ახალი ამბები

იუსტიციის სახლებში მოქალაქეებს ჟესტების ენაზეც მოემსახურებიან

15 ნოემბერი, 2018 • 1273
იუსტიციის სახლებში მოქალაქეებს ჟესტების ენაზეც მოემსახურებიან

იუსტიციის სახლში ჟესტების ენაზე მომსახურება პირველ მომხმარებელს უკვე გაუწიეს. პრესსამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის ყველა იუსტიციის სახლში მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, მომსახურება ჟესტების ენაზე მიიღონ.

იუსტიციის სახლში აცხადებენ, რომ ოპერატორების გადამზადების პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს, თუმცა 30-მდე თანამშრომელმა სწავლების პროცესი უკვე დაასრულა. როგორც პრესსამსახურში განმარტავენ, ჟესტების ენაზე მომსახურება ცოტა ხნის წინ ამოქმედდა. გუშინ, 14 ნოემბერს კი, მოქალაქემ პირველად ისარგებლა ამ სერვისით.

“ეს ადამიანები როცა იუსტიციის სახლს მომართავენ, სახლი მათ ნებისმიერ სერვისს ჟესტურ ენაზე შესთავაზებს,” – აცხადებენ იუსტიციის სახლში.

იუსტიციის სახლში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სერვისების ხელმისაწვდომობის გამარტივება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი