მაჩალიკაშვილი: ორ ადამიანს გვებრძვის სახელმწიფო, როცა რუსი ოკუპანტი კარზე მოგვადგა

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციას პანკისის სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუერთდა. ის დღეს, დღის პირველ ნახევარში გაემგზავრა პანკისის ხეობაში, საიდანაც ცოტა ხნის წინ დაბრუნდა

მან მოქალაქეებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა და ხელისუფლების ქმედებები გააკრიტიკა.

“…უკეთ ვარ, რომ გხედავთ. მრცხვენია კიდეც და და მეამაყება კიდეც. დღეს, როგორც ასეთი , ამ ორი თვის განმავლობაში მომიწია წასვლა ხეობაში ჩემთვის ძალიან სერიოზულ საქმეზე და ვიფიქრე, თემირლანის საფლავს თვალს გადავავლებ მეთქი. ამასობაში ტელევიზორში ვხედავ, ჩემთვის ძალიან ახლო ადამიანი და დედამისი სასწრაფოს მიჰყავდა.

…არ ვიცი, ამ ხელისუფლებას რა უნდა ველაპარაკო ამ მე ან ჩვენ. ამ ორ ადამიანს მთელი სახელმწიფო გვებრძვის. ამასობაში რუსმა ოკუპანტმა საქართველო შეჭამა, კარზე მოგვადგა. მივმართავ ამ ხელისუფლებას, რას ფიქრობთ? ასეთი ადამიანები ბიბლიაში არ არიან ნახსენები, ასეთი ადამიანები ყურანშიც არ არიან ნახსენები…

…გამოვიდეთ მთელი საქართველო, დაისაჯონ ის ადამიანები, ვისაც სისხლში აქვთ ამოთხვრილი ხელები”, – მიმართა მაჩალიკაშვილმა პარლამენტთან შეკრებილებს.

რა ხდებოდა პარლამენტთან 10 ნოემბრის საღამოს?

შვილმოკლული მამების მხარდამჭერი საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ 20:00-ზე დაიწყო. ის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ იყო ორგანიზებული და ორ საკითხს მოიცავდა:

  • ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე სარალიძისა და მაჩალიკაშვილისათვის პარლამენტის წინ, ტროტუარზე კარვის გაშლაში ხელშეშლა სახელმწიფოს მხრიდან.
  • მერიის მოთხოვნა შვილმოკლული მამებისათვის, საახალწლო ნაძვის ხის დადგმის გამო, შეეცვალათ აქციის ადგილმდებარეობა 7 დეკემბრამდე.

აქცია მალევე გადაიზარდა პოლიციასთან შეხლა-შემოხლაში. პოლიციელები ისევ შეეცადნენ, დემონსტრანტებისთვის ჯერ კიდევ გაუშლელი კარვები წაერთმიათ, რასაც მოქალაქეთა წინააღმდეგობა მოჰყვა. გაწევ-გამოწევისას  შეუძლოდ ზაზა სარალიძე, მოგვიანებით კი მისი დედა. საბოლოოდ, ორივე მათგანის კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ პოლიციის ქმედებები უკანონოა და მოქალაქეებს უფლება აქვთ, ისარგებლონ შეკრებისა და მანიფესტაციების კანონით გათვალისწინებული ერთ-ერთი უფლებით – გაშალონ კარავი პროტესტის გამოსახატად. მოგვიანებით, მათ კარვები პარლამენტთან მაინც განათავსეს და განაცხადეს, რომ იქ მთელი ღამის მანძილზე დარჩებიან.

კარვის გაშლის შეზღუდვას გასული პერიოდის მანძილზე ეხმაურებოდა სახალხო დამცველიც, რომელიც სახელმწიფოს ამ ქმედებას შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებაში ჩარევად აფასებდა. ომბუდსმენმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოშიც წარადგინა.

სახალხო დამცველმა ასევე გააკრიტიკა მერიის მოთხოვნა სარალიძე/მაჩალიკაშვილისადმი აქციის ადგილმდებარეობის შეცვლასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ აღნიშნული ფაქტი კანონმდებლობის ნორმებს სცდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან