ახალი ამბები

“პრემიერის ბოტების” გასაპროტესტებლად მოქალაქეებმა კანცელარიასთან ბოტები მიიტანეს

6 ივნისი, 2018 • 8465
“პრემიერის ბოტების” გასაპროტესტებლად მოქალაქეებმა კანცელარიასთან ბოტები მიიტანეს

მთავრობის ადმინისტრაციასთან მოქალაქეებმა პროტესტის ნიშნად ბოტები დატოვეს. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ამ ფორმით  „მთავრობის სამარცხვინო პროპაგანდისტულ ინსტრუმენტებს” აპროტესტებენ.

“ვაპროტესტებ ბოტოკრატიას, ბოტებით მმართველობას, რაშიც კარგახანია გადაიზარდა ქართული ოცნების მმართველობა. გუშინ კულმინაცია იყო ამ ყველაფრის, როცა ქართველი ბოტები არ გვაკმარეს და ინდოელი ბოტები შემოგვასიეს, ვითომ ძალიან მოსწონთ პრემიერ-მინისტრის სამარცხვინო, აბსოლუტურად არაადეკვატური განცხადება.

ვაპროტესტებთ ამას, რადგან ჩვენი აზრით, თუ დადასტურდება, და ალბათ დადასტურდება, რომ პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციამ თავისი განცხადების დასალაიქებლად გადაიხადა ფული ბოტებში – ეს არის გადასახადის გადამხდელთა, ჩვენი ფული. ეს არის ფლანგვა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. ზოგადად ეს ბოტოკრატია თავიდან ბოლომდე გამოსაძიებელია” – ამბობს პროდიუსერი მიშა მშვილდაძე.

მთავრობის ადმინისტრაციასთან მოქალაქეებმა პროტესტის ნიშნად ბოტები დატოვეს. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ამ ფორმით  „მთავრობის სამარცხვინო პროპაგანდისტულ ინსტრუმენტებს” აპროტესტებენ. 06.06.18 ფოტო: ნეტგაზეთი/ელენე ხაჭაპურიძე

აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ფეისბუქ პოსტზე, რომელშიც ის არასამთავრობო სექტორს აკრიტიკებს და ათასობით  ადამიანმა “ჰაჰა” რეაქციით უპასუხა, დაიწყო მოწონებების სწრაფი ტემპით მატება. როგორც აღმოჩნდა, ეს მაჩვენებელი ძირითადად უცხო ქვეყნებში დარეგისტრირებული მომხმარებლების ხარჯზე გაიზარდა.

პრემიერის პოსტს იწონებენ ინდოეთიდან, ბანგლადეშიდან, ვიეტნამიდან, პაკისტანიდან და სხვა ქვეყნებიდან. აღნიშნული ტენდენცია ბოლო რამდენიმე საათის მანძილზე შეიმჩნევა. სხვა ქვეყნებში რეგისტრირებული მომხმარებლები “ჰაჰა” რეაქციის განყოფილებაშიც გვხვდება, თუმცა, გაცილებით დაბალი ინტენსივობით.

პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაში კვირიკაშვილის პოსტზე ყალბი მომხმარებლების მიერ მოწონების ზრდასთან კავშირს უარყოფენ:

” Like-პროცესის დისკრედიტირების მიზნით, გამოჩნდა არაქართული წარმოშობის ყალბი პროფილები, რომლის შესყიდვაც შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, როგორც საკუთარი, ასევე, სხვა ნებისმიერი მომხმარებლის გვერდისთვის.

მასთან, ყველასთვის ცნობილია, რომ ლაიქების ყიდვის პროცესი, მით უმეტეს, არაქართული წარმოშობის პროფილების ჩართულობით, ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დარჩებოდა შეუმჩნეველი მომხმარებელთა მხრიდან. შესაბამისად, ნათელია, რომ ეს ქმედება განხორციელებულია კონკრეტულად იმ ჯგუფის მიერ, ვის ინტერესშიც შედიოდა პრემიერ-მინისტრის „ფეისბუქ“ გვერდის ადმინისტრაციის დისკრედიტირება” – უთხრეს “ნეტგაზეთს” კანცელარიაში.

მთავრობის ადმინისტრაციასთან მოქალაქეებმა პროტესტის ნიშნად ბოტები დატოვეს. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ამ ფორმით  „მთავრობის სამარცხვინო პროპაგანდისტულ ინსტრუმენტებს” აპროტესტებენ. 06.06.18 ფოტო: ნეტგაზეთი/ელენე ხაჭაპურიძე

პოსტით, რომელიც ფეისბუქ მომხმარებლებში განსაკუთრებული განხილვის საგნად იქცა, პრემიერ-მინისტრი არასამთავრობო სექტორს აკრიტიკებს. NGO-ების განცხადება, რომლითაც ისინი თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვენ, მანამდე კი მთავარი პროკურორის კანდიდატურის დასახელებას არ აპირებენ, პრეიმიერმა ულტიმატუმად შეაფასა.

“მიუღებელია, რომ არასამთავრობოების ნაწილი ულტიმატუმის ენით გვესაუბრება და ცდილობს, ბოიკოტის გამოცხადებით ეჭვქვეშ დააყენოს პროცესის ლეგიტიმაცია. მათ განცხადებებში იკვეთება საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანის მცდელობა, რაც ასევე სრულიად მიუღებელია. ამიტომ მოვუწოდებ მათ, ნუ გასცდებიან საკუთარი საქმიანობის მანდატს და თუ მათი მიზანი მართლაც პროცესის გამჭვირვალედ წარმართვაა, მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ თავიანთ გადაწყვეტილებებს”, – წერს კვირიკაშვილი და დასძენს, რომ მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესი გამჭვირვალე იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი