ახალი ამბები

ნინო სუთიძე: დავით კოდუას უნდოდა ნოშრევანის ბიზნესიდან წილი და ნარკოტიკი ჩაუდეს

3 მაისი, 2014 • • 5986
ნინო სუთიძე: დავით კოდუას უნდოდა ნოშრევანის ბიზნესიდან წილი და ნარკოტიკი ჩაუდეს

“ნეტგაზეთთან” საუბარში ნინო სუთიძე ამბობს, რომ 2008 წელს ირაკლი კოდუას დავალებით მათ სახლში შევიდნენ და ნოშრევან ნამორაძეს 15 გრ ჰეროინი ჩაუდეს.


“ჩემი ქმარი არის “ტიფლის დეველოპმენტის” დამფუძნებელი. დავით კოდუას უნდოდა ჩემი მეუღლის კუთვნილი წილი, რადგანაც არ უფორმებდა, ძმასთან ერთად დაგეგმა ჩემი მეუღლის დაჭერა, ამიტომ ჩაუდეს ნარკოტიკი და დააპატიმრეს. გადაახდევინეს 500 ათასი, დაათმობინეს ბიზნესის 50-პროცენტიანი წილი. ასევე ჩამომსვეს ჩემი კუთვნილი ავტომანქანა “რენჯროვერ სპორტიდან”. ამ ყველაფრის შემდეგ ჩემი მეუღლე გამოუშვეს. წლები გავიდა. საჩივარი შევიტანეთ, როცა მთავრობა შეიცვალა, მიმდინარეობს გამოძიება. დათო კოდუას ქუჩაში შეხვდა და სცემა. ეს მოსალოდნელიც იყო”.

 
ნინო სუთიძე ამბობს, რომ მისი მეუღლე პოლიციას თავისი ნებით ჩაბარდა და ინციდენტის დროს ნიღაბი არ ეკეთა.


შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ სოდ-ის ყოფილი უფროსის ერეკლე კოდუას ძმაზე, დავით კოდუაზე თავდასხმის ფაქტი გახსნილია.  

 

“შსს-ს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველ განყოფილებაში გამოცხადდა 1976 წელს დაბადებული ნოშრევან ნ, რომელმაც განაცხადა, რომ მან შურისძიების ნიადაგზე სცემა დავით კოდუა.დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.გამოძიება ცემის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 125-ე მუხლით” – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ერეკლე კოდუას მეუღლე ნანუკა ჟორჟოლიანი გამოთქვამს ეჭვს, რომ ნოშრევან ნამორაძე, რომელმაც დავით კოდუას ცემის ფაქტი აღიარა, ინციდენტის ადგილზე არ იმყოფებოდა.


მის შესახებ მან ტელეკომპანია “რუსთავი2″–ის გადაცემა “კურიერში” ისაუბრა.

 

“ის, რომ ნოშიკო ნამორაძე იქ იყო, ცოტათი საეჭვოა, რადგან ის არის დათო კოდუას ბავშვობის მეგობარი, არაერთხელ ყოფილა მასთან სახლში და გამორიცხულია, ძიძა მას იცნობდა. მან თქვა რომ ის იყო მარტო, მაგრამ უამრავი ადამინია, რომელიც იტყვის, რომ იქ იყვნენ ერთნაირი ჩაცმულობით ადამიანები, ელექტროშოკებით. მაშინ დღეს გამოდის, რომ ჩვენ ვაღიარებთ, რომ 90–იან წლებში ვართ და ადამიანები პოლიციასთან აგვარებენ საქმეს” – განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

 

ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებით, ასევე საეჭვოა შს–ს  განცხადება იმის შესახებ, რომ ინციდენტის ადგილზე კამერები არ არის დამონტაჟებული:

 

“არის კითხვები, რაზეც პასუხი არის საინტერესო. შსს –მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ არც ერთი კამერა იქ არ არის, სადაც შემთხვევა მოხდა. მე მაქვს რუკა, სადაც მარკერებით არის მონიშნული ის ობიექტები, სადაც არის კამერები და მომხდარს  გადაიღებდა ძალიან კარგად. იქ არის “ტაო პრივატ ბანკი”, “ჯიპისი”, მაღაზია “ტრენდი”, ქუჩაში დაყენებული კამერა, სათვალთვალო, “პსპ” და რესტორანი, რომელიც იქ მდებარეობს. რვა ვიდეოთვალი არსებობს და  ძალიან მარტივია და ძალიან მნიშვნელოვანია, საქმე რა მუხლით აღიძვრება. ესეც მნიშვნელოვანი დეტალი, წელს ზევით მიყენებული ზიანი, რომელიც არის ჯგუფური თავდასხმა. ჩნდება კითხვა, ხომ არ აღიძვრება საქმე მსუბუქი დაზიანების მუხლით”.


2014 წლის 3 მაისს, დაახლოებით 15:00 საათზე ბიზნესმენ დავით კოდუას თბილისში, აბაძიშის ქუჩაზე სამი ნიღბიანი დაესხა თავს. მასთან იმყოფებოდნენ 4 წლის შვილი და ძიძა. ის ჯერ ელექტროშოკით გათიშეს, შემდეგ კი სასტიკად სცემეს. დავით კოდუა სახის და თავის ქალის დაზიანებით რკინიგზის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემდეგ კი ინგოროყვას კლინიკაში მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. 

 

ოჯახის წევრებს ვერსია არ აქვთ, თუმცა აცხადებენ, რომ ეს იყო კარგად ორგანიზებული თავდასხმა.

 

დავით კოდუა სოდ-ის ყოფილი უფროსის, ერეკლე კოდუას ძმაა, რომელსაც საქართველოში სხვადასხვა ბრალდება აქვს წაყენებული სამართალდამცავების მიერ, მათ შორის დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის თაობაზე. ერეკლე კოდუა მიმალვაშია.



მასალების გადაბეჭდვის წესი