ახალი ამბები

“თალიბანის მამად” წოდებული სასულიერო პირი პაკისტანში მოკლეს

3 ნოემბერი, 2018 • 1507
“თალიბანის მამად” წოდებული სასულიერო პირი პაკისტანში მოკლეს

ცნობილი პაკისტანელი სასულიერო პირი მაულანა სამიულ ჰაკი, რომელიც “თალიბანის მამად” იწოდებოდა, დანით თავდასხმისას მოკლეს. “გარდიანის” ცნობით, შემთხვევა პაკისტანის ქალაქ რავალპინდში, 2 ნოემბერს მოხდა.

მოკლულის შვილის განცხადებით, ჰაკი საკუთარ სახლში, საძინებელ ოთახში იმყოფებოდა, რა დროსაც ის უცნობმა პირმა სასიკვდილოდ დაჭრა და მიიმალა. 81 წლის სასულიერო პირი ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მკვლელობის მოტივები უცნობია.

მომხდარიდან მალევე, ისლამაბადისა და რავალპინდის ქუჩებში ჰაკის მხარდამჭერები გამოვიდნენ. მათ მაღაზიები და ავტომანქანები დააზიანეს. მოკლულის ოჯახმა დემონსტრანტებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.

მაულანა სამიულ ჰაკი ცნობილი რელიგიური მოღვაწე და ისლამისტური პარტიის ლიდერი იყო, რომელსაც რადიკალი ისლამისტების ფართო წრე მისდევდა. ის ასევე ხელმძღვანელობდა აშშ-ს მიერ ტერორისტულ ორგანიზაციას აღიარებული “ჰაქანის ქსელის” კუთვნილ სემინარიას პაკისტანში, ავღანეთის საზღავრთან. ეს რელიგიური სასწავლებელი დაჯგუფება “თალიბანის” არაერთმა ლიდერმა დაამთავრა.

ჰაკის მკვლელობა უკვე დაგმეს პაკისტანის პრეზიდენტმა და პრემიერ მინისტრმა, იმრან ხანმა. ხანის განცხადებით, პაკისტანმა “დიდი რელიგიური ლიდერი” დაკარგა. პრემიერს მოკლული სასულიერო პირის მხარდაჭერის გამო მანამდე არაერთგზის აკრიტიკებდნენ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი