ახალი ამბები

პროკურატურამ რუსთავი 2-ის განცხადებაზე გამოძიება დაიწყო

6 მაისი, 2014 • 1144
პროკურატურამ რუსთავი 2-ის განცხადებაზე გამოძიება დაიწყო

გამოძიება დაიწყო კერძო საუბრების, კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე. 

როგორც ჟურნალისტებს პროკურორმა კოკა კაციტაძემ განუცხადა, პროკურატურაში უკვე შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც ამ თემაზე იმუშავებს, შეისწავლის ყველა მასალას და დაკითხავს ყველა იმ პირს, ვისაც შეიძლება ამ თემაზე რაიმე ინფორმაცია ჰქონდეს.

პროკურატურა რუსთავი 2 -ის თანამშრომლებს მოუწოდებს, აქტიურად ითანამშრომლონ საგამოძიებო ორგანოებთან, რათა უმოკლეს დროში მოხდეს გავრცელებული ვიდეოჩანაწერების წარმომავლობის და ამ შესაძლო დანაშაულში ჩართული პირების გამოვლენა და დადგენა.


სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2” -მა 6 მაისს განაცხადა, რომ ტელეკომპანიის ტოპმენეჯმენტზე სამართალდამცავები 2013 წლის ზაფხულში ფარულ აუდიო-ვიზუალურ თვალთვალს ახორციელებდნენ. 


არხის გენერალურის დირექტორის ნიკა გვარამიას თქმით, რამდენიმე დღის წინ შსს-დან გამოჟონა ინფორმაციამ და მათ მიაწოდეს ვიდეომასალა, სადაც დაფიქსირებულია მისი და მისი მოადგილის – ნინო შუბლაძის აუდიოვიზუალური ჩანაწერი. მასალა მოიცავს 2 ფაილს – ერთი არის ერთსაათიანი ქრონომეტრაჟის და მეორე – 15-წუთიანი.

 

არასამთავრობო ორგანიზაციები უკვე რამდენიმე თვეა აწარმოებენ კამპანიას – “ეს შენ გეხება – ისევ გვისმენენ”, რომლის ფარგლებშიც მოითხოვენ, რომ პარლამენტმა მიიღოს კანონი, რომლითაც დარეგულირდება ფარული მიყურადების სამართლებრივი საკითხები. აღნიშნული ორგანიზაციების ცნობით, შსს აგრძელებს წინა ხელისუფლების დროს დამკვიდრებულ პრაქტიკას უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით, რადგან ამ უწყებას აქვს შესაძლებლობა განახორციელოს სატელეფონო მოსმენები ერთდროულად 20 ათასზე მეტ აბონენტზე და ამის კონტროლის მექანიზმი ქვეყანაში არ არსებობს.

 

წინა ხელისუფლების მიერ განხორციელებული უკანონო თვალთვალისა და მიყურადების შედეგად დაგროვილი მასალების ნაწილი ახალი ხელისუფლების პირობებში საჯაროდ განადგურდა. ახალმა მთავრობამ განაცხადა, რომ უარს იტყოდა ამ მანკიერ პრაქტიკაზე, თუმცა პარლამენტში უკვე თითქმის ერთი წელია წარდგენილია კანონი, რომლითაც ეს საკითხები დარეგულირდება, მაგრამ ხელისუფლება ამ კანონის მიღებას დღემდე აჭიანურებს.


მასალების გადაბეჭდვის წესი