ახალი ამბები

ჭიკაიძის თქმით, შსს-დან მოსასმენი აპარატურის გატანა წინა მთავრობის წარმომადგენლებს შეეძლოთ

12 მაისი, 2014 • • 1322
ჭიკაიძის თქმით, შსს-დან მოსასმენი აპარატურის გატანა წინა მთავრობის წარმომადგენლებს შეეძლოთ

“2012 წლის არჩევნების შემდეგ, როდესაც მოხდა ახალი მინისტრის, ახალი ხელმძღვანელობის მოსვლა ამ სამინისტროში, ჩვენ გვქონდა აღრიცხვა იმ ტექნიკური თუ სხვა საშუალებების, რომელიც სამინისტროს მფლობელობაშია. აღმოჩნდა, რომ იყო ფარული ხარჯებით შესყიდული მრავალი მილიონის ტექნიკა, რომელიც ვიდრე ამ სამინისტროში ღარიბაშვილი შემოვიდოდა, ეს ტექნიკა იყო გატანილი. საქმე იყო დაწყებული ერთი წლის წინ. რახან აქტუალური გახდა ეს საქმე, პროკურატურაში მოხდა მისი გადაგზავნა, რომელსაც ის იძიებს. ვადასტურებ იმ ფაქტს, რომ რამდენიმე პორტატული კომპიუტერი, რომლის მეშვეობითაც შეიძლება გააკონტროლო სხვისი მოსმენა ან ვიდეომეთვალყურეობა, ეს ტექნიკა დაკარგულია სამინისტროდან”, – აცხადებს შს მინისტრი.

 

ჟურნალისტების შეკითხვაზე, თუ რას ნიშნავს, როცა შს მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ განაცხადა, რომ ფარულ სატელეფონო ჩანაწერებს, რომელიც ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა გაავრცელა 10 მაისს, არავითარი კავშირი არა აქვს სახელმწიფო ინსტიტუტებთან და, მით უმეტეს, შს სამინისტროსთან, მინისტრი ჭიკაიძე აცხადებს:

 

“ვნახოთ, გამოძიება დაწყებულია, წინასწარ შედეგებზე საუბარი არასერიოზული იქნება. მაშინ ამ ტექნიკის გატანა წინა მთავრობის წარმომადგენლებს შეეძლოთ და დამერწმუნეთ, გამვლელ პიროვნებას არ შეეძლოა სამინისტროდან გაეტანა, ე.ი. გამოდის, რომ ეს ტექნიკა რომელიღაც პიროვენებამ, რომელიც წარმომადგენელი იყო მთავრობის, შესაძლოა იმათში იყოს გაშლილი, სად იმყოფება ეს ტექნიკა, დადგენილი არ არის ამ ეტაპზე, მაგრამ ჩვენებებია, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მაშინდელი კუდის თანაშრომლების ჩვენებები, რომ ის ტექნიკა მოდული შენობიდან იყო დატვირთული და გატანილი და მოხდა მათი გატანა.”


შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გადაცემა “განსხვავებულ აქცენტებში” 10 მაისს ეთერში გავიდა ფარული ჩანაწერები, რომლებიც ასახავს 2013 წელს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის სატელეფონო საუბარს თბილისის მაშინდელ მერ გიგი უგულავასთან, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას საუბარს მაშინდელ უშიშროების საბჭოს მდივან გიგა ბოკერიასთან, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ დავით საგანელიძის საუბარს ბიზნესმენ რომან ფიფიასთან და ა.შ. ტელეკომპანიის ცნობით, ეს მასალები მათ შსს-დან ინკოგნიტო წყარომ მიაწოდა. აღნიშნულ საკითხებზე პროკურატურა აწარმოებს გამოძიებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი