საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ვერიფიცირებული ფეისბუკ გვერდი აღდგენიდან რამდენიმე საათში კვლავ წაიშალა.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორიგი კვირიკაშვილის ვერიფიცირებული გვერდი სოციალურ ქსელ ფეისბუკზე დღეს, 7 ნოემბერს აღდგა. კვირიკაშვილმა ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე გადადგომის შემდეგ პირველი განცხადება გამოაქვეყნა (განცხადების ტექსტს გაეცანით ბმულზე).
თუმცა, განცხადების გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში გვერდი სოციალური ქსელიდან კვლავ გაქრა.
განახლება:
მასალის გამოქვეყდნებიდან რამდენიმე წუთში გიორგი კვირიკაშვილის ფეისბუკ გვერდი ისევ აღდგა და ამ დრომდე ხელმისაწვდომია [19:00].
მას შემდეგ, რაც კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა, მისი ფეისბუკის ვერიფიცირებული გვერდი ხელმისაწვდომი იყო, თუმცა 20 ივლისს უკვე აღარ იძებნებოდა. მაშინ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ მას შემდეგ, რაც კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა, ფეისბუკის გვერდი არის მისი პირადი გვერდი და მასზე მთავრობის ადმინისტრაციას წვდომა აღარ ჰქონდა, შესაბამისად, ადმინისტრაციისთვის უცნობია, ვინ გააუქმა ის.
გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ფეისბუკის გვერდი, რომელსაც ათასობით მომწონებელი ჰყავდა, საყოველთაო განხილვის საგანი 2018 წლის მაისში გახდა. მაშინ პრემიერის პოსტს, რომლითაც ის არასამთავრობო ორგანიზაციებს აკრიტიკებდა, ფეისბუკის ათასობით მომხმარებლები “ჰაჰაჰა”-თი გამოეხმარა, რასაც პოსტზე მოწონებების სწრაფი ტემპით მატება მოჰყვა. როგორც აღმოჩნდა, ეს მაჩვენებელი ძირითადად უცხო ქვეყნებში დარეგისტრირებული მომხმარებლების ხარჯზე გაიზარდა.
ამის შემდეგ მოქალაქეებმა “პრემიერის ბოტების” გასაპროტესტებლად კანცელარიასთან აქცია გამართეს და ბოტები მიიტანეს.
თავისი სოციალური მედიის ანგარიშები გააუქმა ბიძინა ივანიშვილმაც 2013 წელს, როცა მან პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა.