ახალი ამბები

ომბუდსმენი: ხუდონჰესის მშენებლობის კანონიერება შესაძლოა ეჭვის ქვეშ დადგეს

14 მაისი, 2014 • • 1417
ომბუდსმენი: ხუდონჰესის მშენებლობის კანონიერება შესაძლოა ეჭვის ქვეშ დადგეს

ომბუდსმენის დასკვნაში 7 რეკომენდაციაა, რომლის გაუთვალისწინებლობაც, უჩა ნანუაშვილის თქმით, ეჭვქვეშ დააყენებს პროექტის მშენებლობის კანონიერებას და ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების დაცვის საკითხს.

 

ომბუდსმენი ყურადღებას ამახვილებს  ინვესტიციის ეკონომიკურ ანალიზზე. დასკვნაში წერია, რომ:

 

“ენერგეტიკის სამინისტროს წერილის თანახმად პროექტი შესაძლებლობას იძლევა დასაქმდეს ადგილობრივი მოსახლეობა. მსგავსი სახის ვალდებულება ინვესტორს ხელშეკრულებით არ აქვს ნაკისრი. ამ პირობის შესრულება და ადგილობრივების დასაქმება, მოსახლეობის კვალიფიკაციის გათვალისწინებით, მხოლოდ პროექტის შემსრულებელი კომპანიის კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული “

 

გარდა ამისა, ომბუდსმენის დასკვნაში წერია, რომ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ კომპანია “ტრანსელექტრიკა ლიმიტედის” მხრიდან განსახორციელებელი ინვესტიციის მიმზიდველობის შეფასება და ეკონომიკური ანალიზი არ განხორციელებულა.

 

რაც შეეხება პროექტის უსაფრთხოების საკითხს, ომბუდსმენს მიზანშეწონილად მიაჩნია, განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს და შეფასდეს პროექტის განხორციელება ქვეყნის უსაფრთხოების თვალსაზრისით:

 

“ხუდონჰესის ელექტროსადგურის მშენებლობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების(გზშ) წინასწარი ვარიანტის თანახმად, პროექტის განხორციელების შედეგად იტბორება ზუგდიდი–ჯვარი–მესტიის დამაკავშირებელი გზა. როგორც ჩვენთვის ცნობილია ზუგდიდი–ჯვარი–მესტიის დამაკავშირებელი გზის ალტერნატიული ვარიანტი განხორციელების შედეგად მაქსიმალურად მიუახლოვდება რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიას”

 

სახალხო დამცველის თქმით, აუცილებელია ასევე მოსახლეობასთან შეთანხმებით შემუშავდეს ადგილობრივი მოსახლეობის განსახლების სამოქმედო გეგმა, განსახლების პოლიტიკა და მონიტორინგის გეგმა.

 

უჩა ნანუაშვილი
უჩა ნანუაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი