ახალი ამბები

ეკა გიგაურმა სამოქალაქო სექტორი უნდა დატოვოს – ბიძინა ივანიშვილი

26 ოქტომბერი, 2018 • 1535
ეკა გიგაურმა სამოქალაქო სექტორი უნდა დატოვოს – ბიძინა ივანიშვილი

პარტია ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა სამოქალაქო სექტორი უნდა დატოვოს.

“მე რამდენჯერმე მინიშნებებით მას ვაჩვენე, რომ კარგი იქნება, გავიდეს ამ სექტორიდან, რამეთუ ძალიან ცუდ სამსახურს უწევს სამოქალაქო საზოგადოებას ეკა გიგაურის იქ ყოფნა. მე ბევრჯერ მიპასუხია მისთვის, მაგრამ დღეს უფრო კარდინალური ვიქნები. მისი გამოსვლებით ის ცდილობს, ქვეყანა შიგნით და გარეთ დააზიანოს. ახლა საერთოდ მოუკრეფავში გადავიდა, თურმე ამერიკის ელჩს აღარ ნიშნავს ივანიშვილი… ეკა გიგაური ჟიჟილაშვილთან მივიდა, დაალაგეს [თემები], ჟიჟილაშვილმა წუხილი გამოთქვა და გიგაურმა თქვა, რომ თურმე წარმოუდეგენლი რამეები ხდება. ამაზე პასუხის გაცემის მცდელობაც არ მექნება. შედით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე და იქ ჩანს, რამდენი ელჩი დანიშნეს და სად არის ვაკანსია”, – განაცხადა ივანიშვილმა.

ივანიშვილის აზრით, აშშ-ის ელჩის დანიშვნის თემით ეკა გიგაური ცდილობს, მის მიმართ არსებული კითხვებიდან ყურადღება გადაიტანოს. ამ კონტექსტში ივანიშვილმა კიდევ ერთხელ ისაუბრა 2007 წლის 7 ნომბრის აქციების დაშლაზე და გიგაურის როლზე. ივანიშვილის მტკიცებით, ეკა გიგაურს, რომელიც მაშინ სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე იყო, აქციის დარბევიდან ერთი კვირის შემდეგ ხელი აქვს მოწერილი 190-მდე სპეცრაზმელისთვის პრემიების გამოწერაზე, თავად კი, 2007 წლის 21 ნოემბერს, ვადაზე ადრე, კაპიტნის წოდება მიიღო. ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ეკა გიგაური უკვე მესამე წელია ამ საქმესთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესზე არ ცხადდება.

“და თუ აღიარებს, რომ ეს ასე იყო, მან უნდა დატოვოს ეს სექტორი და საშაულება მისცეს, ასეთმა ადამიანებმა არ დაუკარგოს ხიბლი სამოქალაქო საზოგადოებას”, – დასძინა ბიძინა ივანიშვილმა.

ამერიკის ელჩის მოვალეობას 2018 წლის აპრილიდან ელიზაბეთ რუდი ასრულებს მას შემდეგ, რაც ელჩ იან კელის უფლებამოსილების ვადა ამოეწურა და პენსიაზე გავიდა.

24 ოქტომბერს ჟურნალისტმა ნინო ჟიჟილაშვილმა ტელეკომპანია “პირველის” ეთერში “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ხელმძღვანელს ჰკითხა, იცოდა თუ არა იმის შესახებ, თუ რატომ ჭიანურდება საქართველოში ახალი ელჩის დანიშვნა. როგორც ჟიჟილაშვილმა თქვა, მას თავისი წყაროებით აქვს ინფორმაცია, რომ ელჩის პოსტზე მოიაზრება ბრიჯიტ ბრინკსი, რასაც საქართველოს ხელისუფლება წინააღმდეგობას უწევს და ფაქტობრივად, ამ მიმართულებით უკვე რამდენიმე თვეა კრიზისია. ეკა გიგაურმა ჟიჟილაშვილს დაუდასტურა, რომ მსგავსი ინფორმაცია მასაც აქვს. მან “შემაშფოთებელი” უწოდა აღნიშნულს.

მასალების გადაბეჭდვის წესი