“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მიიჩნევს, რომ “ქართული ოცნების” მიერ კომპანია “ფსიქოპროექტისთვის” საარჩევნო ეგზიტპოლის დაკვეთა სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გაღებული უკანონო შემოწირულებაა.
“ვინაიდან მმართველ პარტიას საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატი არ ჰყავს, ჩვენი აზრით, მსგავსი კვლევების დაკვეთა, რითაც იზომება დამოუკიდებელი კანდიდატის – სალომე ზურაბიშვილის რეიტინგი, წარმოადგენს მის სასარგებლოდ განხორციელებულ შემოწირულებას. ქართული კანონმდებლობით აკრძალულია ერთი პარტიის/საარჩევნო სუბიექტის მიერ მეორისგან შემოწირულების მიღება და მსგავსი ქმედება ისჯება შემოწირულების ორმაგი ოდენობის ჯარიმით,” – ამბობს საერთაშორისო გამჭვირვალობა.
TI დასძენს, რომ “ფსიქოპროექტს” კვლევა უშუალოდ “ქართულმა ოცნებამ” დაუკვეთა, განსხვავებით ადრე არსებული პრაქტიკისა, როდესაც კვლევას ტელევიზია ან არჩევნებში მონაწილე სუბიექტი უკვეთავდა, რომელთა ლეგიტიმური ინტერესიც ეგზიტპოლის შედეგების მიმართ ნათლად გამოკვეთილია და კითხვებს არ აჩენს”.
ამასთანავე, “საერთაშორისო გამჭვირვალობა” არჩევნების უბნებს გარეთ კონცენტრირებულ კოორდინატორებზე ამახვილებს ყურადღებას. როგორც ორგანიზაცია განმარტავს, კოორდინატორებთან კომუნიკაციის დროს იკვეთებოდა, რომ ისინი “ქართული ოცნების: წარმომადგენლები იყვნენ.
“ვინაიდან სალომე ზურაბიშვილის მიერ დღემდე წარდგენილ ფინანსურ დეკლარაციებში არც შრომის ანაზღაურებისა და არც შესაბამისი მომსახურების გრაფებში დიდი ხარჯები არ არის დაფიქსირებული, ჩნდება ეჭვი, რომ კოორდინატორები “ქართული ოცნებისგან” იყვნენ დაფინანსებული, რაც ასევე სალომე ზურაბიშვილის მიერ მიღებულ უკანონო შემოწირულებას შეიძლება წარმოადგენდეს,” – ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.
ზემოხსენებულის გათვალისწინებით, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აუდიტის სამსახურს შესაბამისი რეაგირებისთვის მიმართავს. ამასთანავე, ორგანიზაცია მოუწოდებს “ქართულ ოცნებასა” და სალომე ზურაბიშვილს, თავი შეიკავონ ისეთი თანამშრომლობისგან, რომელიც შესაძლო კანონდარღვევას წარმოადგენს, ასევე, საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია ზემოთ აღნიშნული ორი ხარჯის შესახებ.
ეგზიტპოლით, რომელიც “ოცნების” დაკვეთით კომპანია “ფსიქოპროექტმა მოამზადა, არჩევნების პირველ ტურში სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად იმარჯვებდა. აღნიშნული მონაცემი რადიკალურად განსხვავდებოდა “ედისონ რისერჩის” ეგზიტპოლისგან, რომელიც “რუსთავი 2”-ის დაკვეთით მომზადდა. რაც შეეხება არჩევნების წინასწარ შედეგებს, “რუსთავი 2”-ის დაკვეთით მომზადებული ეგზიტპოლი ამ შედეგეთან ყველაზე ახლოს იყო და ჯდებოდა კვლევისას დაშვებული ცდომილების ზღვარში.
მთავარ ფოტოზე: სალომე ზურაბიშვილის შტაბში 28 ოქტომბრის საღამოს ზეიმობენ “ქართული ოცნების” ეგზიტპოლების შედეგებს. 28 ოქტომბერი, 2018. ფოტო: EPA-EFE/ZURAB KURTSIKIDZE