1 მაისს სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიათა საბჭომ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და პრემიერ–მინისტრს სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელის შესარჩევად კონსულტაციების გამართვა შესთავაზეს, თუმცა, როგორც ირკვევა, 1 მაისისთვის ირაკლი ღარიბაშვილს გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა, რადგან მან სააგენტოს ხელმძღვანელი 30 აპრილს დანიშნა, თუმცა მისი შესაბამისი ბრძანება მთავრობის ვებგვერდზე მხოლოდ დღეს, 5 მაისს გამოქვეყნდა.
სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი ზაზა ვაშაყმაძე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილის, ვაჟა ლილუაშვილს ადვოკატი იყო. მის შესახებ ასევე ცნობილია ის, რომ 2012 წელს სხვა რამდენიმე ადვოკატთან ერთად ჯვრისწერის სამოქალაქო ქორწინებასთან სამართლებრივად გათანაბრების ინიციატივით გამოვიდა. მისი თქმით, სახელმწიფოს მიერ ჯვრისწერის მხოლოდ აღიარება არაფრის მომცემია, რადგან ჯვრისწერას სამართლებრივი ძალა არა აქვს. იმავე წელს მან თანამოაზრეებთან ერთად მოითხოვა, საქართველოს საჯარო სკოლებში სავალდებულო გახდეს რელიგიის – მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების სწავლება. ადვოკატები ამბობდნენ, რომ რელიგიის სასწავლო პროგრამა სინოდმა უნდა შეიმუშაოს და პედაგოგებიც მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში შეირჩნენ:
“აქ საუბარი მიდის მოსახლეობის 90%-ის ინტერესების გათვალისწინებაზე. თქვენ როგორ ფიქრობთ, მორწმუნე პიროვნება ზნეობრიობის თვალსაზრისით უფრო პატიოსანია, თუ მოათეისტო, არამორწმუნე და აქედან გამომდინარე, არაფრისმცოდნე?!” – აცხადებდა 2012 წელს ადვოკატი, საეკლესიო სამართლის მაგისტრი ზაზა ვაშაყმაძე.
დღეს, 5 მაისს ვაშაყმაძემ ნეტაზეთთან მის ძველ აქტივობებსა და სეკულარიზმთან დამოკიდებულებაზე საუბარი არ ისურვა და თქვა, რომ “არ აპირებს პოლემიკაში შემოსვლას”.
“დანარჩენზე ვისაუბროთ მოგვიანებით. არსებობს კანონმდებლობა და მის ფარგლებში ვიმოქმედებთ”, – აღნიშნა ვაშაყმაძემ.
საჯარო სამართლის იურიდიული პირი – რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს მთავრობის 19 თებერვლის დადგენილებით შეიქმნა, თუმცა მისი ხელმძღვანელის პოსტი ამ დრომდე ვაკანტური იყო. სააგენტომ რელიგიურ საკითხებში მთავრობის პოლიტიკა უნდა განახორციელოს. დებულების მიხედვით სააგენტო უშუალოდ პრემიერ-მინისტრს ექვემდებარება. სააგენტოს ხელმძღვანელსაც პრემიერი ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს.
სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს და არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ სახელმწიფო სააგენტოს მანდატი რამდენიმე მიმართულებით პრობლემურია:
“კერძოდ: – სააგანტო დაფუძნდა და მისი მანდატი განისაზღვრა იმგვარად, რომ მსგავსი ინსტიტუტის შექმნის თაობაზე წინასწარი კონსულტაციები მთავრობას სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოსთან და რელიგიის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან არ გაუვლია, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობდა სააგენტოს მიზნების და უფლებამოსილების უკეთესად გააზრებას;
რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში ცენტრალიზებული სახელმწიფო დაწესებულების შექმნა, რომელიც არ არის წარმომადგენლობითი ინსტიტუტი, რელიგიური გაერთიანებების ავტონომიაში სახელმწიფოს თვითნებური ჩარევის რისკებს წარმოშობს;
სააგენტოს შექმნის მიზნები, ისევე, როგორც მისი უფლებამოსილებები, სრულად არ ასახავს რელიგიის თავისუფლების, თანასწორუფლებიანობისა და სეკულარიზმის დაცვის მხრივ ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს;
აღნიშნულის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, მისი არსებობის მიზანშეწონილობა, ასევე, მისი საქმიანობის სტრატეგია, მიზნები და მანდატი დამატებით საჯარო განხილვასა და გადასინჯვას მოითხოვს. ამ მიმართებით მნიშვნელოვანია განხილვის პროცესში უზრუნველყოფილი იყოს ყველა რელიგიური ორგანიზაციისა და დაინტერესებული პირების მონაწილეობა. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ პრემიერ-მინისტრი მანამდე გადაწყვეტს სააგენტოს თავმჯდომარის დანიშნვას, მიგვაჩნია, რომ სააგენტოს ლეგიტიმურობისთვის არსებითია შესაბამისი კანდიდატურის შერჩევა რელიგიურ ორგანიზაციებთან და სხვა შესაბამის აქტორებთან აქტიური კონსულტაციისა და კონსენსუსის გზით, ღია პროცესების ფარგლებში წარიმართოს”, – ნათქვამია არასამთავრობოებისა და სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს ერთობლივ განცხადებაში, რომელიც 1 მაისს გავრცელდა.
ზაზა ვაშაყმაძე ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ მას უკვე შერჩეული ჰყავს მოადგილე, თუმცა მის ვინაობას არ ამხელს. გავრცელებული ინფორმაციით, მისი მოადგილე საპატრიარქოს რელიგიათშორისი საკოორდინაციო ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი, არმენოლოგი ლელა ჯეჯელავა იქნება, თუმცა ვაშაყმაძემ ეს ცნობა არც უარყო და არც დაადასტურა:
“მოგვიანებით გაიგებთ ყველაფერს”, – თქვა ვაშაყმაძემ.








