ახალი ამბები

ვოლსკი ფარული ჩანაწერების სკანდალზე: სახელმწიფოს დისკრედიტაციის მცდელობასთან გვაქვს საქმე

11 მაისი, 2014 • • 1928
ვოლსკი ფარული ჩანაწერების სკანდალზე: სახელმწიფოს დისკრედიტაციის მცდელობასთან გვაქვს საქმე

როგორც ვოლსკიმ ნეტგაზეთს განუცხადა, მას აქვს განცდა, რომ საქმე სახელმწიფოს დისკრედიტაციის მიზნით მოწყობილ აქციასთან გვაქვს. ვოლსკი ფარული მოსმენების გუშინდლ მასალებს, რომელიც გადაცემამ “განსხვავებული აქცენტები” გაასაჯაროვა, ტელეკომპანია რუსთავი 2–ის 6 მაისის განცხადებას უკავშირებს, რომლის მიხედვითაც არხის ტოპმენეჯმენტს უთვალთვალებდნენ:

 

“რა დონის სამსახურმა იმუშავა ისე, რომ რუსთავი 2–ის დაცულ ტერიტორიაზე შესულიყო, შეეტანა აპარატურა და დაემონტაჟებინა, დაცვის წევრების ნახევარი მოსყიდულიც რომ ჰყოლოდა… ასეთი რამ გამორცხულია. მე მგონია, რომ თავისივე დაგეგმილი ოპერაცია მოხდა. შემდეგ შექმნეს ანტურაჟი, წინაპირობა და გამოიტანეს ჩანაწერები, რომელიც მათ ხელთ არსებობდა”, – აცხადებს ვოლსკი.

 

ნეტგაზეთის კითხვას, როგორც აღმოჩნდა ტელეკომპანიისათვის ხელმისაწვდომი ფარული მასალები, რომელშიც თავდაცვის მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, დეპუტატები და ბიზნესმენები ფიგურირებენ, ვოლსკი პასუხობს, რომ იგი ამ ფაქტს წინა ხელისუფლებას უკავშირებს:

 

“უამრავი ტექნიკური საშუალება არსებობდა განსაკუთრებით იმ პერიოდში, როცა უშიშროების საბჭოც, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიც და პრეზიდენტის აპარატიც იმ ხელისუფლების კონტროლქვეშ იყო”.

 

აღსანიშნავია, რომ ოპერატიული–სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონის თანახმად, ზემოხსენებული უწყებებისაგან მხოლოდ ერთს, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს აქვს ფარულ საგამოძიებო მოქმედებების სფეროზე დაშვება, თუმცა 2013 წლის თებერვლის თვიდან სახელმწიფო დაცვის სამსახურს არა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კადრი თემურ ჯანაშია, არამედ ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილი უფროსი ანზორ ჩუბინიძე ხელმძღვანელობდა. “განსხვავებულ აქცენტებში” გასული ჩანაწერების მიხედვით კი, გიგი უგულავა და დავით უსუფაშვილი სავარაუდოდ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის პერიოდში ლაპარაკობენ, რომელიც ზაფხულში დაიწყო. როდესაც ვოლსკის სახელმწიფოს დაცვის სამსახურის უფროსის შესახებ აღნიშნული შევახსენეთ, მან განაცხადა:

 

“მაგის წარმოშობა რასაკვირველია დასადგენია, მაგრამ ფაქტია, რომ წინაპირობა შექმნეს, მათ ხელთ არსებობდა გარკვეული ჩანაწერები და გამოაქვეყნეს. საიდან არის ეს ჩანაწერები? იმ წყაროს რომ არ უთითებს გვარამია, დამაფიქრებელია.  ჩემი აზრით, ეს არის სახელმწიფოს დისკრედიტაციისკენ მიმართული აქცია. მე უბრალოდ ასე მგონია, მე  გამომძიებელი არ ვარ. რიგითი მოქალაქეს მებადება კითხვები”.

 

გია ვოლსკი/ფპტო:რეპორტიორის პრესკლუბი
გია ვოლსკი/ფპტო:რეპორტიორის პრესკლუბი

 

კითხვას, რატომ გამორიცხავს იგი, რომ ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები უსმენდნენ იგივე ალასანიას, უსუფაშვილს თუ სხვებს და შემდეგ ამ მასალებმა შსს–დან გაჟონა რუსთავი 2–ის ხელში, “ქართული ოცნების” ფრაქციის ლიდერი პასუხობს, რომ ეს ფანტასტიკის სფეროსთან უფრო ახლოა, ვიდრე რეალობასთან, ხოლო კითხვას, რატომ არის ფანტასტიკა, ასე უპასუხა:

 

“ამის შსს მიერ გაკეთება და, მით უმეტეს, გამოჟონვა, რაღაც ძალიან ფანტასტიკის სფეროსთან უფრო ახლოსაა. არ არსებობს ეგეთი სისტემა, რომელიც 100-პროცენტიანი დაცულია, მაგრამ მე ეჭვი შემეპარა ჯერ კიდე იქიდან გამომდინარე, რომ თურმე რუსთავი 2–ში გადამღები თუ ჩამწერი აპარატურის დამონტაჟება შეძლო გარეშე ორგანიზაციამ, ვინც არ უნდა ყოფილიყო ეს. არ არსებობს, რომ ერთ ადმიანს მაინც არ შეემჩნია ეს. ძალიან ნაკლებად დასაშვებია, თუმცა აუცილებელია და მოვითხოვ კიდევაც, რომ გამოძიება ჩატარდეს და ბოლომდე მივიდეს”.

 

ნეტგაზეთის შეკითხვას, როგორი იქნება მისი როგორც დეპუტატის რეაქცია, თუ აღმოჩნდება, რომ აღმასრუელბელი ხელისუფლება უკანონო ფარული მოსმენების პრაქტიკას აგრძელებს, ვოლსკი ასე პასუხობს:

 

“ალბათობის  და ჰიპოტეტურ დონეზე მე გამოვრიცხავ, რომ ასე აღმოჩნდეს და რატომ გავცე პასუხი ასეთ შეკითხვას?! ნებისმიერ ქვეყანაში თუ უკანონო აღმოჩნდება რამე, იმაზე სათანადო პასუხი უნდა გაიცეს”.

 

გუშინ, 10 მაისს ტელეკომპანია “რუსთავი 2″–ის ეთერში, გადაცემაში “განსხვავებული აქცენტები” ფარული ჩანაწერები გაასაჯაროეს. გადაცემაში განაცხადეს, რომ აუდიოჩანაწერები 2013 წელსაა გაკეთებული და მასში ბიზნესმენები და პოლიტიკოსები ფიგურირებენ. მათ შორის ტელეკომპანიის ეთერში გავიდა ნაწყვეტი პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილისა და უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის გიგა ბოკერიას საუბრიდან. ასევე, სატელეფონო ჩანაწერი, სადაც გიგა ბოკერია თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას ესაუბრება, საკითხი პრეზიდენტის ავღანეთში ვიზიტს ეხება. კიდევ ერთი ჩანაწერი დავით უსუფაშვილსა და თბილისის ყოფილ მერს, გიგი უგულავას შორის საუბარს ეხებოდა.

 

ამ ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი