ახალი ამბები

ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ კაცს სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა

14 ნოემბერი, 2018 • 2702
ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ კაცს სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა

სასამართლომ 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

14 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული ლ.გ. დამნაშავედ ცნო დამამძიმებელ გარემოებებში და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში.

ანა ნაცვლიშვილი 2018 წლის 22 თებერვალს მოკლული იპოვეს თემქაზე, ერთ-ერთი კორპუსის უკან.

სასამართლოს ცნობით, ბრალდებულმა, რომელიც ანა ნაცვლიშვილის პარტნიორი იყო, იმ დილით სახლიდან გაიხმო და დანით 33 ჭრილობა მიაყენა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

სასამართლოს ცნობითვე, მსჯავრდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს. თუმცა, სასამართლომ სხდომებზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, — ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და ჩხრეკის ოქმებით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებითა და საქმის მასალების ანალიზით, — დადასტურებულად მიიჩნია, რომ ნაცვლიშვილი ბრალდებულმა ლ.გ-მ მოკლა.

ამას გარდა, სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო გამოძალვის ეპიზოდშიც. უფრო ზუსტად — “სხვისი ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნაში, რასაც თან ახლდა დაზარალებულის, სახელის გამტეხი ცნობის გახმაურება და ასეთი ცნობის გავრცელების მუქარა”.

ლ.გ. ასევე გამტყუნდა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონო შენახვა, გამოყენება და გავრცელების ბრალდების საქმეში.

მასალების გადაბეჭდვის წესი