ახალი ამბები

დარიალის ხეობაში მიწის მასაში მოყოლილი ავტომობილი ამოიყვანეს

21 მაისი, 2014 • • 1174
დარიალის ხეობაში მიწის მასაში მოყოლილი ავტომობილი ამოიყვანეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მეწყერის შედეგად ჩამოწოლილი მიწის მასაში მოყოლილი ერთი სატვირთო ავტომობილი დღეს ამოიყვანეს.

 

სამინისტროს ინფორმაციით,  ამ ეტაპზე მძიმე ტექნიკის საშუალებით ლარსის მხარეს სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოები. მაშველები ასევე აწარმოებენ სხვა სატვირთო ავტომანქანების საძიებო სამუშაოებს.

 

შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე დარიალის ხეობაში იმყოფება და საგანგებო შტაბს ხელმძღვანელობს. მინისტრის დავალებით, მდინარე დევდორაკის ხეობის ყველაზე მაღალ წერტილებში შექმნილია რამდენიმე საგუშაგო. საგუშაგოებზე შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის და სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლები იმყოფებიან.

 

შსს-ს ცნობით, ისინი მეწყერსაშიშ ზონებს აკვირდებიან. საფრთხის არსებობის შემთხვევაში, რადიოკავშირით დაუყოვნებლივ აცნობებენ ხეობაში, ქვემოთ მდებარე საგუშაგოზე მყოფ საპატრულო პოლიციის და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებს, რათა დროულად მოხდეს მეწყერსაშიში ზონიდან მძიმე ტექნიკისა და იქ მომუშავე პერსონალის ევაკუირება, რომლებიც ადგილზე საძიებო-სამაშველო და გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებენ.

შს მინისტრი დარიალის ხეობაში, 18/05/2014
შს მინისტრი დარიალის ხეობაში, 18/05/2014

 

ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, 17 მაისს, დილით, დაახლოებით 10 საათისთვის სოფელ გველეთთან, მდინარე დევდორაკისა და თერგის შესართავთან მთის მასივი ჩამოიშალა, რამაც დააზიანა რუსეთიდან მომავალი 700 მილიმეტრიანი და 1200 მილიმეტრიანი მაგისტრალური გაზსადენები.

 
სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს ცნობით, არსებობს დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მეწყერში მოყოლილია 3 სატვირთო ავტომობილი. ასევე, სადერივაციო გვირაბში, რომელშიც მეწყერის ჩამოწოლის მომენტში მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები და მოყოლილია რამდენიმე პირი.

მასალების გადაბეჭდვის წესი