ახალი ამბები

“თანასწორობის მოძრაობამ” თსსუ-ს დისკრიმინაციული სახელმძღვანელოს გამო ომბუდსმენს მიმართა

8 ნოემბერი, 2018 • 2507
“თანასწორობის მოძრაობამ” თსსუ-ს დისკრიმინაციული სახელმძღვანელოს გამო ომბუდსმენს მიმართა

“თანასწორობის მოძრაობამ” თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ერთ-ერთ სახელმძღვანელოში ლგბტ თემის მიმართ დისკრიმინაციული განმარტებების გამო სახალხო დამცველს მიმართა. საქმე ეხება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სალექციო კურსის სახელმძღვანელოს “სასამართლო მედიცინა და საექიმო სამართალი”.

ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ აღნიშნულ სახელმძღვანელოს ამ საგნის სწავლებისას მრავალი წელია გამოიყენებენ და ის ძირითადი სახელმძღვანელოა.

როგორც ორგანიზაცია განმარტავს, წიგნში გამოყენებულია ტერმინები “მამათმავლობა”, “ლესბიანობა”, “პედერასტია”, “აქტიური პედერასტი”, “პასიური პედერასტი”, “გაუკუღმართებული სქესობრივი კაშირი”, რომლებიც ამყარებს სტერეოტიპებს, ხელს უწყობს და აქეზებს დისკრიმინაციულ მოპყრობას საქართველოში მცხოვრები ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ.

“ლგბტ ადამიანები დღეს საქართველოში წარმოადგენენ ერთ-ერთ ყველაზე მარგინალიზებულ და დაუცველ ჯგუფს, რომლის უფლებები ყოველდღიურად ირღვევა. ამის დასტურია ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების თუ ინსტიტუტების ანგარიშები და კვლევები.

თანასწორობის მოძრაობას მიაჩნია, რომ სახელმძღვანელოში “სასამართლოს მედიცინა” გამოყენებული ტერმინები და დაფიქსირებული ინფორმაცია/მოსაზრებები ამყარებს სტერეოტიპებს და წარმოადგენს დისკრიმინაციის განხორციელების წახალისებას/წაქეზებას ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ”, – წერს ორგანიზაცია.

ამასთანავე, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გარდა დისკრიმინაციული ტერმინებისა, სახელმძღვანელო სხვა ხარვეზებს შეიცავს. მაგალითად, სახელმძღვანელოში მოცემულია ციტატა: “საქართველოს სსკ 138-ე მუხლი ითვალისწინებს სასჯელს, როდესაც ადგილი აქვს სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებას, მამათმავლობას, ლესბიანობას ან სხვა სექსუალურ კონტაქტს გაუკუღმართებული ფორმით ჩადენილს ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით.”

მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლი მსგავს შინაარს არ შეიცავს, სსკ 138-ე მუხლის დისპოზიცია ამჟამად გამოიყურება აბსოლუტურად  განხვავებულად. ასევე, სახელმძღვანელოში კანონმდებლობის ციტირებისა და განმარტებისას არაერთხელ არის გამოყენებული ტერმინი “გაუკუღმართებული სქესობრივი კავშირი”, რაც ასევე მოძველებულია და სისხლის სამართლის მოქმედი კოდექსი ამ ტერმინს აღარ იყენებს.

“ჩვენ სადავოდ მივიჩნიეთ ასევე რამდენიმე ციტატა, სადაც ტრანსგენდერობა/ტრანსსექსუალობა წარმოჩენილია როგორც დარღვევა, ავადმყოფობა. ის დახასიათებულია ისეთი სიტყვებით, როგორიცაა “თვითშეგნების დარღვევა”, “სადიზმი”, “პერვერსია”. ჩამოთვლილი ტერმინები არის ცალსახად უარყოფითი კონოტაციის მატარებელი და ეწევა ტრანსგენდერი/ტრანსსექსუალი ადამიანების მარგინალიზებას”, – წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

2018 წლიდან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მიიღო ახალი კლასიფიკაცია (ICD-11), რომელშიც ტრანსგენდერობა ამოღებულია მენტალური დაავადებათა სიიდან და გადატანილია სხვა კატეგორიაში, სადაც ტრანსგენდერობას განიხილავს არა როგორც დაავადებას, არამედ გარემოებას, რომელიც პიროვნებისთვის იწვევს სტრესს საზოგადოებაში სტიგმისა და დისკრიმინაციის გამო. ორგანიზაციის განმარტებაში ვკითხულობთ, რომ ზემოხსენებულის გათვალისწინებით ტრანსგენდერობის/ტრანსსექსუალობის სახელმძღვანელოში მოცემული განმარტება არის არასწორი და მოძველებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი