ახალი ამბები

ზურაბიშვილის განცხადებაზე გამოძიება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის მუხლითაც მიმდინარეობს

12 ნოემბერი, 2018 • 2309
ზურაბიშვილის განცხადებაზე გამოძიება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის მუხლითაც მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის და მისი ოჯახის წევრების მიმართ მუქარის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, მიმდინარე წლის 10 ნოემბერს პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განცხადებით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს და შეატყობინა, რომ სოციალურ ქსელ “ფეისბუქის” მეშვეობით მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ ხორციელდებოდა მუქარა. კერძოდ, მათ მიიღეს შეტყობინებები სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფის შესახებ.

ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, იმავე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის და მუქარის ფაქტზე. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის I ნაწილით და 151-ე მუხლის I ნაწილით. მისი თქმით, საქმეზე აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

„იმის გათვალისწინებით, რომ საქმე ეხება პრეზიდენტობის კანდიდატს, გამოძიება წარიმართება ინტენსიურად. ასევე, ვიყენებთ კანონით დასაშვებ ყველა შესაძლო ბერკეტს არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად. როგორც კი გვექნება გამოძიების შესახებ დამატებითი ინფორმაცია, საზოგადოებას აუცილებლად ვაცნობებთ“, – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

“ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის თქმით, 9, 10 და 11 ნოემბერს მას და მის შვილებს – თეიმურაზ და ქეთევან გორჯესტანებს გაეგზავნათ სმს და ხმოვანი შეტყობინებები, სადაც ნათლად არის გამოკვეთილი სიცოცხლის მოსპობის მუქარა. ზურაბიშვილის თქმით, მას “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებული ყოფილი სამხედროები ემუქრებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროში არ განმარტავენ, რატომ მიმდინარეობს გამოძიება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის მუხლით და ნიშნავს თუ არა ეს, რომ ზურაბიშვილისა და მისი ოჯახის წევრების კომპიუტერულ სისტემებზე ჰაკერული შეტევა განხორციელდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი