ახალი ამბები | ,

მეორე ტურის წინ “ოცნება” “შესაძლებლობების მობილიზებას” იწყებს

1 ნოემბერი, 2018 | | 2434
მეორე ტურის წინ “ოცნება” “შესაძლებლობების მობილიზებას” იწყებს

არჩევნების მეორე ტურის წინ “ქართული ოცნება” “შესაძლებლობების მობილიზებას” იწყებს. საარჩევნო კამპანიაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი.

განცხადებები ამის შესახებ დეპუტატებმა პარტია “ქართული ოცნების” ოფისში გამართული საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ გააკეთეს. შეხვედრას “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ესწრებოდნენ.

დეპუტატ ეკა ბესელიას ინფორმაციით, შეხვედრაზე სამომავლო ცვლილებების ორეტაპიანი სტრატეგიის შესახებ იმსჯელეს.

“საჭიროა ცვლილებები და ამ ცვლილებებს აქვს ორი ეტაპი. პირველი არის მოკლევადიანი, რომელიც ეხება საარჩევნო კამპანიის მეორე ტურამდე დასაგეგმ ღონისძიებებს, რაც აუცილებლად გასაკეთებელია, შესაცვლელია, გადასამოწმებელია, გადასახედია…“, – განაცხადა ბესელიამ, თუმცა დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ “პარტიის შიდა საქმეა, როგორ დაალაგებს მენეჯმენტს.”

“მეორე ეტაპი ეხება არჩევნების შემდეგ განსახორციელებელ ძალიან მნიშვნელოვან და კომპლექსურ ცვლილებებს. ეს არის ბევრი საკითხი და ეხება როგორც აღმასრულებელ დონეზე, ისე საკანონმდებლო და ადგილობრივ დონეზე კომპლექსურად გადასაწყვეტ საკითხებს. ახლა არის კონსოლიდირებისა და ჩვენი შესაძლებლობების მობილიზების დრო. ამიტომ ყველა ვერთვებით, რომ მოვახერხოთ ყველა ჩვენი ამორმჩევლის დარწმუნება, რომ მოვიდეს არჩევნებზე და ხმა მისცეს ქვეყნის მომავალს“, – განაცხადა ბესელიამ.

მისი თქმით, არჩევნების მეორე ტურზე მთავარი არჩევანია, “გვინდა მშვიდობა ქვეყანაში, თუ ვბრუნდებით უკან, წარსულში“.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის როლს მეორე ტურის საარჩევნო კამპანიაში, ბესელია არ ადასტურებს, რომ კამპანიას ივანიშვილი უხელმძღვანელებს, თუმცა ამბობს, რომ მას აქტიური როლი ექნება.

“კამპანიას ხელმძღვანელობს შტაბი. პარტიის თავმჯდომარე არის ძალიან აქტიურად ჩართული ამ პროცესში. მას აქვს მუდმივი კონსულტაციები. დღესაც ისმენდა ჩვენს განწყობებს, ჩვენს ხედვასა და ანალიზს. ყველას მოგვისმინა და ერთად ვაანალიზებთ, რა არის საჭირო. ასე რომ, თავად ბიძინა ივანიშვილიც ძალიან აქტიურად იქნება ჩართული ამ საკოორდინაციო მუშაობის დროს. შტაბები იმუშავებს ყველგან. ჩვენ გავაძლიერებთ ყველა ჩვენს შესაძლებლობას“, – განაცხადა ბესელიამ.

დეპუტატის თქმით, პარალელურად იწყება ცალკეული საზოგადოებრივი ჯგუფების აქტიურობაც, თუმცა ეს მათი საკუთარი ინიციატივაა.

დეპუტატ მირიან წიკლაურის ინფორმაციითაც, ბიძინა ივანიშვილი ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა იქნება არჩევნებში. მისი თქმით, არჩევნების შედეგებზე პასუხისმგებლობას თავად ივანიშვილიც აიღებს.

“ფორმალურად რა თანამდებობას დაიკავებს, არ ვიცი. დღეს კრიტიკული და იმედიანი პოზიცია ჰქონდა. კრიტიკა იყო მთლიანად გუნდის მუშაობის მიმართ. მათ შორის, მან აღნიშნა ასეთი რამ: როგორც ხელმძღვანელი, მე ვიღებ ამ კრიტიკას საკუთარ თავზეცო“, – განაცხადა წიკლაურმა.

მისი თქმით, არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ ბევრი რამე ისე არ არის, როგორც უნდა იყოს.

“არის გარკვეული რეზერვი, რომლის გამოყენებაც შეიძლება, რომ პრობლემები მეტ-ნაკლებად გადავჭრათ ან შევარბილოთ და სწორედ ამ მიმართულებით წარიმართება სტრატეგია. გუნდს უნდა ემუშავა ერთობლივად, ყველაფერი გაეკეთებინა, რომ აღნიშნული პრობლემები მოეგვარებინა. შესაბამისი ჩართულობა არ იყო და ზოგიერთი შეიძლება ვერც აკეთებდა საქმეს, როგორც უნდა გაეკეთებინა“, – აღნიშნა წიკლაურმა.

თუმცა, დეპუტატის აზრით, ეს პრობლემა საპრეზიდენტო კანდიდატის მხრიდან არ გამომდინარეობდა, ვინაიდან სალომე ზურაბიშვილი ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატურაა და მის მიმართ შენიშვნები დღევანდელ შეხვედრაზე არ გამოთქმულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი