ახალი ამბები

გორში 18.8 მლნ-ის 33 ტენდერი მაჟორიტართან დაკავშირებულმა ფირმებმა მოიგეს – აუდიტი

22 ნოემბერი, 2019 • 2276
გორში 18.8 მლნ-ის 33 ტენდერი მაჟორიტართან დაკავშირებულმა ფირმებმა მოიგეს – აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის ახალი ანგარიშიდან ვიგებთ, რომ 2017-18 წლებში გორის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული 33 საგზაო ტენდერიდან 33-ვე შემთხვევაში გორის მაჟორიტარ დეპუტატთან, იოსებ მაკრახიძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა, „საგზაო სამმართველო #1-მა“, „შარამ“ და „იბოლიამ“ გაიმარჯვეს, უმეტეს შემთხვევაში, უკონკურენტოდ, ამ ტენდერების საერთო სახელშეკრულებო ღირებულება კი 18.8 მლნ ლარი იყო.

ვინ არის სოსო მაკრახიძე?

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ის ამ პარტიის ერთ-ერთი მსხვილი შემწირველი იყო. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, წინა ხელისუფლების მმართველობის დროს შპს „იბოლიამ“ 29 ტენდერში გაიმარჯვა, ასევე, გამარტივებული შესყიდვის წესით 21 კონტრაქტი გააფორმა.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად კი გორში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი გახდა. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ის სალომე ზურაბიშვილის მსხვილი შემწირველი იყო, თუმცა აცხადებდა, რომ შეწირული 50 000 ლარი შვილსა და მეგობრებს გამოართვა.

„ნეტგაზეთის“ მიერ პარლამენტიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის თანახმად, გორის მაჟორიტარი იოსებ მაკრახიძე 2018 წელს არც ერთხელ არ გამოსულა სიტყვით; იმავე წელს  არცერთი კანონპროექტის არც ავტორი და არც ინიციატორი არ ყოფილა.

რას ამბობს აუდიტი?

აუდიტის ანგარიშის თანახმად, 2017-2018 წლებში გორის მუნიციპალიტეტმა 33 ტენდერი გამოაცხადა გზების მშენებლობის, რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვის სამუშაოების შესყიდვისთვის. სატენდერო პროცესის შესწავლით კი გამოვლინდა, რომ „სატენდერო დოკუმენტაცია მოიცავდა სხვადასხვა სახის შემზღუდავ მოთხოვნებს, რის გამოც ტენდერები ტარდებოდა ერთი და იგივე მიმწოდებლების მონაწილეობით, ხოლო კონკურენციის შემთხვევაში ხდებოდა დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტების დისკვალიფიკაცია“.

აუდიტის თანახმადვე, ამ წლებში მუნიციპალიტეტმა ტენდერის გზით 33 ხელშეკრულება გააფორმა ზემოაღნიშნული სამუშაოების შესყიდვისთვის, სახელშეკრულებო ღირებულებით 18 785 200 ლარი. აუდიტის ცნობით, 33 ტენდერიდან 21 შემთხვევაში შპს „საგზაო სამმართველო №1- მა“, 8 შემთხვევაში – შპს „იბოლიამ“ და 4 შემთხვევაში შპს „შარამ“ გაიმარჯვა.

„იბოლია“ და „შარა“ გორის მაჟორიტარი დეპუტატის, სოსო მაკრახიძის დაფუძნებულია. იბოლიაში 40%-იან წილს ახლაც ფლობს, შვილების, მარიანა და ოფელია მაკრახიძეების 30%-იან წილთან ერთად;

„შარაში“ კი მისი შვილი, ოფელია მაკრახიძე, 33%-იან წილს ფლობს. რაც შეეხება „საგზაო სამმართველო #1-ს“, აქ 50%-იან წილს ფლობს შოთა აბულაძე, რომელიც ადგილობრივი მედიების, qartli.ge-ს და რადიო „მოზაიკის“ თანახმად, მაკრახიძეების ახლობელია.

აუდიტის სამსახური ასკვნის, რომ მუნიციპალიტეტის საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოების შესყიდვებისას სატენდერო დოკუმენტაცია მოიცავდა სხვადასხვა სახის შემზღუდავ მოთხოვნებს, რის გამოც ხშირ შემთხვევაში ტენდერები ტარდებოდა ერთი პრეტენდენტის მონაწილეობით, ხოლო კონკურენციის შემთხვევაში ხდებოდა დაბალფასიანი სატენდერო წინადადების მქონე პრეტენდენტების დისკვალიფიკაცია.

„გარდა ამისა, ზოგიერთ შემთხვევაში სატენდერო კომისიას პრეტენდენტების მიმართ გააჩნდა არაერთგვაროვანი მიდგომა. ამ გარემოებების გათვალისწინებით, არსებობს რისკი იმისა, მერიამ სატენდერო პროცესი წარმართა იმგვარად, რომ შესაძლოა სატენდერო პირობები მორგებული ყოფილიყო კონკრეტული მიმწოდებლების ინტერესებს. შედეგად, მერიამ დაკარგა საბიუჯეტო სახსრების ეკონომიის მიღების შესაძლებლობა“.

დეტალები

კერძოდ, აუდიტი წერს: „ამ [ჯამში, 33] შესყიდვებიდან 21 ტენდერი ჩატარდა უკონკურენტო გარემოში. შესწავლით გამოვლინდა, რომ სატენდერო მოთხოვნები მოიცავდა: შესასრულებელი სამუშაოების არაგონივრულ გამოცდილებას, თავისუფალი ფინანსური რესურსის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენას, მატერიალურ-ტექნიკური ბაზიდან მინიმუმ 50%-ის საკუთრებაში ფლობას და სხვა“.

„აგრეთვე, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული იყო, რომ ტექნიკური მოთხოვნების წარმოუდგენლობის შემთხვევაში, დაზუსტების გარეშე მოხდებოდა პრეტენდენტების დისკვალიფიკაცია. აღნიშნული მოთხოვნები შესაძლოა ზღუდავდა კონკურენციას და იწვევდა პრეტენდენტების მიმართ დისკრიმინაციულ და არასამართლიან მიდგომას. კერძოდ:

  • სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული ანალოგიური სამუშაოების გამოცდილება არ იყო დათვლილი რაიმე კრიტერიუმებსა და გაანგარიშებებზე დაყრდნობით;
  • პასუხისმგებელი პირის განმარტებით, გამოცდილების ღირებულება მოითხოვებოდა კონკრეტული სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე. თუმცა შესწავლით გამოვლინდა, რომ გზების რეაბილიტაციის ტენდერებზე ანალოგიური სამუშაოების გამოცდილების ღირებულება მერყეობდა სავარაუდო ღირებულების ოთხმაგი ოდენობიდან ცამეტმაგ ოდენობამდე;
  • სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული იყო მოთხოვნა, როდესაც პრეტენდენტს უნდა წარმოედგინა სავარაუდო ღირებულების მინიმუმ 25- 30%-ის თავისუფალი ფინანსური რესურსის დამადასტურებელი დოკუმენტი. აუდიტის ჯგუფმა ვერ მიიღო საკმარისი და შესაფერისი რწმუნება იმისა, თუ რა აუცილებლობითაა გამოწვეული ამ პირობის განსაზღვრა, როდესაც სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულია შუალედური ანგარიშსწორება გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული სამუშაოების ჩაბარებისას. ასევე, მოთხოვნილია სამუშაოების ხარისხიანად შესრულების შესახებ სარეკომენდაციო ცნობის წარმოდგენა.

მაგალითად: 2017 წლის 22 დეკემბერს მერიამ გამოაცხადა ტენდერი საგზაო სამუშაოების შესყიდვაზე, სავარაუდო ღირებულებით 500 000 ლარი. სატენდერო დოკუმენტაციით განისაზღვრა, რომ პრეტენდენტს შესრულებული უნდა ჰქონოდა არანაკლებ 2 მლნ ლარის ოდენობის ანალოგიური სამუშაოები, აქედან ერთი ხელშეკრულება მაინც- არანაკლებ 700 000 ლარის. ამ ხელშეკრულებაზე დამკვეთისგან პრეტენდენტს უნდა წარმოედგინა რეკომენდაცია სამუშაოების ჯეროვანი შესრულების შესახებ. ტენდერში მონაწილეობა მიიღო ორმა პრეტენდენტმა: შპს „საგზაო სამმართველო №1-მა“ სატენდერო წინადადებით 490 000 ლარი და შპს „ორბიტამ“ სატენდერო წინადადებით 450 000 ლარი.

შესწავლით გამოვლინდა, რომ დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტს წარმოდგენილი ჰქონდა ჯამურად 2 მლნ ლარზე მეტი ღირებულების გამოცდილება. გარდა ამისა, მან წარმოადგინა სარეკომენდაციო წერილი, რომლის თანახმად, ერთი ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული ჰქონდა 562 200 ლარის სამუშაო. შესაბამისად, მოხდა დაბალფასიანი სატენდერო წინადადების მქონე პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია, რადგან არ ჰქონდა ერთი ხელშეკრულების ფარგლებში მინიმუმ 700 000 ლარის სამუშაოების შესრულებაზე სარეკომენდაციო წერილი.

მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულებები იმისა, თუ რაზე დაყრდნობით და გაანგარიშებით მოითხოვა ერთი ხელშეკრულების ფარგლებში 700 000 ლარის გამოცდილება, როდესაც სულ მოთხოვნილი ჰქონდა 2 მლნ ლარის გამოცდილების წარმოდგენა, ხოლო სავარაუდო ღირებულება 500 000 ლარს შეადგენდა.

მუნიციპალიტეტის მიზანია, რომ სამუშაოები შეისყიდოს ეკონომიურად, ხოლო ტექნიკური მოთხოვნები განსაზღვროს იმგვარად, რომ დარწმუნდეს პრეტენდენტის მიერ სამუშაოების, დაგეგმილი მოცულობითა და ხარისხით შესრულების შესაძლებლობაში. მუნიციპალიტეტს ჰქონდა პრაქტიკა, როდესაც ერთი ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებულ სამუშაოებს ითხოვდა არაუმეტეს სავარაუდო ღირებულებისა. შესაბამისად, გაუგებარია, რატომ გახდა საჭირო ამ კონკრეტულ შემთხვევაში 700 000 ლარის შესრულების მოთხოვნა, როდესაც სავარაუდო ღირებულება 500 000 ლარი იყო. საბოლოოდ, ტენდერში გაიმარჯვა 40 000 ლარით უფრო მაღალი სატენდერო ფასის მქონე პრეტენდენტმა – შპს „საგზაო სამმართველო №1-მა“;

აგრეთვე, სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი იყო მატერიალურ- ტექნიკური ბაზა (მანქანები 14-დან 18-მდე დასახელების), აქედან, მინიმუმ, 50% უნდა ყოფილიყო პრეტენდენტის საკუთრებაში. ეს მოთხოვნა არ იყო განპირობებული ობიექტური საჭიროებით. აღსანიშნავია, რომ პრეტენდენტმა, რომელმაც ამ შეზღუდვის გამო ვერ მიიღო მონაწილეობა ერთ-ერთ ტენდერში, იჩივლა შესყიდვების სააგენტოში . 2018 წლის მაისში დავების საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება და მერიას დაავალა გადაეხედა სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული მოთხოვნისთვის. საბჭოსთვის ბუნდოვანი იყო, რამდენად გამართლებული და მიზანშეწონილია ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისთვის სპეცტექნიკის არანაკლებ 50%-ის საკუთრებაში ქონის მოთხოვნა;

მაგალითად: 2017 წელს მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა ტენდერი 26 მაისის სახელობის სანაპიროს და ლომჭაბუკის სკვერის მიმდებარედ არსებული მისასვლელი გზების და მოედნის რეაბილიტაციაზე, სავარაუდო ღირებულებით 379 000 ლარი . ტენდერში მონაწილეობდა ორი პრეტენდენტი: შპს „იბოლია“ სატენდერო წინადადებით 379 000 ლარი და შპს „პრიორიტეტი“ სატენდერო წინადადებით 375 000 ლარი.

სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი იყო 18 დასახელების მანქანა-მექანიზმის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა, აქედან 50% უნდა ყოფილიყო საკუთრებაში არსებული. დაზუსტების შემდგომ, დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტმა წარმოადგინა 17 დასახელების მანქანა-მექანიზმების შესახებ ინფორმაცია, ხოლო ერთი საფრეზი მანქანის შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა დაგვიანებით, რის გამოც მოხდა მისი დისკვალიფიკაცია. ტენდერში გაიმარჯვა შპს „იბოლიამ“ და გაუფორმდა ხელშეკრულება 379 000 ლარზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი