ახალი ამბები

მეორე ტურში უზრუნველვყოფთ მხარდამჭერების ერთსულოვნებას – ბახტაძე

29 ოქტომბერი, 2018 • 1682
მეორე ტურში უზრუნველვყოფთ მხარდამჭერების ერთსულოვნებას – ბახტაძე

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა, რასაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების დასკვნებიც ადასტურებს.

მამუკა ბახტაძემ მადლობა გადაუხადა ამომრჩევლებს, საარჩევნო ადმინისტრაციას, სამართალდამცველებს, ისევე როგორც ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს, და აღნიშნა, რომ ბევრ მათგანთან პირადად ჰქონდა კომუნიკაცია.

“მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს მომხრეებს, ჩვენს აქტივისტებს, რომლებმაც ძალიან ბევრი იშრომეს “ქართული ოცნების” მხარდაჭერილი კანდიდატის მხარდასაჭერად. თითოეულ მათგანს მინდა, მადლობა გადავუხადო გაწეული საქმიანობისთვის”, – განაცხადა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ხელისუფლების მიერ მიღებული და გააზრებულია საზოგადოების გზავნილი, რომელიც არჩევნების შედეგებიდან გამომდინარეობს.

“ქართული საზოგადოებისგან მივიღეთ მკაფიო გზავნილი ჩვენს შეცდომებზე და იმაზე, თუ რა კონკრეტული მოლოდინები აქვს ჩვენს საზოგადოებას იმ კონკრეტულ გამოწვევებთან დაკავშირებით, რაც მათ აწუხებთ. ამ არჩევნებმა დაგვანახა, რომ ქვეყანაში ბევრი რამ უმოკლეს დროში შესაცვლელია. საზოგადოების ეს გზავნილი მიღებული და გააზრებულია. მეორე ტურში უზრუნველვყოფთ ერთსულოვნებას, მათ შორის, ჩვენი იმ მხარდამჭერების, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზების გამო არ მიიღეს მონაწილეობა გუშინდელ არჩევნებში. მეორე ტურში ჩვენ ყველა ერთად აღვნიშნავთ იმ ღირებულებებისა და ფასეულობების გამარჯვებას, რისთვისაც ჩვენ ყველანი ერთად ვიბრძოდით”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი