ახალი ამბები

რატომ გადაიფიქრა “ეს შენ გეხებამ” კამპანიის დროებით შეჩერება – სადავო საკითხი ფარული მოსმენების კანონპროექტში

19 მაისი, 2014 • • 1151
რატომ გადაიფიქრა “ეს შენ გეხებამ” კამპანიის დროებით შეჩერება – სადავო საკითხი ფარული მოსმენების კანონპროექტში

როგორც არასამთავრობო ორგანიზცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა, “სიდას” ხელმძღვანელმა ზვიად დევდარიანმა და ჟურნალისტმა ლაშა ტუღუშმა დღეს, 19 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, ეს მუხლი პარლამენტში შეტანილი კანონპროექტების ერთ–ერთ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ნაწილია. კანონპროექტების მიხედვით, მას შემდეგ, რაც საგამოძიებო უწყება ამა თუ იმ აბონენტისათვის ფარული თვალთვალისა და მიყურადებისათვის საჭირო სასამართლო–ნებართვას მოიპოვებს, მან შესაბამის პროვაიდერ კომპანიას უნდა მიმართოს მიყურადების დაწყებისათვის. სწორედ ამ მუხლს არ ეთანხმება აღმასრულებელი ხელისუფლება. პარლამენტმა გადაწყვიტა ჯერჯერობით ღიად დატოვოს ეს საკითხი და გარდამავალ დებულებაში ჩაიდო, რომ 1 ნოემბრამდე შეიქმნება სპეციალური კომისია შესაბამისი უწყებებისა და არასამთავრობოების მონაწილეობით, რომელიც გადაწყვეტს: ექნება თუ არა შსს–ს და სხვა საგამოძიებო უწყებებს ადამიანების თვალთვალისა და მიყურადების უფლება პროვაიდერი–კომპანიების საქმის კურსში ჩაყენების გარეშე. ამ მუხლის გარეშე კანონპროექტებისათვის პარლამენტს პლენარულ სხდომაზე კენჭი პირველი მოსმენით 16 მაისს უნდა ეყარა, თუმცა კვორუმის არ არსებობის გამო სხდომა ჩაიშალა:


ეს შენ გეხება
ეს შენ გეხება

“ძალიან მნიშვნელოვანი და პროგრესულია სხვა გარკევული დებულების მიღება. თუმცა, მეორე მხრივ, ჩვენ ვერასოდეს მოვახდენთ იმის მონიტორინგს, ასრულებენ თუ არა სამარათალდამცველები ამ პროგრესულ დებულებებს, თუკი მათ ხელში კვლავაც ექნებათ პირდაპირი წვდომის გასაღები. ვფიქრობ, ძალიან დიდი შეცდომაა, როცა მთავრობას კიდევ ეძლევა დრო. საქართველოს პარლამენტს ცალსახად უნდა გადაეწყვიტა ის გზა, რომლითაც მივდივართ და ეს გასაღები წაერთმია სამართალდამცველებისთვის, თუმცა გარდამავალ დებულებებში უნდა გაეწერა, თუ როდის გადავიდოდით ამ მოდელზე. სამწუხაროა, რომ პარლამენტი ამ გზაზე არ წავიდა”, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

ლაშა ტუღუშის თქმით კი, საკითხი, რომლის მიხედვითაც სამართალდამცავ უწყებებს კომპანიების გვერდის ავლით მათი აბონენტების პერსონალურ მონაცემებზე პირდაპირი დაშვების შესაძლებლობა არ უნდა ჰქონდეთ, პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტების მთავარი ღერძი და არტერიაა, სადაც აუცილებლად უნდა არსებობდეს კონტროლის მექანიზმი. მისივე ინფორმაციით, ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ აღმასრულებელ ხელისუფლებაში ზემოხსენებული კანონპროექტების მიმართ თითქმის ასპროცენტიანი მიუღებლობა არსებობდა, ასევე ნეგტიური დამოკიდბეულება იყო ამ პროცესში პერსონალური მონაცემების დაცვის ინსტიტუტის ინსტიტუციონალურ გაძლიერებასთან დაკავშირებით, რაც ჟურნალისტს აფიქრებინებს, რომ მთავრობაში ამ საკითხზე გარე კონტროლის დაწესება საერთოდ არ უნდათ. მისივე თქმით, ასევე მიუღებელია, რომ მთავრობა ამ საკითხზე მსჯელობის გადადებას ითხოვს, რადგან კანონპროექტები პარლამენტში ერთი წელია არსებობს, რაც შესაბამისი დისკუსიისა და მიდგომების ჩამოყალიბებისათვის საკმარისი დრო იყო. ტუღუში ვარაუდობს, რომ ხელისუფლება არა პრობლემის დროულ გადაწყვეტას, არამედ დროის გაწელვას ცდილობს:

კომისიაში, რომელმაც ზემოხსენებულ საკითხზე უნდა იმსჯელოს ნოემბრამდე, სავარაუდოდ, “ეს შენ გეხებას” წარმომადგენლებიც მოიზარებიან. ნეტგაზეთის კითხვას, ხომ არ ფიქრობენ ისინი ბოიკოტზე და ამ პროცესში მონაწილეობაზე უარის თქმას, არსებული გამოცდილებიდან გამომდინარე, ზვიად დევდარიანმა ასე უპასუხა:

“ჩვენ განვიხილავდით იმ საკითხსაც, რომ დროებით “ეს შენ გეხებას” კამპანია შეჩერებულიყო. ეს ხაზს უსვამს ჩვენს ძალიან პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას ამ თემის მიმართ, ხაზი გავუსვით იმას, რომ არ გვინდა კამპანია გმოყენებული იყოს პოლიტიკური ბერკეტად სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან. შესაბამისად, მოახლოებული არჩევნების და იმის გამო, რომ თუ ეს ნაბიჯი გადმოიდგემობდა ხელისუფლებისაგან და პირველი მოსმენით მიღებული იქნებოდა კანონი, კამპანია დროებით შეგვეჩერბეინა, მაგრამ ახლა ჩვენ რეალურად ვართ არა იმ მდგომარეობაში, რომ კამპანია შევაჩეროთ, არამედ იმ მდგომარეობაში, რომ დამატებით აქტივობებზე ვიფიქროთ, რათა საზოგადოების მობილიზება მოვახდინოთ.

 

ჩვენ ვფიქრობთ, რომ კამპანია გაგრძელდება იმ დრომდე, ვიდრე ეს საკითხი საკანონმდბელო დონეზე საბოლოოდ არ იქნება გადაწყვეტილი და შემდეგ კიდევ ვიმსჯელებთ. მეორე- მე არ მგონია, რომ ჩვენ ამ კომისიის მიმართ ბოიკოტის რეჟიმში უნდა ვიყოთ, ვინაიდან პირველი მოსმენით მიღებით პროცესის ერთ ეტაპს გავდივართ. შემდეგ, რა თქმა უნდა, მნიშნელოვანია, რომ კომისიაში ვიყოთ ჩართულები და ჩვენი მხრიდან გავაგრძელოთ ბრძოლა იმისათვის, რომ ის საბოლოო გადაწყვეტილება, რომელსაც კომისია დადებს, იყოს უფრო პროგრესული, ვიდრე თუნდაც განაცხადია ამ ეტაპზე”, – აღნიშნა ზვიად დევდარიანმა.


იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი პირველი მოსმენით აღნიშნული კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე კენჭისყრას გადაწყვეტს, რიგგარეშე სხდომა გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი