ახალი ამბები

გოგი ქავთარაძე: თუ ევროკავშირში შევედით, ჩვენ უფრო მეტს გავცემთ, ვიდრე – ისინი მოგვცემენ

11 მაისი, 2014 •
გოგი ქავთარაძე: თუ ევროკავშირში შევედით, ჩვენ უფრო მეტს გავცემთ, ვიდრე – ისინი მოგვცემენ

ბატონო გოგი, იქნებ გაიხსენოთ, პირველად როდის იყავით ევროკავშირის წევრ ქვეყანაში და რა მიზნით?

საფრანგეთში ვიყავი 2 კვირით. 1985 წელი იქნებოდა. ავენიონის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე ვიყავი. ძალიან დიდი პროგრამაა, გათენებამდე გრძელდება ხოლმე ჩვენებები. ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყნები მონაწილეობდნენ, ვეცნობოდით სპექტაკლებს.  

ვიზა როგორ აიღეთ? რა პროცედურები იყო მაშინ ამ მხრივ?

ამ ყველაფერს საკავშირო კულტურის სამინისტრო გვიკეთებდა, ოღონდ მოწვევა უნდა გქონოდა. სოხუმის თეატრის ხელმძღვანელი ვიყავი და ეს კონტაქტები დამყარდა.

თავისუფალი დრო გრჩებოდათ? რას აკეთებდით ასეთ შემთხვევაში?

ყველაფერს ვათვალიერებდით. ერთხელ ბარში შევედით, ეწერა – “ავეტის”, მივხვდი, რომ სომხური იყო. შევუკვეთეთ რაღაცები. მე ვიკითხე, “ავეტის” რატომ ჰქვია-მეთქი. მოლდოველი გვახლდა, ფრანგული იცოდა და გადათარგმნა. დავუწყე ლაპარაკი მეპატრონეს და ქართულად მკითხა, ქართველი ხომ არ ხარო. მე ვუთხარი – კი-თქო და აბა, მე თბილისელი სომეხი ვარო. დაგვპატიჟა, სიმღერები შეუკვეთა და ძალიან საინტერესო კაცი აღმოჩნდა.

რა შთაბეჭდილება დაგრჩათ საფრანგეთზე, იქ მცხოვრებ მოსახლეობაზე?

ვერაფერს გეტყვით, ისეთი მოკლე ვიზიტით ვიყავი. პარიზის წესიერად დათვალიერებაც ვერ მოვახერხეთ.

ევროკავშირის წევრ რომელ ქვეყანაში ხართ კიდევ ნამყოფი?

მეტგან არ ვყოფილვარ ევროპაში.

თქვენი აზრით, რატომ მიისწრაფის საქართველო ევროპისკენ, რას მისცემს საქართველოს ევროკავშირი?

ეს იმდენად მნიშვნელოვანი ღონისძიებაა – ევროკავშირში ჩვენი ინტეგრირება, რომ ჯერ არა, მაგრამ ცოტა ხანში მოგვცემს შედეგს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩემს სფეროში ეს არის ძალიან დიდი მოვლენა იმიტომ, რომ იხსნება საზღვრები, იხსნება ჩვენი ურთიერთობები. ჩვენ დროს ძალიან, საბჭოთა კავშირის პერიოდში ძნელი იყო ეს. ახლა ჩვენთანაც არის თეატრალური ფესტივალები და ძალიან ბევრი ხალხი ჩამოდის, მაგრამ ეს ორმაგად და ათმაგად მოგვცემს შედეგს. თითქმის სავალდებულოც კი ხდება კონტაქტები.

თქვენ დიდი ხანი ცხოვრობდით საბჭოთა კავშირში. როგორ დაახასიათებთ მას, რა იყო კარგი და ცუდი?

სლოვაკეთში როცა მიყვებოდნენ, როგორ თელავდნენ ტანკები საბავშვო ბაღებს, ეს ტრაგედია იყო, იქ მსხვერპლი მოხდა და ძალიან დიდი მოვლენა იყო 1968 წელი. მხატვრები და რეჟისორები იყვნენ იქ, რომლებიც მე გავიცანი მაშინ, მთლად ოფიციალურად არ შეიძლებოდა ამის გაკეთება. გავიცანი მხატვრები, რომლებიც მეეზოვეებად მუშაობდნენ, არ ჰქონდათ საარსებო პირობები, იყვნენ რეჟისორები, რომლებმაც ხელოსნობას მიყვეს ხელი, დაჩაგრულები იყვნენ, ვინც აქტიურად მონაწილეობდა საპროტესტო გამოსვლებში და ა.შ.

გოგი ქავთარაძე

გოგი ქავთარაძე

რა მოგწონდათ?

ერთი რამ იყო ძალიან მნიშვნელოვანი – ეს არის უფასო განათლება, ახლა ჩვენთან 17 ფაკულტეტია მხოლოდ უფასო. ჯანმრთელობის სისტემა იყო უფასო.

პოლიტიკური თვალსაზრისით?

პოლიტიკური თვალსაზრისით, რასაკვირველია, ეს იდეოლოგია იყო დამთრგუნველი, ეს ძალიან რთული პრობლემაა. აი, ევროკავშირი ახლა, რა არის ევროკავშირი? არის საბჭოთა კავშირი, პირობითად ვლაპარაკობ, არის სხვადასხვა ქვეყნების ერთობლიობა, კონფედერაცია, ასე ვთქვათ, აი, ეს იყო. ჩვენთან იყო დიქტატურა, რომელიც თრგუნავდა ეროვნულს, თავისუფალს, ყველაფერს და აი, ამ სირთულეებში ჩვენ ვეშმაკობდით და ისეთ სპექტაკლებს ვდგამდით, რომ ასოციაციით ვუპირისპირდებოდით. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ საბჭოთა სისტემის დროს ჩვენნაირად თავისუფლად არავინ გრძნობდა თავს. ჩვენ რომ მოსკოვში ან ლენინგრადში ჩავდიოდით გასტროლებზე, ისინი სულ გვეკითხებოდნენ, კი, მაგრამ თქვენთან საბჭოთა კავშირი არ არისო, იმდენად თამამი სპექტაკლები გვქონდა.

ჩვენი კულტურა რამდენად ევროპულია?

 

ჩვენს საამაყოდ უნდა ითქვას, რომ თუ რამე საექსპორტო გვაქვს, ეს არის ქართული ღვინო და ქართული კულტურა. ქართული კულტურა, როგორც ასეთი, ყველა სფეროში. სტურუა დგამს სპექტაკლს არგენტინაში, სად არგენტინა, სად საქართველო, ხომ? იქ სულ სხვა სამყაროა და მათ უნდათ, რომ სტურუამ დადგას სპექტაკლი.  

ბატონო გოგი, თვითონ საზოგადოების კულტურაზე რას იტყვით, რამდენად ევროპულია იგი, რაც ყოფით ურთიერთობებში ვლინდება?

ჩვენ ძალიან ნიჭიერი ხალხი ვართ, უცხო ადამიანისთვის ძალიან საინტერესო ქვეყანა ვართ, მაგრამ ბევრი რამ არ გვაქვს. არ გვაქვს ყოფითი კულტურა, სერვისი რასაც ჰქვია, მომსახურეობა, ეს ყველაფერი. სამაგიეროდ რაღაც ეგზოტიკური გვაქვს, ხომ? – სიმღერები, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენი შერწყმა ამ ევროპულ კულტურაში ჩვენი სპეციფიურობით ძალიან კარგ შედეგს მოგვცემს, ამაღლდება ეს დონე, ეს ყოფითი და ევროპული ყაიდის რაღაც და ამას დაემატება ქართული სპეციფიური რაღაც.

ხალხში არსებობს მოსაზრება და ცალკეული სასულიერო პირებიც ამბობენ ხოლმე, რომ ევროპა გაგვრყვნის. თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე?

არა, არა, ეს აბსოლუტურად მოგონილია. დამიჯერეთ, ჩვენ თუ შევედით იქ, პოტენციაში იმდენად ნიჭიერი ხალხი ვართ, რომ ჩვენ უფრო მეტს გავსცემთ, ვიდრე ისინი მოგვცემენ. ისინი კარგად ხედავენ ამას.

გარდა ამისა, ისმის ხმები, რომ ევროპა ათეისტურია, რომ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას მოგთხოვენ.

რატომ არის ათეისტური? ქვეყნებს გააჩნია. იტალია, საფრანგეთი არ არის ათეისტური.

რაიმე ნეგატიურს არ ხედავთ ინტეგრაციის პროცესში?

ნეგატიურს ჩვენ ვხედავთ სხვა რამეში. ეს არის ის, რომ ნაციონალური კულტურა არ უნდა განვითარდეს წამბაძველობის მხარეს, არამედ შენარჩუნებული უნდა იყოს ის სპეციფიურობა, ის ეროვნული ნიშნები, რაც აქვს. ჩვენი სიმღერა, ცეკვა, თეატრი, კინო.

ამ ყველაფერს საფრთხე ემუქრება?

მაგრამ მე არ მეშინია ამის. ჩვენი პოტენცია ძალიან დიდია, ჩვენ მხოლოდ კარგს ავიღებთ.

რუსეთი წინააღმდეგია საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის. ვხედავთ, როგორ განვითარდა მოვლენები უკრაინაში. რამდენად ემუქრება საქართველოს საფრთხე თავისი მისწრაფებების გამო?

ჩვენ ახლა უკან ვეღარ დავიხევთ, ჩვენ მაინც გავწევრიანდებით, მთავარია, მიგვიღონ. ახლა რუსეთისაც მესმის მე, მას ხელიდან ეცლება მისი დიდი ბაზარი, ხომ, საბჭოთა კავშირი. მე ისეთი რამე ვთქვი, სხვას გაუკვირდება კიდეც, მე, მაგალითად, არ ვამტყუნებ. საბჭოთა კავშირი დაიშალა, დარჩა რუსეთი, შენ შეხვედი, ლიტვა შევიდა, ლატვია შევიდა, ესტონეთი შევიდა, მოლდოვა აპირებს, ახლა საქართველო მიდის, შენ სასაზღვრო ტექნიკას განალაგებ ევროუსაფრთხოების მხრივ, იმას არავინ ჰყავს, დარჩა მარტო, ამიტომ შეცდომებსაც უშვებს, აქტიურიც ხდება, გემუქრება კიდეც, მაგრამ ჩვენც ზომიერად, ჭკვიანურად უნდა მოვიქცეთ. არავის წინააღმდეგ არ შევდივართ, ეს უნდა გაიგოს რუსეთმა, რომ მათ წინააღმდეგ კი არ შევდივართ, არამედ მათთანაც კარგი ურთიერთობა გვინდა.

ჩვენთან რუსები არ ცხოვრობენ, მათ არ აქვთ ის კოზირი, რომ მოქალაქეების დაცვაზე დაიწყონ ლაპარაკი.

თუმცა რუსეთის მოქალაქის პასპორტის მიღების პროცედურა ძალიან გამარტივდა.

მერე რა? არავინ აიღებს. შეიძლება, ერთი, ორი სამმა აიღოს. სხვათა შორის, საინტერესო რამ მოხდა, არ ვიცი, ეს რა ჩაიფიქრეს, მაგრამ სომხებმა არ აიღეს პასპორტი ახალქალაქში. ჩვენი მიწააო, ამას კი გვეუბნებიან, მაგრამ ასეთი სიტუაციაა.

პარლამენტმა ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი მიიღო, რომელსაც საპატრიარქო და მრევლის ნაწილი მკვეთრ წინააღდმეგობას უწევს. ისინი აცხადებენ, რომ ჰომოსექსუალობის დაკანონება ხდება და ა.შ.  თქვენ როგორ შეაფასებთ არსებულ სიტუაციას?

მე მგონია, რომ ჩვენ ვიჩქარეთ, ან რაღაცა არასწორად… ხალხმა ვერ გაიგო ჩვენი გადაწყვეტილების შესახებ. აქ არავითარ ერთსქესიან ქორწინებაზე არ არის საუბარი. საუბარია, რომ ესენი არიან ჩვეულებრივი ადამიანები, ტრაგიკულ მდგომარეობაშიც არ ვამბობთ, ესენი არიან ჩვეულებრივი ადამიანები და თავის თავს თვითონ უნდა მოუარონ, მაგრამ როდესაც ეს ადამიანები ეწევიან აგიტაციას, პროპაგანდას, ეს არ უნდა იყოს. ისინი თავისუფლები არიან, როგორც ყველა ადამიანი, როგორც, ვთქვათ, დაავადებული კაცი, ოღონდ არ უნდა მოხდეს ამის …  ძალიან ფრთხილად უნდა მოვექცეთ სკოლებს, საბავშვო ბაღებს, იქ არ უნდა შევიდეს, ვთქვათ, ისეთი კადრი, რომელიც ამის პროპაგანდას დაიწყებს. ეს ხალხი იძახის, რომ “პიდარასტებს” ჩვენ არ დავუშვებთ, ამაზე არ არის ლაპარაკი. ჩვენ არავის არ ვიცავთ, არავის პროპაგანდას არ ვეწევით. ვამბობთ, რომ ეს ხალხი არსებობს, აქვთ უფლება იცხოვრონ თავისი წესით, ოღონდ ეს ჩვენ არ უნდა შეგვეხოს.  მე მგონი, სამღვდელოება რაღაცას ამწვავებს, მე ასე მეჩვენება. გლობალიზაციის შიშია, ალბათ.

როდესაც შემოვა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ტექსტი პარლამენტში რატიფიცირებისთვის, მხარს თუ დაუჭერთ?

რა თქმა უნდა.


საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება უკვე პარაფირებულია და აგვისტოში სავარაუდოდ მხარეები ხელს მოაწერენ, რის შემდეგაც საჭიროა საქართველოს პარლამენტში ამ დოკუმენტის  რატიფიცირება. “ნეტგაზეთმა” გადაწყვიტა შემოგთავაზოთ ინტერვიუების სერია საქართველოს პარლამენტის წევრებთან ევროპისა და ევროკავშირის შესახებ და მათი პერსონალური გამოცდილება და მოსაზრებები გაგიზიაროთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი