ახალი ამბებისამართალი

“მე არ დამიხოცავს, ორმა უცხო კაცმა მოკლა” – სმიტების მკვლელობაში ბრალდებული

11 ივლისი, 2018 • 12365
“მე არ დამიხოცავს, ორმა უცხო კაცმა მოკლა” – სმიტების მკვლელობაში ბრალდებული

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული, 20 წლის მალხაზ კობაური ამბობს, რომ ის უდანაშულოა, ხადის ხეობაში 3 ადამიანი ორმა კაცმა მოკლა და მას აიძულეს, ბრალი ეღიარებინა. ამის შესახებ მან სასამართლოზე განაცხადა, სადაც აღკვეთის ღონისძიების საკითხი განიხილება.

“ისინი მე არ დამიხოცავს. ისინი ორმა უცხო კაცმა დახოცა და დამემუქრნენ, დედმამიშვილებს დაგიხოცავთო”, – განაცხადა ბრალდებულმა.

მალხაზ კობაურის ადვოკატმა სასამართლო სხდომის დახურვა მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის თქმით, არსებობს საფრთხე, რომ ბრალდებული მიიმალოს. ამასთან, როგორც პროკურორი ამბობს, მალხაზ კობაური კარგად იცნობს საქმეზე გამოკითხულ და ჯერ კიდევ გამოუკითხავ მოწმეებს, რის გამოც არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეც.

ამავე თემაზე:

“გამოძიება არაფერს გამორიცხავს” – შსს-ს ახალი ინფორმაცია სმიტების მკვლელობის საქმეზე

დავით ყაზარაშვილის განცხადებით, მალხაზ კობაური სასამართლოს შეცდომაში შეყვანას ცდილობს. პროკურორის თქმით, ის ჯერ პოლიციისთვის კვალის არევას ცდილობდა, შემდეგ კი თვითონ უჩვენა, სად იყო გადამალული გარდაცვლილი ბავშვის ცხედარი და დანაშაულის იარაღი. ამჟამად კი პოზიცია შეცვალა და ბრალს არ აღიარებს. როგორც დავით ყაზარაშვილი აცხადებს, სმიტების ოჯახთან შეხვედრამდე ბრალდებულს ალკოჰოლი ჰქონდა მიღებული.

პროკურორის ინფორმაციით, სმიტების ოჯახსა და მალხაზ კობაურს შორის ხადის ხეობაში მომხდარი შელაპარაკების საფუძველი იარაღის მოხმარების წესის დარღვევა გახდა. დავით ყაზარაშვილის თქმით, რაიან სმიტმა ახალგაზრდა მწყემსს შენიშვნა მისცა, რასაც შელაპარაკება მოჰყვა.

“ამ იარაღს ისე ატარებდა ეს პირი, რომ შეიძლება საფრთხე შექმნოდა ბავშვს, რომელიც იმყოფებოდა მის გვერდით, რის გამოც მან მიიღო შენიშვნა და სწორედ ამის გამო მოხდა შელაპარაკება”, – განაცხადა პროკურორმა.

ამავე თემაზე:

გვაქვს ვიდეოჩანაწერი, სადაც ბრალდებული ყვება, როგორ დახოცა სმიტები – პროკურორი

ადვოკატი: სმიტების მკვლელობაში ბრალდებული “უცხო პირებს” ამბობს და არა უცხოელებს


შსს-ს ინფორმაციით, 2018 წლის 6 ივლისს 112–ში შევიდა შეტყობინება ამერიკისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმრისა და მათი ოთხი წლის შვილის დაკარგვის შესახებ. შეტყობინების მიხედვით, ვერ ხერხდებოდა დაკავშირება რაიან და ლორა სმიტებთან, რომლებიც ხადის ხეობაში შვილთან ერთად იმყოფებოდნენ.

6 ივლისს პოლიციელებმა ჩანჩქერთან მიაგნეს ლორა სმიტის ცხედარს, მეორე დღეს კი აღმოაჩინეს რაიან სმიტის ცხედარიც. ამავე დღეს, შსს-ს ცნობით, დაკავებულის მითითებით, პოლიციამ 4 წლის ბავშვის ცხედარსაც მიაგნო, რომელიც დამარხული იყო.

გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით იყო დაწყებული, თუმცა სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი მონაცემების მიღების შემდეგ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა.

რაიან და ლორა სმიტები საქართველოში 6 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ. მათ საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა 2012 წელს მიიღეს.

შესწორება – სტატიის პირვანდელ ვერსიაში ეწერა “ორმა უცხოელმა”, რომელიც ადვოკატთან საუბრის შემდეგ შესწორდა “ორ უცხო პირად”. სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დღეს სასამართლოში “ორ უცხო პირზე” საუბრობდა და არა უცხოელებზე, როგორც ეს სხდომის დარბაზში მყოფთა უმრავლესობას მოესმა. მალხაზ კობაურმა პროცესზე ეს სიტყვები თქვა: “ისინი ორ უცხოურ მამაკაცმა დახოცეს”.

ადვოკატი: სმიტების მკვლელობაში ბრალდებული “უცხო პირებს” ამბობს და არა უცხოელებს

მასალების გადაბეჭდვის წესი