რატომ უნდა სჭირდებოდეთ შეხსენება, ვის მისცენ ხმა? – მაკრახიძე საჯარო სექტორის თანამშრომლებზე

2 ნოემბერს გორში, “ქართული ოცნების” ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი იოსებ მაკრახიძე რადიო “მოზაიკას” საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებზე ესაუბრა.

მეორე ტურის დანიშვნის მიზეზებზე საუბრისას მაკრახიძემ აღნიშნა, რომ “ადმინისტრაციამ კარგად ვერ იმუშავა” და საჯარო სამსახურის თანამშრომლებს არ უნდა სჭირდებოდეთ შეხსენება, თუ ვის მისცენ ხმა.

“ჩემს კომპანიაში, სადაც ვმუშაობდი, 600 კაცი მუშაობს, აქედან თითოს ოჯახში ხომ მაინცაა 2 ამომრჩეველი მინიმუმ. დაახლოებით ორი ათასმა კაცმა შეიძლება, რომ მე მხარი არ დამიჭიროს? მე იმედი მაქვს, რომ მხარს დამიჭერენ და თუ ასე არ იქნება, ეს მათი პრობლემაა.

ასეა საჯარო სამსახურებშიც, ადმინისტრაციამ ცუდად იმუშავა. იქ სკოლის დირექტორია, საბავშვო ბაღის გამგეა, იქ სპორტული ა(ა)იპ – ებია, სხვადასხვა მუნიციპალური ორგანიზაციებია, რატომ უნდა სჭირდებოდეთ მათ შეხსენება, ვის უნდა მისცენ ხმა. შეგნება უნდა ჰქონდეთ და აანალიზებდნენ, ვის სამსახურში მუშაობენ და ვინ იმსახურებს მათ მხარდაჭერას”, – აცხადებს მაკრახიძე.

იოსებ მაკრახიძე შპს “იბოილას” მეწილეცაა. არჩევნებამდე 2 თვით ადრე დეპუტატი აცხადებდა, რომ მმართველი პარტიის მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილისთვის თანხის შეწირვის საშუალება არ ჰქონდა, თუმცა მოგვიანებით ზურაბიშვილს 50 000 ლარი შესწირა. მაშინ მაკრახიძემ თქვა, რომ აღნიშნული თანხა თავის ქალიშვილსა და მის მეგობრებს გამოართვა.

მანამდე, “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნისას, მაკრახიძე პარტიის ერთ-ერთი მსხვილი შემომწირველი იყო.

“ქართული ოცნების” გორის ოფისში გამართულ შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი უძღვებოდა. რადიო “მოზაიკის” ცნობით, შეხვედრაზე პირველი ტურის მიზეზები განიხილეს და მეორე რაუნდის სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს.

“ცესკოს” საბოლოო შედეგებით, არჩევნების პირველ ტურში მმართველი პარტიის ფავორიტი კანდიდატისა და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის შედეგს შორის განსხვავება 1%-ზე ნაკლებია: სალომე ზურაბიშვილმა ხმათა 38.64%, გრიგოლ ვაშაძემ კი  – 37.74% მიიღო.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან