“საქართველოს ლეიბორისტულ პარტიაში” აცხადებენ, რომ საკუთარ მხარდამჭერებს მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერისკენ არ მოუწოდებენ.
როგორც “ნეტგაზეთს” პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი გუგავამ უთხრა, “ლეიბორისტული პარტია” არ უერთდება დავით ბაქრაძის ინიციატივას ოპოზიციური პარტიების საერთო საკოორდინაციო შტაბის შექმნასთან დაკავშირებით.
ამ თემის შესახებ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე შალვა ნათელაშვილმაც ისაუბრა. პარტიის ლიდერის თქმით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამოჩნდა, რომ მოსახლეობა “ქართული ოცნების” მმართველობით უკმაყოფილოა და ხელისუფლებას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდა.
შალვა ნათელაშვილის თქმით, რაც შეეხება მეორე ტურს, ის ვერავის ვერაფერს მოუწოდებს და ვერც აუკრძალავს:
“ვიცი, რომ ჩემს ამომრჩეველს ივანიშვილის ატანა არ აქვს და მისი კანდიდატების. ამიტომ, თუ მივლენ ისინი არჩევნებზე, მათ ხმას არ მისცემენ. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს მეორე ტურის შედეგებს, სისტემამ დაიწყო ნგრევა, ამას ვერაფერი გააჩერებს”, – ამბობს ნათელაშვილი.