ახალი ამბები

“რუსთავი 2” –ის ეთერით ფარული სატელეფონო ჩანაწერები გასაჯაროვდა

10 მაისი, 2014 • • 1336
“რუსთავი 2” –ის ეთერით ფარული სატელეფონო ჩანაწერები გასაჯაროვდა

გადაცემაში განაცხადეს, რომ აუდიოჩანაწერები 2013 წელსაა გაკეთებული და მასში ბიზნესმენები და პოლიტიკოსები ფიგურირებენ.

 

მათ შორის ტელეკომპანიის ეთერში გავიდა ნაწყვეტი პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილისა და უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის გიგა ბოკერიას საუბრიდან. ასევე, სატელეფონო ჩანაწერი, სადაც გიგა ბოკერია თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას ესაუბრება, საკითხი პრეზიდენტის ავღანეთში ვიზიტს ეხება. კიდევ ერთი ჩანაწერი დავით უსუფაშვილსა და თბილისის ყოფილ მერს, გიგი უგულავას შორის საუბარს ეხებოდა.

 

გარდა ამისა, ნაწყვეტები პარლამენტარ დავით საგანელიძისა და თბილისის დინამოს პრეზიდენტის რომან ფიფიას სატელეფონო საუბრებიდან. ასევე, რამდენიმე პარლამენტარისა და ბიზნესმენის სატელეფონო საუბრებიდან.

 

“ნეტგაზეთმა” ჯერჯერობით ვერ შეძლო დაკავშირება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან იმის გასარკვევად, დაიწყება თუ არა გამოძიება აღნიშნულის თაობაზე.

 

შეგახსენებთ, რომ გადაცემის დაწყებამდე ასევე ტელეკომპანია “რუსთავი 2″–ის ეთერში პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ უკანონო ჩანაწერების შენახვისა და გავრცელების უფლება არავის არ აქვს და კანონის წინაშე ყველა თანასწორია:

 

მე არ მახსენდება სისხლის სამართლის კოდექსში არც ერთი მუხლი, სადაც საუბარია იმაზე, რომ უკანონო ჩანაწერების შენახვის და მისი გავრცელების უფლება ჰქონდეს ჟურნალისტს და რომ მას აქვს ინდულგენცია და ხელშეუხებლობა”, – აღნიშნა ბესელიამ.

რუსთავი 2
რუსთავი 2

მასალების გადაბეჭდვის წესი