სომხეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

სომხეთში პოლიტიკური სივრცის მარცხენა ფლანგზე ამ დრომდე გარკვეული ვაკუუმი იყო. ამასთან, ამ პარტიის წევრთა შორის ბევრი აქტივისტია, რომლებმაც რევოლუციის დროს მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს.

დაბოლოს, კიდევ ერთი კითხვა, რომელზეც სომხეთის ამომრჩეველს მოუწევს არჩევნებზე პასუხი – როგორი იქნება ყოფილი მმართველი, რესპუბლიკური პარტიის ბედი.

პირველ ნომრად რესპუბლიკელებმა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ვიგენ სარგსიანი წარადგინეს, თუმცა პარტიის ლიდერად კვლავ ყოფილი პრემიერი და პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი რჩება.

ის, რომ რესპუბლიკელთა მხარდაჭერის დონე ვერ შეედრება “რევოლუციამდელ სიტუაციას”, ეჭვს არავისში იწვევს. ამის მიუხედავად, რესპუბლიკელები ელოდებიან გახმოვანებულ და გაუხმოვანებელ მხარდაჭერას ძველი ელიტის მნიშვნელოვანი ნაწილისგან, როგორც პოლიტიკური –  ასევე ბიზნესელიტის. როგორც ჩანს, სწორედ ამაზე გათვლით, რესპუბლიკებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ არჩევნები ძველი საარჩევნო კოდექსით ჩატარდეს, რომელიც მათ შესაძლებლობას მისცემს, “ადგილობრივმა ფეოდალებმა” არჩევნების შედეგებზე გავლენა მოახდინონ.

არ არის გამორიცხული, რომ რესპუბლიკელებს მხარდაჭერას გამოუცხადებს ასევე სხვა ყოფილი პრეზიდენტი, რობერტ ქოჩარიანი, რომელიც, მართალია, ამბობდა, რომ პოლიტიკაში დაბრუნებას და საკუთარი პარტიის ჩამოყალიბებას გეგმავს, ჯერჯერობით ვერ მოასწრო ამის გაკეთება.

თუკი ყველა ამ რესურსის დახმარებით რესპუბლიკელები პარლამენტში მოხვდებიან, ისინი არა მხოლოდ შეძლებენ გარკვეული გავლენის მოხდენას გადაწყვეტილებების მიღებაში, არამედ შესაძლოა, გრძელვადიან პერსპექტივაში ხელისუფლებაში დაბრუნების პრეტენზიაც გაუჩნდეთ.

თუკი რესპუბლიკური პარტია ახალი პარლამენტის მიღმა აღმოჩნდება, შესაძლოა ის დაიშალოს და, როგორც სომხეთის შიდა პოლიტიკის ფაქტორი, არსებობა შეწყვიტოს,

რაც არ უნდა იყოს, საბოლოო არჩევანი ამომრჩეველზეა. 2018 წლის დეკემბრის არჩევნებზე ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ დემოკრატიულ სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს.

სექტემბერში ერევნის ამომრჩეველმა უკვე აჩვენა, რომ გავრცელებული პოსტსაბჭოთა სტერეოტიპების მიუხედავად, სომხურ საზოგადოებას შესწევს უნარი, ჩაატაროს თავისუფალი და კონკურენტული არჩევნები, ბიულეტენების ჩაყრის, ამომრჩევლის მოსყიდვისა და ადმინისტრაციული ზეწოლის გარეშეც.  

მასალების გადაბეჭდვის წესი